ირწმუნე, მოინდომე, გაიმარჯვე!
"უნდა ირწმუნო, გესმის? შენს თავში დარწმუნებული უნდა იყო. აუცილებელია გჯეროდეს, რომ მიზანს მიაღწიო. დამიჯერე, მსოფლიოში საუკეთესო გახდები. მთავარია არ დანებდე და ყველაფერი გამოგივა. თავადაც კარგად ხედავ რა დონეზე შეგიძლია თამაში და ამ პატარა პრობლემის გამო არ უნდა შეშინდე... იცი რას გეტყვი, მოდი წავიდეთ. წავიდეთ იქ, სადაც ვარსკვლავად იქცევი. ახლა ძალიან პატარა ხარ და გიყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი, თუ როგორ ლამაზად ათამაშებდი ბურთს და რომ გაიზრდები საერთოდ გადარევ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. როცა დაიწყებ პროფესიონალურ კარიერას, პატარა ბიჭები იტყვიან, ნეტა ამისავით შეგვეძლოს თამაშიო. არ ინერვიულო, მშობლები აუცილებლად დათანხმდებიან ამ წინადადებას..."
...წავიდნენ. ოჯახმა დატოვა როსარიო (არგენტინა) და გადაბარგდა კატალონიაში. თუმცა დედამ უცხო მიწაზე ვერ გაძლო, მალევე მოკიდა ლიონელის ძმებს ხელი და დაბრუნდა თავის სამშობლოში. მესი მამამისთან ერთად დარჩა იქ, სადაც იწამა და დაიჯერა, რომ საუკეთესო გახდებოდა. მასში უდიდესი ტალანტი იყო, თუმცა მარტო ტალანტი როდია საკმარისი წარმატების მისაღწევად. იგი ინდომებდა და ცდილობდა. მან გააკეთა ყველაფერი და გახდა მსოფლიოში საუკეთესო. წინასწარმეტყველება ახდა. ლეო წავიდა ბარსელონაში და სწორედ "მეტი ვიდრე კლუბად" წოდებულმა ესპანურმა გრანდმა უმკურნალა მას და დაამარცხებინა დაავადება. მესი, ფიზიკურად ზრდასთან ერთად ხალხის თვალშიც იზრდებოდა, როგორც ბრწყინვალე მოთამაშედ...
მან მსოფლიო შეძრა. ხალხი მას უცხოპლანეტელს უწოდებს. ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უკვე იმდენი ინდივიდუალური ტიტულის მოპოვება მოახერხა, რასაც ზოგი გუნდის 11 ფეხბურთელი ერთად ვერ იღებს მთელი კარიერის მანძილზე. "ფეხბურთის ღმერთად" წოდებულმა დიეგო არმანდო მარადონამ ლეოს თავისი მემკვიდრე უწოდა. მესი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო ამტკიცებს, რომ იგი მემკვიდრეზე მეტია...
...ახლა მისგან მხოლოდ ერთ რაღაცას ელიან და ეს რაღაც მსოფლიოს ჩემპიონობაა. იგი ბრწყინვალედ გამოდის არგენტინის ნაკრებში იმის მიუხედავად, რომ ამ ბოლო დროს ვერ ახერხებს ბევრი გოლის გატანას. ის ხშირად ამწვავებს თამაშს და არიგებს შესანიშნავ პასებს. 2014 წლის მუნდიალს ბრაზილია მასპინძლობს და არგენტინელი გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი საჩუქარი იქნება, თუ მათი ქვეყნის ღირსების დამცველი ფეხბურთელები მოახერხებენ ფინალში გასვლას და თასის აღმართვას. ამის იმედი ბევრ ადამიანს აქვს. ხალხი ელის მესისგან ამ ტიტულის თავს ზევით აწევას. იგი ხომ გუნდის კაპიტანია და ახლა მასზე ორმაგია დამოკიდებული ვიდრე აქამდე იყო.
ჩვენ, ფეხბურთის, კერძოდ კი "ბარსელონას" გულშემატკივრებს უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთ დროს ვცხოვრობთ. პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ იქმნება ისტორია. ისტორია, რომელსაც 169 სანტიმეტრი სიმაღლის ადამიანი ქმნის. უყურეთ... უყურეთ და ისიამოვნეთ ამით. ეს ხომ სასწაულმოქმედი ლიონელ მესია. მას ყველაფერი შეუძლია. მისნაირები ასწლეულში ერთი ან იბადება ან არა. მიხარია ღმერთმა დღეს რომ მომანიჭა არსებობის უფლება.
პატივი ეცით დედამიწაზე დასახლებულ უცხოპლანეტელს, რადგან ის თქვენზე ზრუნავს და განიჭებთ სიამოვნებას. ლიონელ მესი-მან ირწმუნა, მოინდომა და გაიმარჯვა!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]