გამართლებული ტრანსფერები და კიდევ ერთი გაკვეთილი "რეალს"
...ეს უკვე რაღაც ჩვეულებას ემსგავსება. "ბარსელონამ" კვლავ დაამარცხა "რეალი". გუშინ ყველანი ნამდვილი შოუს მომსწრენი გავხდით. ეს იყო ფეხბურთის ნამდვილი გაკვეთილი მადრიდელებისთვის კატალონიელთა მხრიდან. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესოები არიან.
ესპანეთის სუპერთასის მატჩების შემდეგ, ბევრს მიეცა იმის იმედი, რომ "რეალმა" იპოვა გზა, თუ როგორ ითამაშოს "ბარსას" წინააღმდეგ. როგორც მოგეხსენებათ, იმ შეხვედრებში მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს "თეთრებმა" და ბრძოლაში დამარცხდნენ. გუშინ ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი ნაწილი მათი მხრიდან გამარჯვების მეტს არაფერს ელოდა, თუმცა...
...თუმცა ის უდიდესი მიზეზები ავიწყდებოდათ, რაც ჰქონდა "ბარსელონას" მეტოქის დასამარცხებლად. პირველ რიგში, ერთ–ერთ მთავარი მიზეზი იყო ტიტო ვილანოვა. როგორც იცით, მას ყელის არეში კიბო აღმოუჩინეს და 22 ნოემბერს სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარდა. აბიდალისა არ იყოს, მანაც ძალიან სწრაფად მოახერხა დაბრუნება, რაშიც საკუთარი გუნდის სიყვარული დაეხმარა. იგი "ბერნაბეუზე" იმყოფებოდა და ეს შესანიშნავი გამარჯვებაც სწორედ მას ეძღვნებოდა. მეორე უმთავრესი 3 ქულის წინაპირობა იყო სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობა. ეს დაპირისპირება "ბლაუგრანას" რომ წაეგო, მაშინ ლიდერს უკვე 9 ქულით ჩამორჩებოდნენ და ამ ჰანდიკაპს კი, "რეალი" ასე იოლად არ გააფრიალებდა.
რა მოიტანა "ელ კლასიკოს" ისტორიაში გატანილმა უსწრაფესმა გოლმა? ქარიმ ბენზემამ უკვე მატჩის 23–ე წამზე გახსნა ანგარიში, მას შემდეგ, რაც ვიქტორ ვალდესმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და ბურთი მოწინააღმდეგეს გადააბარა. "რეალი" პირველივე წუთზე წინ გავიდა, მაგრამ მოიგეს კი რამე ამით? ასეთ სტარტს არავინ ელოდა, თავად ფეხბურთელებიც კი. ამ შემთხვევითობამ მადრიდელები უფრო დააბნია, ვიდრე წელში გაასწორა. ისინი თითქოს დაბნეულები დარნოდნენ მოედანზე და ვერ დაეჯერებინათ, რომ მსაჯის ჩასტვენიდან უკვე რამდენიმე წამის შემდეგ ანგარიში გახსნეს. "ბარსელონამ" კი, კვლავ ბრწყინვალე ხაისათი და ფსიქოლოგიური მზადყოფნა აჩვენა და თამაში თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.
რაც შეეხება მესის და რონალდუს შედარებას, უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ამ მატჩის შემდეგ მაინც არ დააკავშირებენ ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთს. ლეომ კიდევ ერთხელ დაამკიცა, რომ საჭირო მომენტში შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და გუნდის გადარჩენა. კრიშტიანუ კი–"ბარსელონასთან" კვლავ ერთ ჩვეულებრივ მოთამაშეს ჰგავს და მეტს არაფერს.
გვარდიოლამ კვლავ მოუგო მოურინიოს. როგორც ზევით ავღნიშნეთ, ჟოზეს შეგირდებმა ვერ მოახერხეს ანგარიშის შენარჩუნება და მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება, ეს კი მეტყველებს მათ მოუმზადებლობაზე. პეპმა ყველანაირად დაარიგა შეგირდები და განიხილა ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც შეიძლება მომხდარიყო ამ უდიდეს დაპირისპირებაში. მეორე ტაიმში, მან საოცარი გადაადგილებები შემოგვთავაზა. დანი ალვესი წინ აიწია და მარჯვენა ფლანგიდან არიგებდა მეტოქის საჯარიმოში გადაცემებს. ანდრეს ინიესტამ კი მოედნის ცენტრში შეიწია, რამაც საბოლოოდ ბოლო მოუღო "რეალის" პრესინგს.
"ბარსას" ხშირად აკრიტიკებდნენ გაკეთებული ტრანსფერების გამო. გუშინ დამტკიცდა, რომ ეს ასე არ არის. სესკ ფაბრეგასმა და ალექსის სანჩესმა სასწაულად ჩაატარეს შეხვედრა და გოლებიც გაიტანეს. ჩილეელმა ფეხბურთელმა თავის სადებიუტო "კლასიკოშივე" მოახერხა მთავარი დავალების შესრულება და კასილიასის კარის აღება. სესკმა კი, თავისი მე–10 გოლი გაიტანა ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსელონამ" ნამდვილი მასტერ–კლასი ჩაუტარა "რეალს" და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათი პირველობიდან ჩამოწერა ჯერ კიდევ ადრეა. გუშინ ფეხბურთის გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა და უმეტესობა მათგანი კმაყოფილიც დარჩა.
ვიცი, ამ შოუს მომსწრენი თქვენც გახდით. ახლა გაიღვიძეთ და გინდათ გაიაზროთ გუშინდელი ამბები სიზმარი იყო თუ რეალობა. ეს რეალობა იყო, რომელსაც უკვე შევეჩვიეთ კიდეც. ბარსელონაში მზეა, ხოლო მადრიდში კვლავ წვიმს...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]