დაუმარცხებელი ჰეგემონია, ანუ ამოუხსნელი ფეხბურთი
დღევანდელობაში, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ერთი კითხვა აქვს: მოახერხებს თუ არა მადრიდის "რეალი" ამ სეზონში კატალონიის "ბარსელონას" ჰეგემონიის დამარცხებას და ჩემპიონობას? ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს. ნათქვამია: რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრიაო. მინდა ჩემი მოსაზრება გაგაცნოთ და ასევე აგიხსნათ, თუ რატომ ვფიქრობ ასე და ისე. მინდა გაითვალისწინოთ, რომ სტატიის დაწერისას, მაქსიმალურად ვეცდები ვიყო ობიექტური და არ დავტოვო კვალი, რომელიც ყველას მიახვედრებს, რომ სტატია "ბარსელონას" ქომაგს ეკუთვნის.
ბოლო რამდენიმე წელიწადია, უკვე ყველა შეეჩვია "ბარსელონას" დომინირებას როგორც ესპანეთში, ისევე მსოფლიო არენაზე. კატალონიელები ტიტულს ტიტულზე იგებენ და ჯერ–ჯერობით მათი გამჩერებელი არავინ ჩანს. მხოლოდ "ინტერმა" მოახერხა "ბლაუგრანას" დამარცხება 2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, თუმცა ბევრმა ეს გამართლებად ჩათვალა და მილანელებს ულამაზო ფეხბურთში და თამაშის გაფუჭებაში დასდო ბრალი. მათი მწვრთნელი იმ დროისათვის ჟოზე მოურინიო იყო. დიახ, ადამიანი, რომელიც ახლა "რეალის" ფეხბურთელების დამრიგებელია. ბევრს სჯერა, რომ სწორედ იგი გახდება მთავარი გასაღები ამ სეზონში "ბარსას" დამარცხებისა. მადრიდელები რამდენიმეჯერ სამარცხვინოდ დამარცხდნენ ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებთან და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს...
ბევრი თვლის, რომ დედაქალაქური გუნდი უკვე "გაიზარდა" იმ დონეზე, რომ "ბარსელონა" დაამარცხოს. ამის ბევრი დასტურიც არსებობს: ბრწყინვალე შემსრულებლები, შესანიშნავი მწვრთნელი და ყველაზე მთავარი, თასების მოგების წყურვილი. მადრიდელთა რიგებს იცავენ ისეთი ჩინებული ფეხბურთელები, როგორებიც არიან: კაკა, კასილიასი, ალონსო, რონალდუ, იოზილი, ბენზემა, დი მარია და კიდევ ბევრი სხვა. მათ ჰყავთ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოს სახით. ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს "რეალის" ბიუჯეტი, რომელიც ასობით მილიონს შეადგენს. ამ ჩამონათვალის შემდეგ ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეკითხვა: რა აკლია სამეფო გუნდს "ბარსას" ჰეგემონიის დასაძლევად? რაღაც ნამდვილადაა კიდევ საჭირო ამისთვის და ამას ბოლო "ელ კლასიკოს" შედეგიც ადასტურებს, სადაც კატალონიელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 იმარჯვეს, თანაც აბსოლუტური დამსახურებით.
"რეალმა" ჯერ–ჯერობით კვლავ ვერ ამოხსნა "ბარსელონას" ფეხბურთი. მადრიდელები პრიმერა დივიზიონის სხვა გუნდებთან და ასევე ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდებთანაც ქვას ქვაზე არ ტოვებენ, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებენ მთავარი მტერის სრულად დაჯაბვნას. მათ სჭირთ დაავადება, რომელსაც "ბარსელონას" კომპლექსი" ჰქვია. "თეთრები" ბოლო წლებია მოწყურებულები არიან და სურთ ტიტულების მოპოვება, მაშინ, როცა "ლურჯ–ბროწეულისფერებმა" გვარდიოლას მოსვლის შემდეგ 13 თასი აღმართეს. წესით, მათ უკვე უნდა დაეკარგათ ყველანაირი ამბიცია და მოტივაცია, თუმცა ისინი კვლავ აგრძელებენ უმაღლეს დონეზე გამოსვლას და ამაში ერთ–ერთი მთავარი წვლილი გუნდის ახალწვეულებს, ალექსის სანჩესს და სესკ ფაბრეგასს მიუძღვით. ეს კატალონიელების ტაქტიკაა: 2008 წელს გუნდში მოვიდა მართლაც რომ თასს მოწყურებული ტიერი ანრი და მართლაც სულს და გულს ტოვებდა მოედანზე და ოცნებაც აისრულა: მოიგო რა ჩემპიონთა ლიგა. შემდეგ იყო 2010 წელში გაკეთებული კიდევ ერთი ტრანსფერი და კიდევ ერთი აჟიტირებული მოთამაშე დავიდ ვილა, რომელიც ასევე, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ჯიგრიანად თამაშობდა და მანაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ახლა კი, კლუბის ხელმძღვანელობამ ალექსისი და სესკი შეიძინა, რომლებიც საკუთარ გუნდებში უთასობას განიცდიდნენ და ახალ კლუბთან ერთად ელიან წარმატებებს...
"ბარსას" კიდევ ერთი წარმატების საიდუმლო კანტერაშია. "ლურჯ–ბროწეულისფერები" უდიდეს ყურადღებას უთმობენ საბავშვო სკოლებს და ზრდიან მომავალ თაობას. ახალაგზრდა ფეხბურთელები, რა თქმა უნდა ოცნებობენ პირველ გუნდში თამაშზე და ძალას და ენერგიას არ იშურებენ ამისთვის. შემდეგ კი, პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრების შემდეგ, საოცრად მოტივერებულები არიან და პლუს, ერთმანეთის თვალდახუჭული ესმით, რადგან ბავშვობიდან ერთად თამაშობენ. სწორედ ეს აკლია "რეალს". მადრიდელები არ აქცევენ იმდენ ყურადღებას კანტერანოებს, რამდენიც საჭიროა. ისინი აქცენტს სხვა გუნდიდან ვარსკვლავების შეძენაზე აკეთებენ და ეს ვარსკვლავებიც არ აკეთებენ იმდენს, რასაც მაგალითად "ბარსასთვის" საკუთარი აღზრდილები: მესი, ჩავი, ინიესტა, პუიოლი და ა.შ. ყოველთვის გულის ამაჩუყებელი და დასანანია იკერ კასილიასის სახე იმ "კლასიკოს" შემდეგ, სადაც მისი გუნდი მარცხდება. იგი ყველაზე მეტად განიცდის ამ წარუმატებლობას და ნერვიულობს ამ ყველაფერზე, მაშინ, როცა სხვები მხოლოდ საკუთარ თავებზე ზრუნავენ...
ზემოთ მოხსენებული "რეალის" ნაკლოვანებების მიუხედავად, მაინც სწორედ ეს არის გუნდი, რომელიც ამ დროისათვის "ბარსას" დამარცხების მთავარი კანდიდატია. მადრიდელები არიან ყველაზე ახლოს კატალონიელების ფეხბურთის ამოცნობასთან. სხვა ევროპული გრანდები ამ დონის მიღწევიდან ჯერ–ჯერობით ძალიან შორს არიან. ვნახოთ შეძლებს თუ არა მოურინიო "ბლანკოსისთვის" დახმარების გაწევას კვლავ გაბრწყინებაში და მოახერხებს თუ არა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეორე წრეში "კამპ ნოუზე" მატჩის სასურველი შედეგით დასრულებას. თუ ჟოზემ ამ სეზონის მეორე დაპირისპირებაშიც ვერ გაუწია წინააღმდეგობა პეპს, მაშინ დიდი შანსია "რეალში" მწვრთნელის ვაკანსია გაჩნდეს...
უდიდეს ყურადღებას უთმობენ საბავშვო სკოლებს და ზრდიან მომავალ თაობას. ახალაგზრდა ფეხბურთელები, რა თქმა უნდა ოცნებობენ პირველ გუნდში თამაშზე და ძალას და ენერგიას არ იშურებენ ამისთვის. შემდეგ კი, პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრების შემდეგ, საოცრად მოტივერებულები არიან და პლუს, ერთმანეთის თვალდახუჭული ესმით, რადგან ბავშვობიდან ერთად თამაშობენ. სწორედ ეს აკლია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]