"გიგანტური ჯახი" - "თეთრები" vs "ლურჯ-ბროწეულისფერები"

"გიგანტური ჯახი" - "თეთრები" vs "ლურჯ-ბროწეულისფერები"

მოგესალმებით ყველას! როგორც იცით, ზუსტად 1 დღეში გაიმართება მსოფლიო ყველაზე ყურებადი და დაძაბული მატჩი მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს და როგორც ყოველთვის, შედგება უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებისთვის.

 

მსურს შემოგთავაზოთ ერთგვარად გამამხნევებელი სტატია (კულეებს ავტ.). საუბარია შეხვედრაზე, რომლის დროსაც უბრალოდ წარმოუდგენელია სხვა რამეზე ფიქრი. ასეთი მიმზიდველი და მომაჯადოვებელი თამაში დღეს ნამდვილად არცერთი არ არის. სტატისტიკით კატალონიელები ყველა ასპექტში ჯაბნიან მადრიდელებს, თუმცა ეს მხოლოდ ციფრებია, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა და გავლენა არ აქვს ამ შეხვედრაზე, მაგრამ მაინც მართებული იქნება თუ გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს. გვარდიოლას ეპოქაში "ბარსელონა" "რეალს" 12-ჯერ შეხვდა და აქედან 8 შემთხვევაში თავაწეული გავიდა მოედნიდან, ხოლო მადრიდელებმა ერთადერთხელ მოახერხეს გამარჯვება, 3-ჯერ კი ფრედ დასრულდა მატჩი. ბურთების შეფარდება კი კატალონიელთა სასარგებლოდაა 28:10.

 

"ბარსელონა" არის გუნდი, რომელიც არცერთ მეტოქეს არ ინდობს სადაც არ უნდა იყოს. ამის უამრავი მაგალითია ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგალითად: "არსენალი", "მილანი", "რეალი" და ა.შ. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა "პეპ-თიმზე". მათ აქვთ საკუთარი ფილოსოფია, რომელსაც არასდროს ღალატობენ და სწორედ ამიტომ აღწევენ წარმატებას. უამრავი ქომაგი ჰყავს კატალონიურ გრანდს და "ელ კლასიკოს" დროს მათ ძარღვებში ლურჯ-ბროწეულისფერი სისხლი ჩქებს. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ერთგულნი, მუდამ მზად საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად ჭირსა თუ ლხინში. ამის მაგალითად მოვიყვან იმ ფაქტს, როდესაც ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა "სევილიას" წინააღმდეგ, საბოლოოდ კი 2 ქულა დაკარგა გუნდმა. ამის მიუხედავად, მთელი "კამპ ნოუ" არგენტინელის გვარს სკანდირებდა. ეს მართლაც უდიდესი რამაა. ამის საპირისპიროდ კი მაგალითად მოვიყვან მადრიდის "რეალის" ქომაგთ, რომლებიც ლა ლიგის შეხვედრაში უსტვენდნენ რონალდოს. არავის ვკიცხავ, მაგრამ ეს სამარცხვინო ფაქტია. ალბათ, პორტუგალიელის ბრალიც დიდია ამაში, თუმცა საკუთარ მოედანზე რომ გისტვენს ქომაგი, მართლაც დამამცირებელია. აი რატომ არის "კამპ ნოუ" ყველასათვის მომაკვდინებელი ადგილი, სწორედ ეს ერთიანობაა წარმატების საწინდარი.

 

"ბლაუგრანას" ქომაგებო, ჩვენი ბიჭები ყველაფრისთვის მზად არიან. არცერთი წამით არ მეპარება მათში ეჭვი, რადგან ვიცი, რომ მაქსიმუმს გაიღებენ თამაშის მოსაგებად. ასევე უდიდესი გუნდია მადრიდის "რეალი", უძველესი ტრადიციების მქონე, მაგრამ ეს არ აშინებთ "ბლაუგრანელთ", პირიქით, მათთვის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს და სრულად ანადგურებს, შლის მეტოქეს. ამის ნათელი მაგალითია ბოლო "კლასიკო". მადრიდელებმა პირველ 15 წუთში პასები არ გააკეთებინეს კატალონიელებს და მეტიც, გოლი გაუტანეს, თუმცა რა მოხდა ამის შემდეგ? "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ბურთი დაუმალეს მოსისხლე მტრებს და 3-ჯერ აიღეს მათი კარი. უდიდესი შემართებაა საჭირო ამ "გიგანტური ჯახის" დროს და სწორედ პეპ გვარდიოლაა ის ადამიანი, რომელიც მოტივაციასა და ბრძოლისუნარიანობას მატებს ფეხბურთელებს. იგი უბრალოდ გენიალურია. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და იმედი გვქონდეს იმისა, რომ ჩვენი ბიჭები ქვას ქვაზე არ დატოვებენ მადრიდში ისე, როგორც ამას ბოლო დროს აკეთებდნენ ხოლმე. "ბარსელონა" არავის არაფერს დაუთმობს, მით უმეტეს, მადრიდის "რეალს" !!!!!!

 

Visca El Barca, Visca Catalynia !

 

ახლა კი მსურს შემოგთავაზოთ ერთი მუსიკა, რომელსაც ყოველი "კლასიკოს" წინ ვუსმენ ხოლმე და მიძლიერებს გამარჯვების წყურვილსა და "ბარსელონას" სიყვარულს. გამხნევდით კატალონიელებო !!!

 

 [media=http://www.youtube.com/watch?v=1kzj6wdJuyQ]

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.