ტიტოს პირველი ვარჯიში
დღეს დილით, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ახალი სეზონის წინ პირველი ვარჯიში გამართეს. ეს ვარჯიში პირველი იყო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვასთვისაც. მოლოდინისამებრ, პირველივე დღეს ივარჯიშეს დავიდ ვილიამ და ანდრეუ ფონტასმა. შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო, ეს ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვარჯიშობდნენ.
ვილია, ფონტასი და ალვესი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ
უდავოა, რომ ვილიასა და ფონტასის დაბრუნება გუნდისთვის კარგი ამბავია. როგორც იცით, დეკემბერსა და იანვარში გადატანილი ოპერაციების გამო, ამ ფეხბურთელებს უქმობა დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ.
გუნდთან ერთად პირველივე დღეს ივარჯიშა დანი ალვესმა, რომელმაც ესპანეთის თასის ფინალის წინ, ლავიწის ძვალი მოიტეხა.
კვლავ ტრავმირებულები არიან ისააკ კუენკა და ტიაგო ალკანტარა. პირველი მათგანი ფიზმომზადების დარბაზში ვარჯიშობდა, ხოლო მეორე მკურნალობის კურსს განაგრძობს.
"ბარსა ბ"-ს 8 ფეხბურთელი
პირველ გუნდთან ერთად, ახალი სეზონისთვის მზადებას "ბარსა ბ"-ს 8 ფეხბურთელიც შეუერთდა. ესენი არიან: ოიერი, სერხი გომესი, პლანასი, სერხი რობერტო, ილიე, რაფინია, კიკო ფემენია და ლობატო.
მორიგი ვარჯიში დღეს, ადგილობრივი დროით 19 საათზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]