"ბარსელონას" მეტოქეები - "დინამო"

"ბარსელონას" მეტოქეები - "დინამო"

წინასასეზონო მზადების ბოლო ამხანაგურ მატჩს "ბარსელონა"  ბუქარესტის "დინამოსთან" გამართავს. შეხვედრა რუმინეთში, თბილისის დროით 21 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.

ბუქარესტის "დინამო" რუმინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია. დედაქალაქელებს ქვეყნის ჩემპიონატი 18-ჯერ, ხოლო თასი 13-ჯერ აქვთ მოგებული, რაც "სტიაუას" შემდეგ საუკეთესო შედეგია. გასულ სეზონში, "დინამომ" ქვეყნის თასი მოიგო და მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ბუქარესტელებს სუპერთასზე თამაში მოუწევთ.

ბოლო წლებში, "ბუქარესტი" რუმინეთის ჩემპიონატში ვეღარ ბრწყინავს. ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება ბუქარესტელებმა უკანასკნელად 2004-05 წლების სეზონში მოიპოვეს, ხოლო გასულ სეზონში, მათ მე-5 ადგილი დაიკავეს.

 

გამორჩეული ფეხბურთელები

ბუქარესტის "დინამოში" რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია. ერთ-ერთი მათგანია დუდუ ჯორჯესკუ, რომელმაც 1975 და 1977 წლებში, ევროპის ოქროს ბუცი მოიგო. 1976-77 წლების სეზონში, მან რუმინეთის ჩემპიონატში 47 გოლის გატანა მოახერხა. ეს მაჩვენებელი სარეკორდო იყო მანამ, სანამ გასულ სეზონში, მესი ლა ლიგაში 50 გოლს არ გაიტანდა. "დინამოს" ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი "ბარსელონასთვის" კარგად ნაცნობი პიროვნება, ამჟამად დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუა.

 

"უემბლის" ფინალის მონაწილე მწვრთნელი

რუმინელთა ამჟამინდელი დამრიგებლის, დარიო ბონეტისა და "ბარსელონას" გზები აქამდეც გადაკვეთლა. 1992 წელს, "უემბლიზე" გამართული ფინალის დროს, კატალონიელთა მეტოქე "სამპდორიას" სათადარიგოთა სკამზე ბონეტი იჯდა. იმ მატჩში მონაწილეობა მიიღო მისმა ძმამ, ივანო ბონეტიმ, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.

 

გაუქმებული 11 ნომერი

2000 წლის შემდეგ, ბუქარესტის "დინამოს" შემადგენლობაში, 11-ნომრიანი მაისურით არავის უთამაშია. 12 წლის წინ, 5 ოქტომბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა რუმინელთა ნახევარმცველი კატალინ ჰილდანი. იგი სწორედ 11 ნომრით თამაშობდა და ფეხბურთელის საპატივცემულოდ, გუნდმა ეს ნომერი გააუქმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.