”ბენფიკა” - ”ბარსელონა”. ფეხბუთელები მატჩის შემდეგ
ლეო მესი: ”სამწუხაროა, რომ კარლეს პუიოლმა ტრავმა მიიღო, ეს ახალი დაბრუნებული იყო... არ ვიცი, რამდენ ხანს ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება შეხვედრას, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა პაბლო აიმარის ხილვა. დიახ, მე ვერ გავიტანე და რა მოხდა? მე არ ვწუხვარ გოლების გამო, ეს მთავარი მიზანი არაა. მიზანი ისაა, რომ მატჩი მოვიგოთ. წინ კლასიკო გველოდება. ხვალ ”რეალთან” მატჩისთვის მზადებას ვიწყებთ. ამ შეხვედრაში სუპერთასის წაგებისთვის შურისძიებას არ ვაპირებთ. ჩვენ სხვა მოტივაცია გვაქვს - ლა ლიგაში გამარჯვებების სერიის გაგრძელება გვსურს”.
სესკ ფაბრეგასი: ”ჩვენ ყოველი მატჩის შემდეგ უკეთ ვთამაშობთ. პირველ ტაიმში მეტოქე კარგად თამაშობდა, თუმცა მეორე ნახევარი სრულად გავაკონტროლეთ. კარლესის ტრავმა უიღბლობაა. ჩვენ დამწუხრებულები ვართ, ის გუნდის ფუნდამენტური მოთამაშეა, თუმცა ის ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვინც კი მინახავს. ვიცი, რომ ის ძალიან ძლიერი დაბრუნდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ გოლები მოვიდოდა, ბოლო 2 მატჩში უკვე ორი გოლი მარცხენა ფეხით გავიტანე”.
ალექსის სანჩესი: ”მე დავიბრუნე რწმენა და ასეთი თამაში უნდა გავაგრძელო. ჩვენ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ასე თამაში მსურს. ჩვენ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც აქ ადრე დამარცხებული არ გვყავდა. მოხარუო ვარ, რომ გოლი გავიტანე”.
ჟორდი ალბა: ”პუიოლი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ეს დასანანია, რადგან მან ახლახანს მოირჩინა ტრავმა. ვიმედოვნებ, რომ მალე დაბრუნდება. ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. გავიტანეთ ორი გოლი, თუმცა მეტის გატანაც შეგვეძლო. დავამარცხეთ დიდებული გუნდი დიდებულ მოედანზე. თავს ყოველ დღე უკეთ ვგრძნობ, დარწმუნებული ვარ, რომ მოვუმატებ. მოხარული ვარ, რომ სათამაშო დროს ვიღებ. კლასიკო მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენთვის, ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს. მე მწვრთნელის განკარგულებაში ვიმყოფები”.
ხავიერ მასკერანო: ”ჩვენ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მათ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. გოლი პირველ ტაიმში გავიტანეთ და ამან დაგვამშვიდა. მეტი უნდა გაგვეტანა, თუმცა მეორე ტაიმში ერთი ბურთის გატანა მაინც შევძელით. პუიოლის ტრავმა ძალიან ცუდი სიახლეა, ის კაპიტანია, ფანტასტიკური მოთამაშეა და ძალიან ბევრს მმატებს გუნდს. ახლა მან ახალი დაზიანება მიიღო, თუმცა სწრაფად დაბრუნების იმედი გვაქვს. კლასიკოს გუნდი ფორმაში ხვდება”.
ვიქტორ ვალდესი: ”დიდებული გამარჯვება დიდებული გუნდის წინააღმდეგ. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ! ყველაზე ცუდი სიახლე პუიოლის ტრავმაა, გამხნევდი კარლეს!”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]