ვინ ვინ არის სამწვრთნელო შტაბში

ვინ ვინ არის სამწვრთნელო შტაბში

ესპანეთის თასზე, "მალაგას" წინააღნდეგ გასამართი მნიშვნელოვანი დაპირისიპირება ერთ-ერთია იმ მატჩთაგან, რომელსაც "ბარსელონა" მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას გარეშე ჩაატარებს. ასეთ დროს, განსაკუთრებით იზრდება სამწვრთნელო შტაბის თითოეული წევრის მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით, ესპანური Marca გვთავაზობს, უფრო ახლოს გავიცნოთ ის ხალხი, ვინც ვილანოვას არყოფნაში, "ბარსას" წარმატებებზე ზრუნავს.

სამწვრთნელო შტაბის წევრთა უმრავლესობა გუნდში პეპ გუარდიოლას დროს მუშაობდა. ვილანოვამ მხოლოდ მცირე ცვლილებები განახორციელა. მაგალითად, თავის დამხმარედ ხორდი როურა მოიწვია. სამწვრთნელო შტაბის დანარჩენი წევრები, "ლა მასიაში" წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ისინი კლუბის სტრუქტურას შესანიშნავად იცნობენ. მთავარი მწვრთნელის არყოფნაში, პასუხისმგებლობა სწორედ მათზე ნაწილდება.

ხორდი როურა (მთავარი მწვრთნელის დამხმარე)

მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერას ხელი მძიმე ტრავმამ შეუშალა. იოჰან კრუიფის მწვრთნელობის დროს, ხორდი როურამ, "ბარსელონას" პირველ გუნდში 10 თამაში ჩაატარა. 1989 წელს, ევროპის სუპერთასზე, "მილანთან" გამართული შეხვედრის დროს, მარკო ვან ბასტენმა როურას მძიმე ტრავმა მიაყენა, რის გამოც, ეს უკანასკნელი ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. სწორედ როურა იყო ის ნახევარმცველი, რომელიც იოჰან კრუიფმა კანტერადან პირველი გამოიძახა. სრულად გამოჯანმრთელების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა - "მურსიასა" და "ფიგერესში" მცირეხნიანი თამაშის შემდეგ, 1993 წელს, 26 წლის ასაკში, როურამ ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა.

როურამ, სამწვრთნელო კარიერა იაპონურ "იოკოჰამა ფლიუგელსში" დაიწყო. იქ, ის კარლოს რექსაჩის თანაშემწე იყო. მოგვიანებით, როურამ ბედი მთავარ მწვრთნელადაც სცადა, მაგრამ "ოსპიტალიტეტთან" ერთად, მან კარგი შედეგი ვერ აჩვენა.

შემდეგ იყო "ბარსელონაში" დაბრუნება. იმ დროს, როდესაც ლუის ენრიკე "ბარსა ბ"-ს წვრთნიდა, ხორდი მისი თანაშემწე იყო. როდესაც ენრიკემ "რომას" მიაშურა, როურამ პეპ გუარდიოლას გუნდში გადაინაცვლა, სადაც, ტორენტთან და პლანჩარტთან ერთად, ის კონსულტანტ-ანალიტიკოსი იყო.

აურელი ალტიმირა (ფიზმომზადების მწვრთნელი)

კარიერა ტიტო ვილანოვასთან ერთად, "ფიგერესში" დაიწყო და 1992 წელს, გუნდს პრიმერაში გადასვლაში დაეხმარა. 1990-იან წლებამდე, ის "ბარსა ატლეტიკის" (ამჟამინდელი "ბარსა ბ") ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში, რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში, მან პირველი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა. ალტიმირამ, რამდენიმე კატალონიურ კლუბში არცთუ წარმატებით ითამაშა და 2002 წელს, ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. სათანადო განათლების მიღების შემდეგ, 2003 წელს, მან "ბარსელონას" სტრუქტურაში მუშაობა დაიწყო.

ედუ პონსი (ფიზმომზადების მწვრთნელი)

ერთ-ერთია, ვინც "ბარსას" სამრწვრთნელო შტაბში მუშაობა პეპ გუარდიოლას წასვლის შემდეგ დაიწყო. მან უარი თქვა ყოფილ თანაგუნდელთან, ოსკარ გარსიასთან ერთად თელ-ავივის "მაკაბიში" მუშაობაზე. "ბარსელონამდე", პონსი "ალმერიასა" და "ჟიმნასტიკში" მუშაობდა.

ფრანცესკ კოსი (ფიზმომზადების მწვრთნელი)

თავის დროზე, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა პეპ გუარდიოლასთან. 2004 წელს, მან თავისი პროფესიული საქმიანობა დაიწყო. კოსის მოვალეობა ტრავმირებული ფეხბურეთელების გამოჯანმრთელებაზე ზრუნვაა. "ბარსელონაში" მისვლამდე, ის მწვრთნელად მუშაობდა კატალონიის სახანძრო სკოლის გუნდში და სწავლობდა ბარსელონას უნივერსიტეტში. კლუბში მუშაობის პარალელურად, კოსი განაგრძობს განათლების მიღებას. მისი პუბლიკაციები ხშირად იბეჭდება პრესაში. გარდა ამისა, კოს ხშირად იწვევენ რადიოში.

პაკო სეირულ-ლო (ფიზმომზადების მწვრთნელი)

ყველაზე გამოცდილი თანამშრომელი. კლუბში მუშაობს 1978 წლიდან. პროფესიონალურ დონეზე, მან პირველი ნაბიჯები ხელბურთის განყოფილებაში გადადგა, სადაც 1984-93 წლებში მუშაობდა. ამის შემდეგ, იოჰან კრუიფის რეკომენდაციით, იგი "ბარსელონას" საფეხბურთო გუნდში გადავიდა. ამჟამად, ასევე ხელმძღვანელობს ტექნიკურ კომისიას, რომელიც კლუბის ყველა სექციას კურირებს. ამჟამად მიმდინარე ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, იგი ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვალერო რივერთან თანამშრომლობს. გავრცელებული ინფორმაციით, სეირულ-ლო, შესაძლოა, გუარდიოლას "ბაიერნში" გაჰყვეს.

ხოსე რამონ დე ლა ფუენტე (მეკარეების მწვრთნელი)

"ბარსელონასთვის", მეკარის პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. აქამდე, ამ პოზიციაზე უნსუე და ბუსკეტსი მუშაობდნენ. ამ უკანასკნელმა, სამსახური სკანდალურად, ერთ-ერთ ფეხბურთელთან არსებული კონფლიქტის გამო დატოვა. შედეგად, ზაფხულში, ვილანოვა იძულებული გახდა მისი შემცვლელი ეძებნა. დე ლა ფუენტე მეკარეების მწვრთნელად "ერკულესში" მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ხუან კარლოს მანდიესთან მოლაპარაკებები ვილანოვამ თავად აწარმოა. ასევე ამბობენ, რომ თავის დროზე, მისი კანდიდატურა ვიქტორ ვალდესთან შეთანხმდა. დიდი გამოცდილების მქონე დე ლა ფუენტე თავისი სკრუპულოზურობითაა ცნობილი. ის დეტალურად ინიშნავს ყველა იმ გოლს, რომელსაც მეკარე არა მხოლოდ თამაშის, არამედ ვარჯიშის დროს გაუშვებს, რის შემდეგაც, ასევე დეტალურად განიხილავს გაწეული სამუშაოს ხარისხს.

პეპე კოსტა (მეკავშირე)

პეპე კოსტას საპასუხისმგებლო მოვალეობა აქვს. ის პირველი გუნდის ფეხბურთელებს თან დაჰყვება, რის შედეგადაც, პერიოდულად, მსგავს კონფლიქტებს აქვს ხოლმე ადგილი. გუნდიდან მანელ ესტიარტეს წასვლის შემდეგ, სწორედ კოსტას დაევალა გუდსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მეკავშირეობა. ახალგაზრდობაში, დაცვაში თამაშობდა, თუმცა მისი საფეხბურთო კარიერა კანტერას ვერ გასცდა. მოგვიანებით, სანდრო როსელთან ერთად, ბრაზილიაში, "ნაიკის" ფილიალში მუშაობდა.

დომენეჩ ტორენტი (ტექნიკური ანალიტიკოსი)

თავი პირველად მაშინ გამოიჩინა, როდესაც გუარდიოლასთან ერთად "ბარსა ბ"-ში მუშაობდა. ის, გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს მეთოდოლოგად ითვლება. პლანჩარტთან ერთად, მოწინააღმდეგის შესახებ აგროვებს ინფორმაციას და ნიჭიერ ფეხბურთელებს როგორც ესპანეთში, ასევე მთელს ევროპაში ეძებს.

კარლეს პლანჩარტი (ტექნიკური ანალიტიკოსი)

2002 წლიდან, აქტიურად და პროდუქტიულად მუშაობს ტორენტთან ერთად. გუარდიოლას ეპოქიდან მოყოლებული, გუნდში ინფორმაციის მომგროვებელ უპირველეს პირად ითვლება. ყოველთვის აქვს თავისი ხედვა როგორც მოწინააღმდეგია, ასევე "ბარსელონას" თამაშის შესახებ. აქვს უნარი, ნებისმიერ საკითხზე გასცეს საჭირო რჩევა.

ალექს გარსია (ტექნიკური ანალიტიკოსი)

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი. თავის დროზე, მუშაობდა ფაბრეგასთან,  პიკესთან და მესისთან ერთად. "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ჰქონდა წარმატებებიც. 2009 წელს, ჩაიბარა თბილისის "დინამო". სამწვრთნელო გამოცდილება არცთუ წარმატებული გამოდგა და ვილანოვას თხოვნით, გარსია "ბარსელონაში" უკვე როგორც ანალიტიკოსი დაბრუნდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.