ცენტრალური მცველის ძიებაში
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კვლავ აგრძელებს ცენტრალური მცველის ძიებას და მათ სიაში ამჟამად საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი მოიაზრება, რომლითაც შესაძლოა გაძლიერდეს "ბარსელონა". მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონასთვის" გასულ სეზონში ცენტრალური დაცვის ხაზი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგანაც კლუბს აკლდა ალბათ დაცვის ლიდერი კარლეს პუიოლი, ასევე ტრავმირებული იყო ხავიერ მასკერანოც, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ პოზიციაზე ასპარეზობს.
ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ ცენტრალური მცველის სასწრაფოდ ძიება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთნ" გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს. ამ ფაქტმა დაარწმუნა ხელმძღვანელები იმაში, რომ გუნდი საჭიროებს დაცვის გაძლიერებას. ტიტო ვილანოვას ამ პოზიციაზე ამჟამად ახალგაზრდა მცველი, მარკ ბარტრაც ჰყავს თუმცა ვილანოვას თქმით სამომავლოდ ბარტრა მის გეგმებში არ შედის და მას საკმაოდ მაღალი დონის მცველი სჭირდება გუნდში. ამ ყველაფრის მიუხედავად გუნდი მაინც აპირებს ესპანელი მცველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას.
ტიტო ვილანოვა ყველაზე მეტად უპირატესობას ბრაზილიელ მცველს, ტიაგო სილვას ანიჭებს, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ფეხბურთელი "ბარსელონასთვის" მიუწვდომელია. პრიორიტეტული კატალონიელთათვის მაინც სილვა იყო, რომელიც არის უდავოდ გამოცდილი და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო, ასევე ასაკითაც ნორმალური, თუმცა ძალიან ძვირი. ასევე მორიგი ვარიანტი, რომელსაც განიხილავდა "ბარსელონა" იყო ბელგიელი მცველი, ვენსან კომპანი რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს "მანჩესტერ სიტის" დატოვებას. იგივე სიტუაცია არის ჰუმელსთან დაკავშირებით, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს "დორტმუნდის" დატოვებას, თუმცა ეს ყველაფერი მეტად საეჭვოა, რადგანაც ჩვენ უკვე ვნახეთ ერთი ტრანსფერი "დორტმუნდის" ბორუსიადან "ბაიერნში" მარიო გიოტცეს სახით და იგივე რამ შესაძლოა მოხდეს რობერტ ლევანდოვსკისთან დაკავშირებით.
"ბარსელონას" სიაში მორიგი ფეხბურთელი, ბრაზილიელი მარკინიოსია, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს იტალიურ "რომაში, მაგრამ ვილანოვას თქმით მას ურჩევნია უფრო მეტად მაღალი დონის მცველი, რადგანაც იგი მიიჩნევს, რომ მარკინიოსი ძალიან წააგავს მასკერანოს. რაც შეეხება დავიდ ლუიზს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთულია, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსი" მზად არის მის გასაშვებად. არიან ასევე ფეხბურთელებიც, რომლის სახელებსაც არც თუ ისე ხშირად უკავშირებენ "ბარსელონას", თუმცა ისინი მაინც მოიაზრებიან კატალონიელთა სამომავლო გეგმებში. ეს ფეხბურთელები არიან: ჯოლეონ ლესკოტი, ტომას ვერმაელენი, ინიგო მარტინესი, ბრანისლავ ივანოვიჩი და დანიელ აგერი. ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მცველებთან შედარებით, ამ ფეხბურთელების შეძენა ბევრად უფრო ადვილი გახლავთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]