ახალი წელი, ახალი ერა: "ბარსას" მომავლის მონახაზი
გთავაზობთ "ბარსას" მომავლის მონახაზს, რომლის ავტორია "totalbarca.com-ის" ერთ-ერთი მწერალი.
იქნებ, ეს ჭორების ბრალია, ან, იქნებ, 2013 წლის, კლუბისათვის საკმაოდ რთული წლის დასრულების შემდეგ ჩასახული იმედია, ახალი წლის პერსპექტივა, რომელიც ბევრს გვპირდება. შეიძლება "რეალის" წინააღმდეგ რაფინიას შესანიშნავმა თამაშმა იქონია გავლენა, ან ჩემზე ზეგავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ტერ შტეგენი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ახლა კულეებისთვის პესიმიზმი მოდაშია, მაგრამ მე "ბარსას" მომავლით მოხარული და აღელვებული ვარ.
როგორც უკვე ვთქვი, მე მჯერა, რომ ტატა მარტინოს დანიშვნით "ბარსა" ახალ ეტაპსა და გვარდიოლას ეპოქის წარსულში დატოვებას იწყებს. ნელ-ნელა, მაგრამ ცხადად დაიწყო მარტინომ მუშაობა და გუნდს მისი ხელიც დაეტყო. მან შემოიღო მნიშვნელოვანი ელემენტები, მაგალითად: ტაქტიკური მრავალფეროვნება და როტაციის სისტემა. ამასთანავე ტატამ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. სანჩესმა, რობერტომ და ბარტრამ დიდი სარგებელი მიიღეს მწვრთნელის ნდობით. ნეიმარის ტრანსფერს ფრთხილად და გონივრულად მიუდგნენ, ბრაზილიელის ადაპტაცია ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიმდინარეობდა და მან გულშემატკივრების გაოცებაც დაიწყო. როგორც ჩანს, მთელი გუნდი, ძირითადი მოთამაშეები და შემცვლელებიც, თავდაჯერებულია და მთელი სიმძლავრით მუშაობს.
რა თქმა უნდა, პრობლემები მაინც რჩება. ვალდესის წასვლა გულშემატკივრების გულებსა და გუნდის დაცვაში დიდ ხვრელს დატოვებს. პუიოლის ასაკის გამო "ბარსას" მეოთხე მცველი აუცილებლად დასჭირდება. თუმცა ყველაზე სანერვიულო საკითხი ჩავის ასაკია. ამ სეზონში ჩავი საკმაოდ კარგად ასპარეზობს და გადაღლილობა ძირითადად არ ეტყობა, მაგრამ გუნდი მას მაინც ზედმეტად ეყრდნობა. ვშიშობ, რომ წუთების რაოდენობა კვალს მაინც დატოვებს. "ბარსას" მაესტროს შეცვლა შეიძლება ახლა არც სჭირდება (ისედაც შეუძლებელი მისიაა), მაგრამ კლუბს ჩავის ტვირთის შესამსუბუქებლად დასჭირდება ახალი ნახევარმცველი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ესპანელმა კიდევ რამდენიმე სეზონი ითამაშოს. ჩავი, ვალდესი და პუიოლი გუნდის საყრდენი სვეტები არიან ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სამივე გუნდის კაპიტანია. მათი, როგორც ფეხბურთელების ჩანაცვლება შეუძლებელია და როგორც ლიდერები, კლუბს ძალიან დააკლდებიან.
თუმცა ოპტიმიზმის მიზეზი მაინც არსებობს. ტერ შტეგენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და დარტყმებსაც მშვენივრად იგერიებს. ბალანტა, ზაფხულის კიდევ ერთი შესაძლო შენაძენი, რომელსაც კატალონიელებს ხშირად უკავშირებენ, სამხრეთ ამერიკის ალბათ ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მცველია, რომელმაც დიდი შექება დაიმსახურა. მას დიდი პოტენციალი აქვს მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოთამაშე, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. 20 წლის მცველის სისწრაფე, ძალა და ბურთით თამაშისას სიმშვიდე, თავდაჭერილობა შეესაბამება კატალონიურ კლუბს - შეიძლება პუიოლის სიმკაცრე და სიმტკიცეც კი შეცვალოს. უფრო მეტიც, ბალანტა მემარცხენეა და ფლანგზეც შეუძლია თამაში, რაც დაცვის ხაზს მრავალმხრივობას შესთავაზებს. ტერ შტეგენისაგან განსხვავებით, ბალანტას ტრანსფერი ჯერ კიდევ საეჭვოა, თუმცა ინტერესი არსებობს.
როგორც იქნა, მივადექით ჩვენიანს, რაფინია ალკანტარას, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში დაბრუნდება. ტიაგო ძმას საკუთარ თავზე ბევრად ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნევდა, მაგრამ ადრე რაფინიას თამაში იშვიათად თუ მენახა, თუმცა "ბარსელონასა" და "რეალის" წინააღმდეგ თამაშის შემდეგ მასზე ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტე. რაფინია 20 წლის არის, მემარცხენე და ისეთი ტექნიკურია, როგორიც ლა მასიას ნახევარმცველი უნდა იყოს, მაგრამ ის, რაც მას ძმისა და თანატოლებისაგან განასხვავებს, არის მისი არაჩვეულებრივი ფიტნესი და აღნაგობა. მარტივად რომ ვთქვათ, მას დღეების განმავლობაში შეუძლია სირბილი. მან "ბარსა ბ"-ში 3200 წუთზე მეტი ითამაშა, ეს რიცხვი კი უფრო ალვეშს ან მესის შეეფერება ვიდრე თინეიჯერს. მიუხედავად სიმაღლისა (175 სმ), მას "ბარსას" სხვა ნახევარმცველებისაგან განსხვავებით აქვს სიმტკიცე და დაკუნთულია. რაფინია ასევე მრავალმხრივია, ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში: საყრდენი ნახევარმცველიდან ცრუ ცხრიანის პოზიციამდე. "სელტაში" ის ნახევარდაცვის ტრიოში ასპარეზობს, მაგრამ ასევე უთამაშია ფლანგზე, საიდანაც გააწამა მარსელო.
სამივე ფეხბურთელს, რომლებიც ზაფხულში შეიძლება "ბარსაში" აღმოჩნდნენ, დიდი დრო დასჭირდება კატალონიელთა ლეგენდების შესაცვლელად. ეს ეპოქებს შორის გარდამავლობის საკითხია და არა უბრალოდ ხვრელების შევსების. მარტინო მხოლოდ და მხოლოდ ხვრელების შესავსებად არ განახორციელებს ტრანსფერებს, ვინაიდან ის აშენებს, რაღაცას ჰქმნის. გულწრფელად ვამბობ, ჩვენი გუნდის პერსპექტივა ბალანტასთან, ტერ შტეგენსა და რაფინიასთან ერთად მაღელვებს და მახარებს. ახალგაზრდა მეკარე მომავალი ათწლეულისათვის. უკანა ხაზი სიღრმით, ახალგაზრდობით და ბალანტას მეშვეობით, სიძლიერითა და მრავალმხრივობით. რაც მთავარია, ნახევარდაცვა, რომელსაც ჩავის გარეშე შეუძლია დიდი მიზნებისათვის ბრძოლა. მარტინომ უკვე დაიწყო გუნდში კონტრშეტევების დანერგვა. სერხი რობერტოსა და რაფინიას გამძლეობით, ენერგიით შეიქმნება ნახევარდაცვა, რომელსაც მეტოქის დაჯაბნა შეეძლება როგორც ფიზიკურად, ისევე ტექნიკურად. და რომ აღარაფერი ვთქვათ შეტევაზე: მესი, პედრო, ნეიმარი, ალექსისი. ყველა თავდაჯერებული და ახალგაზრდა.
ეს არ არის მომავალი ზაფხულის პროგნოზი და არც საუკეთესო სცენარი. მარტინო შეიძლება უფრო დიდ ცვლილებებს გეგმავს, როგორიცაა ფორვარდი, ან უფრო აღიარებული მცველი. გადაწყვეტილებებს სეზონის მთავარ ნაწილში გუნდის ასპარეზობის მიხედვით მიიღებენ. ეს ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მაგალითია, მაგალითი მინიმალური დანახარჯით, რომელიც "ბარსას" მომავალს პოზიტიურს ხდის. 2013 წლის სირთულეების, ავადმყოფობისა და ტრავმების მიუხედავად, კულეებმა უნდა შეხედომ 2014 წლის პოზიტივს, პერსპექტივებს. თუ პესიმიზის გარეთ გაიხედავთ, "ბარსას" მომავალი შეიძლება ძალიან ნათელიც კი მოგეჩვენოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]