პედროს პრესკონფერენცია
კვირას "ბარსელონას" ამ სეზონის ერთ-ერთი ურთულესი გასვლითი შეხვედრა ელის. ფეხბურთელებმა იციან, რომ "ვალენსიასთან" მარცხის შემდეგ "სანჩეს პისხუანზე" მოგება აუცილებელია. "ეს შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია. სასწორზე ბევრი რამ დევს. პრაქტიკულად სეზონის ბოლომდე შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს"- განაცხადა პედრომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ესპანელს არ დაავიწყდა ამ ორ გუნდს შორის "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება: "სევილიამ" მაშინ საქმე გაგვირთულა." როდრიგესის თქმით, "სევილია", რომელიც სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, კარგ სეზონს ატარებს.
პედრომ აღიარა, რომ "ვალენსიასთან" მარცხი მტკივნეული აღმოჩნდა. "ძლიერი დარტყმა იყო, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. შევეცდებით, რომ ქულები აღარ დავკარგოთ, რადგან თითოეული შეცდომის გამო მკაცრად დავისჯებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გეგმას გავყვეთ. ხანდახან მოვლენები უკეთესად ვითარდება, ზოგჯერ კი მოსალოდნელზე ცუდად."
"ბარსას" შვიდიანმა "კამპ ნოუზე" დასწრების შემცირებაზეც ისაუბრა. "რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შევამჩნიეთ. გავსებულ სტადიონზე თამაში განსხვავდება 38,000 მაყურებლის წინაშე თამაშისაგან. მატჩების დაწყების დრო ხელს არ გვიწყობს. საღამოს 8 საათზე გვირჩევნია თამაში... თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ფანებისაგან მივიღებთ იმ რეაქციას, რომელიც ყოველთვის იყო."
"მესი მოტივირებულია და გაუმჯობესება სურს. ნეიმარი ბედნიერია, რადგან გრძნობს, რომ ჯანმრთელი ხდება." ასეთი კომენტარი გააკეთა პედრომ თანაგუნდელებზე.
თუ პედრო კვირას ითამაშებს, მაშინ მისთვის ეს შეხვედრა პირველი გუნდის შემადგენლობაში 250-ე იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]