ვინ იბრძოლებს "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის?

ვინ იბრძოლებს "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის?

მას შემდეგ, რაც ხოსეპ მარია ბართომეუმ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, კანდიდატების საკითხი აქტუალური გახდა. ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად სამ კანდიდატს აქვს გამოთქმული. ესენი არიან ხოსეპ მარია ბართომეუ, აგუსტი ბენედიტო და ხორდი ფარე.

თუ ვინაა ხოსეპ მარია ბართომეუ, ამაზე დიდხანს არ შევჩერდებით. მის საპრეზიდენტო შესაძლებლობებზე ის ფაქტიც კარგად მეტყველებს, რომ მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუხდა.

აგუსტი ბენედიტო კატალონიელი ბიზნესმენია, რომლისთვისაც "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობის მიღება სიახლე არაა. 1997 წელს, ის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატის, ანხელ ფერნანდესის გუნდის წევრი იყო. ის არის ერთ-ერთი დამაარსებული ორგანიზაცია "ლურჯი სპილოსი". სწორედ ამ ორგანიზაციასთან ერთად მოიგო ხუან ლაპორტამ 2003 წლის არჩევნები. ლაპორტასთან ერთად კლუბის მმართველობაში აგუსტი ბენედიტოც მოვიდა, რომელმაც "ბარსა" 2009 წელს, პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო დატოვა. ბენედიტომ დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭი პირველად 2010 წელს იყარა. 4 კანდიდატს შორის მან მე-2 შედეგი აჩვენა. ბენედიტომ ხმების 14.09% (8044 ხმა) მიიღო. ის მხოლოდ სანდრო როსელს ჩამორჩა. მას შემდეგ, რაც ბართომეუმ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, ბენედიტოს თავისი პოზიცია საჯაროდ ჯერ არ დაუფიქსირებია.

"ბარსელონას" ოჯახში ნაკლებადაა ცნობილი კიდევ ერთი კანდიდატი ხორდი ფარე. ბართომეუს პრესკონფერენციის შემდეგ მან კომენტარი უკვე გააკეთა. მან პრეზიდენტს გადაწყვეტილება მოუწონა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პრესკონფერენციას მოიწვევს და კლუბის წევრებს თავის პროგრამას გააცნობს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ საკონსულტაციო ფირმა Delta Partners-ის წარმომადგენელი ვიქტორ ფონტი და "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან ლაპორტა. ამ უკანასკნელმა, ბართომეუს პრესკონფერენციის შემდეგ, გულშემატკივრებს გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.