სანდრო - გართულებული როტაციის გასაღები ლუის ენრიკეს აზრით?
ყველა საფეხბურთო ვებ-გვერდი, ექსპერტები, მწვრთნელები თუ ფეხბურთელები ერთხმად აღნიშნავენ "ბარსას" შემადგენლობის ძალიან სერიოზულ დანაკლისს, თანაც მაშინ, როცა სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს დასრულდა, და ამასთან, ფიფას სანქციაც კატალონიელებს ახლახან შეძენილი ფეხბურთელების გამოყენების საშუალებას არ აძლევს. ასე რომ ლოგიკური იქნება, თუ კი ენრიკე ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მისცემს, ამასობაში კი ძირითადი შემადგენლობაც დაისვენებს.
იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არის მეტად სავარაუდო დღეს სანდროს თამაში, ორ არგუმენტს მოგიყვანთ. უპირველესად, "ლევანტე" ის გუნდია, რომელთანაც "ბარსას" გადახალისებულ შემადგენლობასაც შეუძლია გამარჯვება და ეს სწორედ ის ზემოხსენებული შემთხვევაა, როცა ძირითად შემადგენლობას ცოტათი დასვენება შეუძლია. თანაც ამას დავუმატოთ მომდევნო ორ კვირაში ჩასატარებელი ხუთი მატჩი. გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე პედროს გაყიდვას თავისი უარყოფითი მხარეები უკვე გამოუჩნდა, თუმცა გარკვეული დადებითიც აქვს ამ ყველაფერს. პირველ რიგში ახლა, როცა "ბარსას" სანქცია ზღუდავს, ისეთი გამოცდილი ფეხბურთელის გაშვება, როგორიც პედროა დიდი შეცდომა იყო. ამ სიტუაციაში ალბათ ბევრი ნატრობს რომ ესპანელი ისევ ჩვენს გუნდში ირიცხებოდეს, ყოველი შემთხვევისთვის, რთულ დაპირისპირებებში სანდროზე, მუნირზე და სხვა გამოუცდელ ფეხბურთელებზე უკეთ მაინც გაამწვავებდა გუნდის შეტევებს.
"ლევანტესა" და "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობა რომ შევადაროთ, კატალონიელები გაცილებით უკეთ გამოიყურებიან. "ლევანტეს" 32 მილიონიანი ბიუჯეტი ბლაუგრანას ნახევარ მილიარდიანი ბიუჯეტის წინააღმდეგ! ამასთან, დღევანდელი სტუმრები საშუალოდ კვირაში 10000 ევროს გამოიმუშავებენ, მასპინძლები - 125000. დუგლასი ოთხჯერ უფრო მეტს გამოიმუშავებს ვიდრე "ლევანტეს " ნებისმიერი ფეხბურთელი. და თუ "ლევანტე" არ არის გუნდი, რომელთანაც შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა შეუძლია რეალურად სანდროს, თუ "ლევანტე" არ არის გუნდი, რომელთანაც შეგვიძლია ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივცეთ შანსი, მაშინ რომელია ასეთი გუნდი? და სხვა შანსი როდის გვექნება? წინა სეზონში პედრომ ლა ლიგაში 1531 წუთი გაატარა მინდორზე. ასეთ ნაკლებად პრინციპულ შეხვედრებში იწყებდა იგი ძირითად შემადგენლობაში თამაშს, მგონი დროა სანდრომ პედრო ჩაანაცვლოს.
მეორე მიზეზი კი, ზემოთ ნახსენები, ძალიან გადატვირთული გრაფიკია. ოთხშაბათს, "ბარსელონა" მესამე ადგილოსან "სელტა დე ვიგო"-სთან მიემგზავრება, და ამ უხერხულ მეტოქეს მისსავე სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შემდეგ მოდის საშინაო მატჩი "ლას პალმასთან", რომელიც სანდროსთვის კიდევ ერთი შანსია, ამას მოსდევს ჩემპიონთა ლიგის მატჩი "ლევერკუზენის ბაიერთან" და საგარეო მატჩი "სევილიასთან".
სანდროს ძირითადში დგომა "ლევანტესთან" ან "ლას პალმასთან" კიდევ ერთ საკითხს მოიცავს. რატომ უნდა გყავდეს შემტევი პირველ გუნდში, თუკი მას თამაშის საშუალებას არ აძლევ და არათუ რაიმე გამოცდილებას, არამედ საერთოდ ვერ იღებს ვერანაირ სათამაშო დროს? ნდობის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, ეს ფეხბურთელები იმსახურებენ ერთ ასეთ მატჩში მწვრთნელის ნდობას. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სათამაშო დროის მიცემა მისთვის დიდი სტიმულია და უძლიერებს საკუთარი თავის რწმენას და გრძნობას, რომ მოთმინებით და საკუთარ თავზე დიდი ძალისხმევის დახარჯვით ბევრის მიღწევა შეიძლება. რატომ არ უნდა მოიხსენიონ სანდრო გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგის გვერდით? რა თქმა უნდა იმ შემთხვევების გარდა, როცა ენრიკეს გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო ამის გაკეთება იძულებით მოუწევს? მჯერა, რომ სანდრო ამ ყველაფრით საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდება და მალე გაცილებით ბევრს შეძლებს, ვიდრე ახლა არის. თანაც, დროა ის სტერეოტიპიც დაიმსხვრეს, თითქოსდა MSN-ს სრული შემადგენლობის გარეშე "ბარსელონას" შეტევა მეტოქეს დიდ ვერაფერ პრობლემებს უქმნის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]