მატჩის განხილვა: "ბარსა" მიწაზე მტკივნეულად დაეშვა
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ლა ლიგაში მეხუთე ტური ჩატარდა, კატალონიელები "ბალაიდოსზე" "სელტას" დაუპირისპირდნენ და ყველასთვის მოულოდნელად, 1-4 დამარცხდნენ.
გუშინ "სელტამ" ყველას დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შანსის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ "სელტა" უკეთესად გამოიყურებოდა, "ბარსამაც" ძალიან ბევრი საგოლე შანსი გაფლანგა. რა თქმა უნდა, ყველაფრის მიუხედავად, მატჩის შემდეგ მთავარი ანგარიშია. შარშანდელ "კამპ ნოუზე" ჩატარებულ მატჩზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ. შეიძლება ითამაშო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთი, ისეთი, როგორიც არავის უნახავს, მაგრამ ეს არაფერია, თუ შანსების გამოყენება ვერ მოახერხე და ბურთი მეტოქის კარის ბადეში ვერ გაახვიე.
რაც შეეხება "სელტას", მათი ასეთი სტარტი ამ სეზონზე, ყველასთვის მოულოდნელი და საოცრება იყო: 5 მატჩში 4 მოგება და 1 ფრე, 13 ქულა და ისინი ცხრილის სათავეში იმყოფებიან. გუშინდელ მატჩშიც დიდი იშვიათობა მოხდა: "სელტა" ისე კარგად უტევდა, რომ "ბარსა" შეტევების ორგანიზებას კი არა, ბურთის მოგერიებასაც ძლივს ახერხებდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ძალიან ძნელია კატალონიური გრანდი საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვო. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი მატჩი, სადაც "ბარსელონა" დროის 80%-ის განმავლობაში ბურთს ცენტრში აგორავებს და შეტევებს ამზადებს ხოლმე. "სელტას" პრესინგმა "ბარსას" საშუალება არ მისცა საკუთარი ტემპისა და რითმის თამაშში დამკვიდრებისა. სივრცეებიც ნაკლებად იხსნებოდა და "ბლაუგრანას" მეტოქის კართან ხიფათის შექმნა ძალიან უჭირდა.
მატჩის ბოლო წუთებში, "ბარსამ" შედარებით ბურთი მოიპოვა, ლიონელ მესი, როგორც მას ჩვევია ხოლმე, ნახევარდაცვაში ჩამოდიოდა და გუნდს ბურთის განაწილებაში ეხმარებოდა. სწორედ მან მიითვალა კატალონიელების ერთადერთი ასისტი. უნდა ითქვას ისიც, რომ ნოლიტომ ყველას დაანახა, თუ რას წარმოადგენს და პედროს შემცვლელად მისი მოყვანა კარგი გადაწყვეტილება იქნება. სწორედ მან გახსნა ანგარიში ულამაზესი და უზუსტესი დარტყმით.
ცხადია, "ბარსასაც" შეეძლო ძალიან ბევრჯერ "სელტას" გოლებისთვის პასუხის გაცემა. მესიც და ნეიმარიც მეკარესთან პირისპირ რამდენჯერმე გავიდნენ, თუმცა გოლის გატანა ერთადერთხელ მოახერხეს. საგულისხმოა პიკეს შეცდომები, რომლის წყალობით ასპასმა პირველი გოლის გატანა მოახერხა. მარტოდმარტო დარჩენილმა ტერ შტეგენმა გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
როცა "სელტამ" თითქოსდა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენა, თამაში ცოტათი შენელდა. მუდამ არსებობდა ქამ-ბექის შანსი, მაგრამ რამდენჯერაც "ბარსა" ამ შანსს გაფლანგავდა, ვიგოელები იმდენჯერ სჯიდნენ მათ. ენრიკემ ცვლილებებიც გამოიყენა, მუნირი და რაკიტიჩი სერხი რობერტოსა და ბუსკეტსის ნაცვლად, თუმცა ამ ცვლილებებმა 1 გოლის მეტი შედეგი ვეღარ გამოიღეს.
მესიმ რამდენიმე კარგი შანსი გააფუჭა, თავისუფლად მდგარმა პიკემ თავური კარს გადააცილა, მუნირმაც კარგი შანსი გაფლანგა. რაც შეეხება "სელტას" თავდამსმხელებს, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა ვთქვათ, რომ გუშინ მათ "ბარსას" დაცვა მიწასთან გაასწორეს თავიანთი ბრწყინვალე კონტრშეტევებით.
გაკვეთილი, რაც გუშინ მივიღეთ ნათელი და მარტივია. როცა შანსებს ფლანგავ, ყოველთვის შესაძლებელია ეს ძალიან ძვირად დაგიჯდეს. "ბარსას" მსოფლიოში საუკეთესო შემტევი ტრიო ჰყავს, თუმცა გუშინ MSN-მ ამის კიდევ ერთხელ დამტკიცება ვერ მოახერხა.
ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც ეს თამაში დიდი ხანი ემახსოვრებათ. არა იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა, ლა ლიგის ტიტულს უნდა დავემშვიდობოთ და დარჩენილი დრო ტირილში გავატაროთ, არა! ყველაფერი ახლა იწყება. მათ უბრალოდ უნდა დაიმახსოვრონ ეს მატჩი, როგორც დიდი დაუდევრობის შედეგი. ეს მატჩი "ბარსასთვის" ალბათ ყველაზე ცუდია შანსების გაფლანგვის თვალსაზრისით.
ამ მატჩის გონებიდან ამოგდება არ შეიძლება. დროა გონს მოვეგოთ, დავივიწყოთ წინა სეზონის უდიდესი წარმატება და მთელი ყურადღება და კონცენტრაცია ამ სეზონზე მოვახდინოთ, ვინაიდან და რადგანაც, ჯერ არაფერია დაკარგული!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]