მესი დეპრესიაშია და "ბარსელონადან" წასვლაზე ფიქრობს
"ბარსელონას" 29 წლის ლიდერი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი კატალონიური კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. Cadena COPE-ს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ არგენტინელი "ბარსაში" თავს ბედნიერად აღარ გრძნობს.
კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან წაგებისა და ბარსელონას სასამართლოს მიერ 21-თვიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, მესი დეპრესიაში ჩავარდა. ის უკმაყოფილოა იმით, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები მას მხარს რეალურად არ უჭერენ. კატალონიელები მხოლოდ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებით და კამპანიებით შემოიფარგლებიან. იმ დროს, როდესაც "ბარსელონამ" ნეიმარის სასამართლო დავას კლუბის ყველა იურისტის რესურსი მოახმარა, მესის სასამართლოს შემთხვევაში, ასეთი რამ არ მომხდარა. ამის გამო, მესი მიიჩნევს, რომ ის კლუბმა მარტო დატოვა.
ამის გათვალისწინებით, მესი, რომელსაც "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება, ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს და კლუბის დატოვებას ფიქრობს.
"ბოლო დროინდელმა მოვლენებმა მასზე სერიოზულად იმოქმედა და ლეო ცვლილებების აუცილებლობაზე დაფიქრდა. ის ძალიან ღელავს და თავს მიტოვებულად გრძნობს.
"ბარსელონას" მიერ დაწყებული კამპანია მესის არათუ არ დაეხმარა, არამედ მან კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში ჩააგდო." - ციტირებს მესისთან დაახლოებული პირის სიტყვებს Cadena COPE.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული ლონდონის "ჩელსი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]