"ბარსელონა" ესპანური ფეხბურთის მმართველ პირებს ტრიბუნალში უჩივის, ტებასს კი უნდობლობას უცხადებს
"ბარსელონამ" ესპანური ფეხბურთის მმართველ პირებს ომი გამოუცხადა. კატალონიელებმა სპორტის ადმინისტრაციულ ტრიბუნაში საჩივარი შეიტანეს და ისინი ესპანური ფეხბურთის ხელმძღვანელი პირების მიმართ მწვავე გამონათქვამებსაც არ ერიდებიან.
ყველაფერი "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო. მატჩის მიწურულს, როდესაც კატალონიელები გამარჯვების გოლს ზეიმობდნენ, მათ ტრიბუნიდან ბოთლი ესროლეს. ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ისევე, როგორც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ, მომხდარში "ბარსელონას" ფეხბურთელები დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები და სიმულიანტები უწოდა.
"ბარსელონას" რეაქციამ არ დააყოვნა. კატალონიელებმა ოფიციალური განცხადება მალევე გაავრცელეს. ახლა კი ირკვევა, რომ მათ ტებასსა და ფეხბურთის ფედერაციას ტრიბულანში უჩივლეს.
გთავაზობთ "ბარსელონას" ახალ განცხადებას:
"ბარსელონა" ითხოვს, რომ სპორტის ადმინისტრაციულმა ტრიბუნალმა ხავიერ ტებასისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის წევრების მიმართ დისციპლინარული დევნა დაიწყოს. ამის მიზეზი "ვალენსიასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელების მიმართ მათ მიერ გაკეთებული მიუღებელი განცხადებებია.
ამავდროულად, "ბარსელონა" ხავიერ ტებასს საჯაროდ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამიერიდან მას ნდობას აღარ უცხადებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]