მესი და "ბარსელონა": ახალი კონტრაქტი?
არგენტინელი ვარსკვლავის, "ოქროს ბურთის" ხუთგზის, 4 ჩემპიონთა ლიგის მფლობელის ლიონელ მესის კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება, თუმცა ცხადია, "ბარსელონაში" არავის სურს მის წასვლაზე დაფიქრებაც კი. მესიმ უკვე მიიღო ზარი კლუბის ხელმძღვანელობიდან, რათა მისი მერვე კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელსა და კატალონიის "ბარსელონას" შორის ბოლო შეთანხმება 2014 წლის მაისში შედგა. თუმცა, დიდად საჩქარო არც არაფერია. ორივე მხარეს კონტრაქტის გასახანგრძლივებლად 2 სეზონი აქვთ დარჩენილი.
მესი მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია. მიუხედავად სამკვირიანი ტრავმისა, იგი 7-7 გოლით მაინც იკავებს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა ცხრილში პირველ ადგილს. არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებულ ჰეთ-თრიქებს მიმდინარე სეზონში კიდევ ორი მიამატა, და ამასთან თითქმის მიუახლოვდა კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც, მესის წინა სეზონის ტრავმის ფონზე არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში გატანილი გოლებით გაასწრო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, კლუბის პრიორიტეტს ამ შემთხვევაში მესი არ წარმოადგენს. კლუბში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტი უფრო მალე ეწურებათ. ნეიმარმა, ბუსკეტსმა და მასკერანომ უკვე გაახანგრძლივეს, რიგში ამჯერად რაკიტიჩი და ინიესტა არიან. თუმცა მესის კონტრაქტზე მუშაობა ადვილი არ იქნება. ამჟამად, კლუბს მესის ხელფასი 48 მილიონი ევრო უჯდება (თავად ფეხბურთელი 24 მილიონს იღებს). ამას დავამატოთ ის პროცენტული წილი, რომელიც სპორტულ ორგანიზაციებს მიაქვთ კონტრაქტებიდან და სხვადასხვა აქტივობებიდან. ამ ყველაფრის და "ბარსელონას" არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის ფონზე, საქმე არც ისე მარტივადაა.
სწორედ ამაზე გააკეთა განცხადება ხოსეპ მარია ბართომეუმ: "ჩვენი შესაძლებლობები სამწუხაროდ შეზღუდულია და ეს გვადარდებს, რადგან ნებისმიერ თანხაზე ვერ დავთანხმდებით."
მიუხედავად ყველაფრისა, მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელი გუნდში ბედნიერია. "ბარსელონა" ის კლუბია, რომელმაც მესის ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მისცა და არგენტინელიც ამ ვალს სათანადოდ აბრუნებს. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით თამაში მას ძალიან მოსწონს და მისივე განცხადებებით, ერთადერთი კლუბი, სადაც შეიძლება ოდესმე, კარიერის ბოლოს დაბრუნდეს, "ნიუელს ოლდ ბოიზია".
სუარესის ახალი კონტრაქტი 2021 წლამდე
კლუბის კიდევ ერთი შემტევი და ერთ-ერთი ლიდერი, ლუის სუარესი ასევე კატალონიელთა სამიზნეა. "ბარსელონაში" სურთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი კლუბს 2021 წლამდე დაუკავშირდეს. სუარესის შეძენა თავიდანვე დიდი რისკი იყო იმის გათვალისწინებით, რომ 81 მილიონად ნაყიდმა ფეხბურთელმა ფაქტობრივად პირველი სეზონის პირველი ნახევარი სრულად გამოტოვა, რაც წესით გუნდთან ადაპტაციისთვის უნდა გამოსდგომოდა. თუმცა სუარესმა მალევე დაამტკიცა, რომ მასში გადახდილი თანხა სულაც არ არის გაზვიადებული, იგი ბევრისთვის ბოლო წლების საუკეთესო ცხრიანია, რომელიც "ბარსელონას" არაერთხელ დახმარებია.
2021 წელს სუარესი 34 წლის იქნება და დიდი ალბათობით ფეხბურთელს სურვილი ექნება, რომ "აიაქსში" დაბრუნდეს, რომლის მიმართაც სამადლობელ სიტყვებს "ბარსელონას" ცენტრალური თავდამსხმელი არასდროს იშურებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]