გაიცანით ტაკეფუსა კუბო - "იაპონელი მესი" [ვიდეო]
2011 წელს ლა მასიაში 10 წლის იაპონელი ბიჭი ჩაირიცხა. მან საკუთარი თამაშის ხარისხით ყურადღება მალე მიიქცია და პირველივე ჯერზე, ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებულ სრულ სეზონში 30 მატჩში 74 გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ ის ყოველთვის ხდებოდა "ბარსელონას" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ნაკრების წევრი, მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ტურნირში და 2013 წელს 12 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჩატარებული ხმელთაშუა ზღვის თასის MVP გახდა. ამის შემდეგ გადაიყვანეს უფრო მაღალ ასაკობრივ გუნდში, სადაც აგრძელებდა წარმატებების მიღწევას. ჩანდა ისე, თითქოს "ბარსელონამ" კიდევ ერთი ტალანტი აღზარდა და ის გუნდთან ერთად პროგრესს განაგრძობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ბარსამ" მასთან დაკავშირებით FIFA-ს 18 წლამდე სატრანსფერო წესები დაარღვია და ფეხბურთელს დაბრუნება სამშობლოში მოუხდა. ეს გახლავთ ტაკეფუსა კუბო, საფეხბურთო კლუბ "ტოკიოს" 16 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა "იაპონელი მესი" უწოდეს.
რა თქმა უნდა, კატალონიაში ფეხბურთი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ამომავალი მზის ქვეყანაში, მაგრამ ტაკეფუსა არც ახლა რჩება ყურადღების გარეშე: ის მაღალ დონეზე თამაშს ისევ ახერხებს თავის კლუბში და ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში. ის ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც იაპონიის უმაღლეს დივიზიონში გოლის გატანა მოახერხა.
ბოლო დროს მასზე რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ტაკეფუსა "ბარსელონას" ახლო მომავალში დაუბრუნდება.
გთავაზობთ მისი არც თუ ისე ხანგრძლივი კარიერის გამორჩეულ მომენტებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]