"ბარსელონას" ქამბექი "რაიოსთან": 3-2
ლა ლიგის მე-11 ტურში, "ბარსელონამ" "რაიო ვალიეკანო" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
მე-11 წუთზე, ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, ტაიმის ბოლოს კი თავი ხოსე ანხელ პოსომ გამოიჩინა და პირველი ნახევარი ასე დასრულდა.
მეორე ტაიმში "ბარსა" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. მასპინძლებს რამდენიმე კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მიეცათ, 57-ე წუთზე კი მათი მცდელობა ალვარო გარსია რივერას გოლით დამთავრდა. თამაში დაახლოებით იგივე სცენარით გაგრძელდა, მაგრამ თავისი სიტყვა "ბარსელონამ" ბოლო წუთებზე თქვა. 87-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა უსმან დემბელემ გაათანაბრა, დაახლოებით 2 წუთში კი სუარესმა სტუმრები დააწინაურა და 3 ქულა მოუტანა.
11 ტურის შემდეგ, "ბარსა" პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს 24 ქულით ლიდერობს. ყველაზე ახლოს, 20 ქულით, "ატლეტიკო" და "ალავესი" არიან. აღსანიშნავია, რომ ბასკურ გუნდს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია და "ეიბარის" დამარცხების შემთხვევაში სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.
მომდევნო ტურის შეხვედრას ერნესტო ვალვერდეს გუნდი 11 ნოემბერს, "კამპ ნოუზე", "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი, ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერს" ესტუმრება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]