"ბარსას" ქალთა გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება
ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის ქალთა ფეხბურთის უმთავრესი დაპირისპირება, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" გაჭირვებით სძლია.
ქალთა ფეხბურთში, ესპანეთში, სულ ორი ძლიერი გუნდია - "ბარსა" და "ატლეტიკო". ეს გუნდები დანარჩენ მეტოქეებს ყოველთვის დიდი უპირატესობით ჯობნიან და ტიტულს ერთმანეთში ითამაშებენ.
ბოლო ორ სეზონში უფრო ძლიერები მადრიდელები იყვნენ და ახლაც, 8 ტურის შემდეგ, ისინი გათამაშებას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდნენ. ეს ნიშნავდა, რომ "ბარსელონასთვის" წაგება ტრაგედია იქნებოდა და არც ფრე უნდა ყოფილიყო მისაღები.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი "ბარსელონასთვის" ცუდად დაიწყო - 56-ე წუთზე, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ამ მდგომარეობით, "ატლეტიკო" წინ 7 ქულით იყო და იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდელებს ქულა არცერთ შეხვედრაში ჰქონდათ დაკარგული, მათი დაწევა ძალიან რთული იქნებოდა.
"ბარსელონამ" 10 წუთში, აიტანა ბონმატის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის პირველ დამატებულ წუთზე ტონი დუგანმა კატალონიელებს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
9 ტურის შემდეგ, 24 ქულით, პირველ ადგილზე "ატლეტიკოა". "ბარსელონა", რომელიც გათამაშების ერთადერთი წაუგებელი გუნდია, მადრიდელებს 1 ქულით ჩამორჩება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]