ყველა დროის საუკეთესო შეტევა "ბარსელონაში" - როგორ განლაგდებიან ისინი?
ამ ზაფხულში, "ბარსელონას" დიდი შანსი აქვს, დაიმატოს ანტუან გრიზმანი, რომელმაც "ატლეტიკო" ოფიციალურად დატოვა ან ნეიმარი, რომელსაც "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობასთან აშკარა კონფლიქტი აქვს, ან... ორივე ფეხბურთელი ერთად.
თუ ორივე ტრანსფერი შედგა (რაც, ფინანსური რეგულაციების გამო, რამდენიმე მოთამაშის საკმაოდ დიდ ფასად გაყიდვას მოითხოვს), ერნესტო ვალვერდეს 2019/20 წლების სეზონში ეყოლება შეტევის ხაზი, რომელიც არა მხოლოდ ბოლო წლების, არამედ ყველა დროის ყველაზე ვარსკვლავურად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
შემადგენლობაში ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ნეიმარის და გრიზმანის ერთად ყოფნა ზედმეტად შემტევად და შესაბამისად, ცოტა სარისკოდ გამოიყურება, მაგრამ არის რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტი, რომელშიც ისინი კარგად თავსდებიან.

4-4-2. ნეიმარი და გრიზმანი ფლანგების ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებენ, თუმცა აქცენტს შეტევაზე გააკეთებენ, ოდნავ უკან სერხიო ბუსკეტსის და ფრენკი დე იონგის ყოფნა კი ცენტრს დააბალანსებს. მესი და სუარესი გამოკვეთილი თავდამსხმელები იქნებიან.

ალტერნატიულ ვარიანტში, განლაგება შეცვლილია და 4-5-1 ტაქტიკაა წარმოდგენილი. ნეიმარი და გრიზმანი იგივე პოზიციაზე იქნებიან, მესი კი მათ შორის, ტიპიური 10-იანის ადგილზე ითამაშებენ. გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ლუის სუარესი იქნება.

"ბარსელონასთვის" ყველაზე მეტად დამახასიათებელი ტაქტიკა 4-3-3-ია და ახალი ფეხბურთელები ამასთან მორგებასაც მარტივად შეძლებენ. წინა ორთან შედარებით, ეს ფორმაცია უფრო დაცვითია და აქცენტი ბურთის დაჭერაზეა გაკეთებული. განსხვავება ისაა, რომ სუარესი სათადარიგოთა სკამზე ინაცვლებს და მის ნაცვლად, მოედანზე ერთით მეტი ცენტრალური ნახევარმცველია, სავარაუდოდ, არტური, ან ვიდალი, ან თუნდაც რაკიტიჩი, თუ ის გუნდიდან არ წავა. ნეიმარი და გრიზმანი ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებენ, ლეო მესი კი შეტევის ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებს.
ასეთი შემტევებისთვის გამკლავება ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება, თუმცა ასეთი შემადგენლობის ჩამოყალიბების შემთხვევაში გუნდს აუცილებლად დატოვებს ფილიპე კოუტინიო ან უსმან დემბელე, შესაძლოა, ორივე მათგანი - ფეხბურთელები, რომლებიც "ბარსას" მომავლად მიიჩნეოდნენ და სულ ორი წლის წინ, კლუბს 300 მილიონზე მეტი დაუჯდა.
"ბარსელონას" ანტუან გრიზმანის შეძენა 120 მილიონად შეუძლია, ნეიმარის სანაცვლოდ კი კატალონიელებს მეტის გადახდა მოუწევთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]