ბარსელონა-სლავია: ერთი საუკუნის წინ
"ბარსელონასა" და "სლავიას" დაპირისპირებებს ერთი უცნაურობა ახასიათებს - ამ გუნდების შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მეორეზე გაცილებით ძლიერად მიიჩნევა, მაგრამ თამაშები მაინც ძალიან დაძაბული და პრინციპული გამოდის.
ესპანური და ჩეხური გუნდების ოფიციალური დაპირისპირებების ისტორიამ სათავე 2 კვირის წინ, პრაღაში გამართული შეხვედრით (1-2) აიღო, თუმცა, მანამდე, გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან და რვავე შემთხვევაში ამხანაგურ მატჩში.
განსაკუთრებით გამოსარჩევია ერთი საუკუნის წინ, 1920 წლის მარტში გამართული 3 დაპირისპირება.
ავსტრია-უნგრეთის იმპერიიდან გამოყოფიდან 2 წლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიას რამდენმე ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა. მათ შორის საუკეთესო იყო პრაღის "სლავია", რომელსაც, 25 წლის განმავლობაში, "ჩეხური ფეხბურთის მამად" მონათლული შოტლანდიელი სპეციალისტი, ჯეკ მეიდენი წვრთნიდა.
1925 წლამდე, ჩეხეთის ჩემპიონატი არ არსებობდა, "სლავიასთვის" ცენტრალური ბოჰემიური თასის მოგება ძალიან ადვილი იყო, რის გამოც, ჩეხური გუნდი ევროპაში მოგზაურობდა და კონკურენტუნარიან მეტოქეებს ეძებდა.
დაგვიანება მატარებელზე
იმ დროისთვის, ესპანური ფეხბურთი განვითარების გზას ადგა, მაგრამ ჩეხურს მაინც ჩამორჩებოდა. მანამდე, "ბარსას" აღმოსავლეთ ევროპულ გუნდთან არასდროს ეთამაშა და "სლავისთან" დაპირისპირება კატალონიელებისთვის დიდი გამოწვევა იყო. "ბლაუგრანას" უნდა დაემტკიცებინა, რომ ძლიერ გუნდებთან სათამაშდ უკვე მზად იყო.
1920 წლის 15 მარტს, "ბარსელონას" მაშინდელი სტადიონი "კამპ დე ლა ინდუსტრია" გულშემატკივრებს ვერ იტევდა. თამაშისთვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ არ ჩანდა მეტოქე.
იმ დროს, საფეხბურთო გუნდებისთვის, ავიამიმოსვლა ოცნება იყო და მათ მატარებლით მგზავრობა უწევდათ. როგორც გაირკვა, "სლავიამ", საფრანგეთში, მატარებელზე დააგვიანა. ბარსელონადან ჩრდილოეთისკენ, მეტოქის დასახვედრად, 4 ავტომობილი მიიჩქაროდა, მაგრამ უკვე დაგიანებული იყო და თამაში ჩაიშალა. საბოლოოდ, "სლავიას" ფეხბურთელებმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს და გადაწყდა, რომ თამაში მეორე დღეს ჩატარებულიყო. ვინაიდან მეორე დღე სამუშაო იყო, სტადიონის შევსებას აღარ ელოდნენ.
გიჟური თერთმეტმეტრიანი
ბარსელონაში ჩასვლამდე, "სლავიას", შვეიცარიაში, "სერვეტი" (5-0) და "ჟენევა" (4-0) ჰყავდა განადგურებული და ჩეხები "ბარსასაც" იგივეთი ემუქრებოდნენ. პრაღული გუნდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთსოდ მიიჩნეოდა და ბევრი შიშობდა, რომ "ბარსელონას" კარგი დღე არ ელოდა.
თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, პირველი ტაიმის შემდეგ, პაულინო ალკანტარასა და ვისენს მარტინესის გოლებით, "ბარსელონა" 2-0 იგებდა.
"სლავიამ" ერთი ბურთი ავტოგოლით გაქვითა (პრესამ გოლის ავტორის სახელი არ შემოგვინახა), შემდეგ კი, თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა.
თამაშის მიწურულს, საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, "სლავიას" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
მსაჯის გადაწყვეტილებამ მოედანზე სიტუაცია უმართავი გახადა. "სლვიას" ფეხბურთელები ისე გაბრაზდნენ, რომ ისინი არა მხოლოდ მოედნის დატოვებით, არამედ დარჩენილი 2 ამხნაგური თამაშის ჩაშლითა და პირდაპირ სახლში დაბრუნებით იმუქრებოდნენ. ამან მსაჯი ისე გაანაწყენა, რომ მან სასტვენი მინდორზე დააგდო და მოედანი დატოვა.
საბოლოოდ, სიტუაცია განიმუხტა, აგუსტი სანჩომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონამ" 3-2 მოიგო.
"სლავია" იმუქრებოდა, რომ ეს მხოლოდ გასახურებელი მატჩი იყო და ჩეხებს საუკეთესო ფეხბურთელები დანარჩენი 2 შეხვედრისთვის ჰყავდათ შემონახული.
მეორე თამაში ხუთშაბათს საღამოს გაიმართა და უგოლოდ დასრულდა. იგრძნობოდა, რომ გუნდები, კვირას გასამართი მე-3 დაპირისპირებისთვის, ძალებს ინახავდნენ.
გადამწყვეტი მატჩის წინ მთელი ქალაქი ღელავდა. იგრძნობოდა, რომ ეს იყო უდიდესი დაპირისპირება, რაც "ბარსას" მანამდე ჰქონდა გამართული. გულშემატკივრებს ლოდინი ამჯერადაც მოუხდათ. ამ შემთხვევაში, "სლავიას" ფეხბურთელებმა იმის გამო დააგვიანეს, რომ ისინი კორიდას ესწრებოდნენ.
6-გოლიანი სასწაული
"ბარსელონას" ფეხბურთელები საქმეს თავიდანვე შეუდგნენ და სანამ "სლავია" გონს მოეგებოდა, პაულინო ალკანტარას უკვე 2 გოლი ჰქონდა გატანილი.
"სლავია" კარგად თამაშობდა, მაგრამ ჩეხები კარში ზუსტად დარტყმას ვერაფრით ახერხებდნენ. დროის სვლასთან ერთად, სტუმარი გუნდის მოთამაშეები უხეშობაზე გადადიოდნენ. ადგილობრივი პრესის ცნობით, არბიტრს თამაშის შეჩერება და სიტუაციის დაწყნარება ხშირად უწევდა.
იმ საღამოს "ბარსელონას" შეჩერება შეუძლებელი იყო. ალკანტარას დუბლს გოლები ფელიშ სესუმაგამ (2), მარტინესმა და ფრანსეს ვინიალსმა (თერთმეტმეტრიანი) დაამატეს და "ბარსამ" 6-0 მოიგო.
იმ მომენტისთვის, "სლავია" ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, რომელიც "ბარსელონას" დაემარცხებინა. გამარჯვება ხმაურიანი გამოდგა, მაგრამ თამაშის შემდეგ უცნაურმა სიმშვიდემ დაისადგურა, რადგან "ბლაუგრანამ" იოლად მოიგო. "გულშემატკივრების აპლიდისმენტები ნელთბილი იყო." - ვკითხულობთ La Vanguardia-ს ფურცლებზე. "ბარსამ" დიდებული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ "სლავიას" თამაშმა გულშემატკივრები იმედგაცუებულები დატოვა.
ჟურნალისტი კი ძალიან კმაყოფილი იყო. მან იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის კარში 6 უპასუხო გოლი ნახა და აცხადებდა, რომ მზად იყო "ბარსელონას" მოთამაშისთვის ფეხები დაეკოცნა.
ამ თამაშის შემდეგ, "ბარსელონა" მოსწავლეთა შორის აღარ გადიოდა, კატალონიური გუნდი უკვე უმაღლესი დონის კოლექტივს წარმოადგენდა.
ამ სამმა ამხანაგურმა დაპირისპირებამ "ბარსელონასა" და ჩეხური გუნდების მრავალ შეხვედრას დაუდო სათავე. მომდევნო ათწლეულში, "ბლაუგრანა" "სლავიას" კიდევ 5-ჯერ დაუპირისპირდა (2 მოგება, 3 წაგება), ასევე უმასპინძლა "სპარტას" (3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება), "უნიონ ჟიჟკოვს" (1 მოგება), ბრნოს "მაკაბის" (2 მოგება), "მორავსკა სლავიას" (2 მოგება), "დოიჩერსა" (1 ფრე, 1 წაგება) და "ვიქტორია ჟიჟკოვს" (2 მოგება).
"ბარსელონა" სლავიას წინააღმდეგ
16 მარტი, 1920
ბარსელონა-სლავია 3-2
გოლები: ალკანტარა, მარტინესი, სანჩო
19 მარტი, 1920
ბარსელონა-სლავია 0-0
21 მარტი, 1920
ბარსელონა-სლავია 6-0
გოლები: ალკანტარა (2), სესუმაგა (2), მარტინესი, ვინიალსი
30 დეკემბერი, 1923
ბარსელონა-სლავია 1-0
გოლი: მარტი
1 იანვარი, 1924
ბარსელონა-სლავია 2-3
გოლები: საგი, პიერა
6 იანვარი, 1930
ბარსელონა-სლავია 6-3
გოლები: აროშა, გოიბურუ, პარერა (2), დიეგო, გარსია
1 იანვარი, 1934
ბარსელონა-სლავია 2-3
გოლები: არნაუ, გოიბურუ
6 იანვარი, 1934
ბარსელონა-სლავია 2-3
გოლები: კიკო, არტიგასი
23 ოქტომბერი, 2019
სლავია-ბარსელონა 1-2
გოლები: მესი, ოოლაინკა (ს.კ.)
დღეის, მდგომარეობით, "ბარსელონასა" და "სლავიას" შორის გამართული 9 თამაშიდან კატალონიელებმა 5 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს, გაიტანეს 24 და გაუშვეს 15 გოლი.
გუნდების რიგით მე-10 დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:55 საათზე, "კამპ ნოუზე" გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]