ჩემი ცხოვრება ბარსელონაა
ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინვალე სტარტი ავიღეთ - ჯგუფურ ეტაპზე მოგებული მატჩების რაოდენობით, რეკორდის გამეორებაც კი შევძელით. შიდა ასპარეზზე საქმეები არ აგვეწყო. ინსტიტუციონალური კრიზისი, რომელშიც კლუბი ჟუან გასპარის მმართველობისას აღმოჩნდა, ასევე თავის დაღს ასვამდა გუნდს.
პრეზიდენტი გასახდელის ხშირი სტუმარი იყო, სადაც მუდმივად გამოდიოდა სიტყვით. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ყველა ვინც მწვრთნელის პოლიტიკას არ ეთანხმება ოთახიდან გავიდესო - ბრძანა გასპარმა. რა თქმა უნდა, არავინ ამდგარა ფეხზე, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდებოდა.
გულშემატკივრებმა კრიტიკა შეწყვიტეს და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ღია ვარჯიშებზე მე და გაბრის ისეთ რამეებს გვიყვიროდნენ, რომ ლიტერატურულ-ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ წიგნის ფრუცლებზე ყოველივეს გადმოტანა საჭირო არ არის. "დაქირავებულო გამყიდველებო" - ეს ყველაზე მსუბუქი შეურაცხყოფა იყო. ვან გაალი იმდენად შოკირებული გახლდათ, რომ ჩვენთან მოვიდა და გვკითხა, ეს ლანძღვა-გინება თქვენ გეკუთვნითო.
გაბრის ძალიან უჭირდა ყოველივეს გადატანა. ზოგჯერ, მზად იყო ღობეზე გადამხტარიყო და ვინმეს ყელში სწვდომოდა. მე კი ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი სიტუაციაში კარგად გაერკვიე-თქო. სიმართლე გითხრათ, თავადაც ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, რადგან მოედანზე სულსა და გულს ვდებდით. ასეთ დროს, ორი გამოსავალი გრჩება: პირსახოცის გადაგდება და კლუბის დატოვება, ანაც მოთმინებით აღჭურვა და ბრძოლის გაგრძელება. მე მეორე გზა ავირჩიე, რაც იმას ნიშნავდა, რომ წყენა გულში უნდა მომეკლა.
ვან გაალის დათხოვნამდე ერთი დღით ადრე, გასპარი კვლავ ჩამოვიდა გასახდელში და ფეხბურთელები დააწყნარა - მთავარ მწვრთნელს არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებო. დღესაც ვერ გამიგია, რას ისახავდა მიზნად მისი ნაბიჯი. ერთი რამ კი კარგად ვიცი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ის იყო, როდესაც მე და პუიოლი ვან გაალს ვესტუმრეთ სახლში, რათა დავმშვიდობებოდით.

ჩვენმა ვიზიტმა გული აუჩუყა, ცრემლებიც კი წამოუვიდა. ძალიან ემოციურად გადაგვიხადა მადლობა თანადგომისთვის და ნამდვილი პროფესიონალები გვიწოდა. მისი სიტყვები არასდროს დამავიწყდება, რადგან ჩვენს წინაშე ლიმონივით გამოწურული ადამიანი იდგა, რომელიც კლუბის ფეხზე დაყენებას გულწრფელი და სამართლიანი მუშაობით ცდილობდა. ვან გაალი წავიდა, ვინაიდან მას შინაგანი ძალა აღარ დარჩა, რათა იმ სიტუაციას შებრძოლებოდა, რომელიც კლუბში იყო იმხანად.
კულეები ხშირად უსამართლოდ ექცეოდნენ ჰოლანდიელს. ეგ კი არა, ლუისი ბოლოს ეზიზღებოდათ, რასაც ნამდვილად არ იმსახურებდა. ძალიან კარგი ადამიანია. მართალია, ნაკლი მასაც ჰქონდა, მაგრამ სამართლიანი, პროფესიონალი იყო, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობდა თანაც ყველას პირში ეუბნებოდა.
ვან გაალის წასვლის შემდეგ, ბარსელონაში რადომირ ანტიჩი დაეშვა. მწვრთნელი, რომელმაც გუნდს ერთიანობის გრძნობა დაუბრუნა, ხოლო პირადად მე დაცვითი ფუნქციების შესრულებისგან გამანთავისუფლა. რადომირმა, ეგრევე მითხრა თუ რას ითხოვდა ჩემგან - თავდამსხმელთა მიმართულებით პასების მუდმივად გაკეთება. მოედანზე ცოტა წინ წამწია, შეტევები მეორე ტემპით უნდა წამომეწყო - მეტოქეს ბურთს კოკუ და როშემბაკი აართმევენ, შენ კი სხვა ამოცანა გექნებაო.
ძალიან უბრალო იყო. სხვადასხვა ტაქტიკური ჩანაფიქრებით ტვინს არ გვიბურღავდა. ასე და ასე გააკეთებო, გვეტყოდა და მორჩა. ანტიჩის თანაშემწეზე, რესად კუნოვაჩზეც მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა. ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო, რომელიც საინტერესო ვარჯიშებს იგონებდა.
თუმცა, მთავარი სიახლე მაინც მატჩისწინა შეკრებები გახლდათ, რომლებიც საუნასა და მასაჟზე მთელი გუნდით სიარულსაც გულისხმობდა. კვირას თუ გვიწევდა თამაში, განმტვირთველი შეკრება პარასკევს გვქონდა ხოლმე.
ალბათ, გაინტერესებთ, თუ რას ელოდა ამ შეკრებებისგან მწვრთნელი - ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, რელაქსაციას, მეორეს მხრივ კი გუნდის ფორმირებას, ფეხბურთელთა მუდმივი ურთიერთობის ხარჯზე. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სერბი თავისი ნოვატორული იდეების წყალობით, მონოლითურ კოლექტივს შეკრავდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. ანტიჩი მაშინ ვერცკი წარმოიდგენდა, რომ "ბარსელონას" მომავალი უკვე სხვა პროექტსა და ადამიანს ჰქონდა მინდობილი.
გაგრძელება იქნება...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]