ლამაზი, დახვეწილი, სანახაობრივი საჩუქარი

ლამაზი, დახვეწილი, სანახაობრივი საჩუქარი

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია. ამ დღეს მამაკაცების უმეტესობა ცდილობს, რომ საყვარელი ქალბატონის, ან თუნდაც რომელიმე ქუჩაში უცნობი გამვლელი ქალბატონის გული გაახაროს და თუნდაც რაიმე ნივთი, ან ყვავილი აჩუქოს. მოკლედ, რომ ვთქვათ ამ დღეს ქალების უმეტესობა ეკონომიკურ, თუ სულიერ აღმავლობას განიცდის. რა საჩუქარი შეიძლება გაუკეთოს კაცმა ფეხბურთელმა ქალბატონს? და თან ისეთმა ფეხბურთელმა, რომელიც კატალონიის "ბარსელონაში" თამაშობს. პასუხი მარტივია: ქალბატონებს ლამაზი, დახვეწილი, სანახაობრივი 90 წუთი აჩუქოს...

რა კავშირშია ეს ყველაფერი გუშინდელ მატჩთან? რა კავშირშია და გუშინ, "ბარსას" ისტორიაში პირველად, "ლოჟა" საიდანაც მატჩს თვალს თვით კლუბის პრეზიდენტი ადევნებს, მთლიანად ქალბატონებს ქონდათ მიტაცებული. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კატალონიელებმა გადაწყვიტეს 8 მარტი ნაადრევად დაეყენებინათ და ქალბატონებისთვის მიელოცათ.

მილოცვა გუშინ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყო და დაახლოებით ღამის 00 საათსა და 45 წუთზე დასრულდა, თუმცა არამგონია მათ მილოცვა 8 მარტამდე არ განაგრძონ და კიდევ არ აჩუქონ ქალბატონებს ლამაზი, დახვეწილი, სანახაობრივი 90, თუ 120 წუთი. მილოცვის მსხვერპლი ამჯერად ხავიერ აგირეს "რეალ სარაგოსა" გახდა. მილოცვაში სამწუხაროდ თავიდანვე მონაწილეობას ვერ იღებდნენ ერიკ აბიდალი, კარლეს პუიოლი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია. თუმცა, მეორე ტაიმში მილოცვით ტკბობა არც ერიკს, არც ანდრესს და არც დავიდს დაუკლიათ. მილოცვის რიტუალს კინაღამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლაც დააკლდა, მაგრამ პეპს საავადმყოფოში ჯაჭვებით თუ არ დააბამდი ისე ვერ გააჩერებდი და საბოლოოდ იგი "ნოუ კამპის" სათადარიგოთა სკამებზეც აღმოჩნდა.

თუ გვარდიოლამ უბრალოდ როტაციას მიმართა, თუ კარლესს არ ჩავთვლით, ხავიერ აგირეს ფეხბურთელების გამოყვანის უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. ზოგს ტრავმა აწუხებდა, ზოგიც კი დისკვალიფიკაციას მოეკითხა და ამიტომ კატალონიური გრანდის წინაშე წარდგომა ვერ მოახერხა. საბოლოოდ ეს თამაშზეც აისახა. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მთელი თავისი რესურსით თავიანთი მეკარის კარის დაცვით იყვნენ დაკავებულნი, რაც ახლა უკვე ანგარიშზეც აისახა.

არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სეიდუ კეიტასა და "რეალ სარაგოსას" იმ დიდ "მეგობრობაზე", რომელიც რეალურად არსებობს. შარშან, 2009/10 წლების სეზონში მალელმა მოახერხა და 25 ოქტომბერს, "რეალ სარაგოსას" კარში სამი გოლი გაიტანა და ამას დამატებული ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. მას გუშინაც არ მოუსვენია. უტევდა და უტევდა დობლასის კარს. ამაში დახმარებას ალბათ თავის "ღმერთებსაც" თხოვდა. სეიდუს კი ღმერთებმა ხათრი ვერ გაუტეხეს და პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე, როდესაც ლეო მესის "სარაგოსას" მარცხენაფლანგელთა ცდამ ვერ უშველა და ბურთი საჯარიმოში მაინც მიაწოდა თანაგუნდელებს ერთი საკმაოდ სერიოზული საქმისთვის, რასაც გოლის გატანა ჰქვია, მრგვალი საგანი სწორედ კეიტას მიუვიდა, რომელმაც თავის მხრივ თავის ღმერთებისგან ნაბოძები ბურთი გოლად აქცია და ანგარიშიც გაიხსნა. 

პირველ ნახევარში კატალონიელთა ბურთის ფლობას 81%–ს შეადგენდა, რაც ჩვენთვის უკვე უჩვეულო აღარაა. მეორე ტაიმში პეპის შეგირდები კვლავ და კვლავ ცდილობდნენ გოლის გატანას, რადგანაც მოგეხსენებათ ანგარიში 1:0 გახლდათ და ამით გადაწყვეტილი არაფერი იყო. ერთი პატარა შეცდომაც და გუნდი ძალიან მნიშვნელოვან 2 ქულას დაკარგავდა. ამიტომაც არ წყდებოდა დობლასის ნახტომები და მისი თავგანწირული თამაში. ეს შეუმჩნეველი არც აგირეს დარჩენია და არც ტიტო ვილანოვას და მატჩის შემდგომ ჩატარებულ პრეს–კონფერენციაში მის ნახტომებსა და თავგანწირულ თამაშს ხაზიც გაუსვეს.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მილოცვის მსხვერპლებმა მოახერხეს და 81%–იანი ბურთს ფლობა 79%–მდე დაიყვანეს. ამასთან ერთად კი მათ გოლი არ გაუშვიათ. თუმცა, რას გაუშვებდნენ, "სარაგოსას" კედელი ოდნავ ხარისხიანი გამოდგა, ვიდრე ბასკებისა. მართალია ვიქტორ ვალდესს შეხვედრაში ჩართვა იშვიათად უწევდა, მაგრამ ერთი ლამაზი სეივი მანაც შემოუნახა ქალბატონებს. მილიტომ თავის მხრივ  მილოცვა 14 ართმეული ბურთით გამოხატა, ხოლო მატჩის ერთ–ერთმა საუკეთესო მოთამაშე ხავიერ მაშერანომ 13–ით. მოკლედ, ყველა ულოცავდა ქალბატონებს 8 მარტის მოახლოებას და ყველა ცდილობდა რაღაცა უჩვეულოს გაკეთებას. ზოგს გამოსდიოდა, ზოგს არა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ლამაზი, დახვეწილი, სანახაობრივი 90 წუთი შედგა!

აქვე ერთ პატარა დეტალსაც შევეხები. მოგეხსენებათ წინა ტურში "რეალ მადრიდმა" პელეგრინის "მალაგა" მთელი მატჩის განმავლობაში არ დაინდო და 7 გოლიც გაუტანა. მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ამით მათ "ბარსას" საკადრისი პასუხი გასცეს. მართალია ვერსად ვერ ვხედავ პასუხს, ან მისი დანახვისა და გაგების "ნიჭი" არ გამაჩნია, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ქულების რაოდენობა გატანილი გოლების მიხედვით არ იზომება ... ეჰ, კიდევ რამდენი პასუხის მოძებნა მოუწევთ მოუს შეგირდებს...

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.