სემედუს სავარაუდო შემცვლელები
როგორც აქამდე დაიწერა, სემედუს შეძენით "ვულვზი" ინტერესდება, გამომდინარე იქიდან, რომ "ლომებმა" წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარეს, კლუბის ხელმძღვანელობამ გვარიანად გაიკრა ხელი ჯიბეზე და ბევრი დახარჯა, გაჩერებას არ აპირებენ და უფრო მეტის დახარჯვის სურვილი აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთისთვის, "ვულვზი", "ბარსელონაზე" მდიდარი კლუბია.
უნდა ითქვას, რომ სანამ ფაბიო სილვაში 40 მილიონ ევროს გაისროდნენ, მანამდე ჰელდერ კოშტა და დოჰერტი გაყიდეს, 16 და 17 მილიონ ევროდ, სულ ცოტა ხნის წინ კი მათი ხაზინა ისევ შეივსო, "ლივერპულმა" "ლომებს" დიეგო ჯოტას სანაცვლოდ 44 მილიონი ევრო გადაურიცხა. ამიტომ, "ვულვზის" ხაზინა ისევ სავსეა და სუსტი რგოლის გაძლიერება სურთ. მას შემდეგ, რაც დოჰერტი ჟოზე მოურინიომ წაიყვანა, მარჯვენა მცველის პრობლემა შეიქმნა და სწორედ ამიტომ, "ვულვზი" მზად არის სემედუში 35-დან 40 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. სიმართლე ითქვას, თუნდაც 30 გადაიხადონ, "ბარსელონასთვის" მაინც კარგი ფასი იქნება.
სემედუს შეცვლის ყველაზე სასურველი კანდიდატი სერჟინიო დესტია. "ბარსა" ისეთ მცველებს ეძებს, რომელთა კონტრაქტებიც საშუალებას იძლევა ზედმეტი დანახარჯის გარეშე გაიფორმონ.
დესტის შეძენა "ბაიერნსაც" სურს, მაგრამ "ბარსას" შეუძლია 19 წლის ფეხბურთელს შესთავაზოს ის, რასაც "ბაიერნი" ჯერჯერობით ვერ შესთავაზებს, ეს არის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა - ადგილი ძირითად შემადგენლობაში. დესტის საბაზრო ფასი, 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.
სერჟინიომ ერთხელ უკვე უთხრა უარი რონალდ კუმანს, ჰოლანდიელმა ნაკრებში მიიწვია, სერჟინიოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 19 წლის ბიჭი პატრიოტი აღმოჩნდა, უარი თქვა ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებზე და თავის სამშობლო, ამერიკის შეერთებული შტატები ამჯობინა.
გარდა დესტისა, "ბარსა" აკვირდება "ნორვიჩის" მარჯვენა მცველ, მაქს აარონსს, ის სულ რაღაც 20 წლის არის, გამოირჩევა სისწრაფითა და შეტევაში აგრესიული თამაშით. "ბარსა" მის არენდით აყვანას განიხილავს.
ერთ-ერთი სასურველი ვარიანტია ექტორ ბელერინი, უფრო სწორად, მთავარი კანდიდატია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, მისი შეძენა გამორიცხულია. "ბარსას" თანხა არ ჰყოფნის და არც ბელერინის კონტრაქტი უწყობს ხელს, ამასთანავე, მიკელ არტეტა უკვე დაწყებულ სეზონში, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს არ გაუშვებს.
"ბარსას" კიდევ ერთი ვარიანტი რჩება, ემერსონის სახით, რომელიც კატალონელების თანასაკუთრებაა და "ბეტისში" თამაშობს. "ბარსას" შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს და ემერსონი ახლავე დაიბრუნოს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ვერ შეიძინეს, სავარაუდოდ ასეც მოხდება.
წყარო - Mundo Deportivo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]