”ბარსას” შესაძლო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე
ხვალ, 18 მარტს გაიმართება ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა. მეოთხედ-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს ”ბარსელონამ”, მადრიდის ”რეალმა”, ”მანჩესტერ იუნაიტედმა”, ”ტოტენჰემმა”, ”ჩელსიმ”, ”ინტერმა”, ”შახტარმა” და ”შალკემ”.
”ბარსელონა”
მერვედ-ფინალში კატალონიელთა მეტოქე ლონდონის ”არსენალი” იყო. პირველი შეხვედრა, რომელიც ინგლისში, ”ემირეითსის” სტადიონზე გაიმართა, ”მეთოფეთა” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:1. საპასუხო მატჩი რადიკალურად განსხვავდებოდა პირველისგან. ”ბარსელონამ” ლონდონელებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო ”კამპ ნოუზე”. თამაში ისე დასრულდა, რომ ”არსენალის” ფეხბურთელებმა ერთხელაც ვერ მოახერხეს მეტოქის კარის მიმართულებით დაეტყათ. საბოლოოდ მატჩი ”ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში მოპოვებული უპირატესობის შედეგად კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში გავიდნენ.
მადრიდის ”რეალი”
მადრიდელებმა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მეოთხედ-ფინალის საგზური მოიპოვეს. მათი მეტოქე ფრანგული ”ლიონი” იყო. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის საფრანგეთში გაიმართა და ფრედ დასრულდა, ანგარიშით 1:1. გუშინ კი მადრიდელებმა მეტოქეს ”ბერნაბეუზე” უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხეს.
”მანჩესტერ იუნაიტედი”
ინგლისელების მეტოქე ფრანგული ”მარსელი” იყო. პირველი შეხვედრა აღნიშნულ გუნდებს შორის უგოლო ფრით დასრულდა. საპასუხო მატჩში ხავიერ ერნანდესმა დუბლი გაიფორმა და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
”ტოტენჰემი”
”ტოტენჰემმა” გათამაშებას ”მილანი” გამოთიშა. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის ”სან სიროს” სტადიონზე გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. საპასუხო თამაში უგოლო გამოდგა. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში მოპოვებული უპირატესობის შედეგად მეოთხედ-ფინალის საგზური ”ტოტენჰემმა” მოიპოვა.
”ჩელსი”
ლონდონელები მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად მოიაზრებიან. მერვედ-ფინალში ისინი ”კოპენჰაგენს” დაუპირისპირდნენ და ფაქტიურად პირველივე შეხვედრაში შეძლეს მეოთხედ-ფინალის საგზურის მოპოვება. შეხვედრა, რომელიც დანიაში გაიმართა, ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. საპასუხო მატჩი ”სტემფორდ ბრიჯზე” გუშინ გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა.
”ინტერი”
”ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედ-ფინალური შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. მისი მეტოქე მიუხენის ”ბაიერნი” იყო. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. გერმანიაში კი მოვლენები ყველასთავის მოულოდნელად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ”ბაიერნი” მოიაზრებოდა, იტალიელებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს (2:3). ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო, თუმცა მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების წყალობით მეოთხედ-ფინალში იტალიელები გავიდნენ.
”შახტარი”
”შახტარი” ერთ-ერთ იტალიურ გრანდს - ”რომას” დაუპირისპირდა. პირველი მატჩი რომში გაიმართა და დონეცკელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. საპასუხო თამაში კი ”შახტარმა” ”რომას” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ორი მატჩის ჯამში მოპოვებული უპირატესობის შედეგად გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
”შალკე”
ალბათ არავინ ელოდა გერმანული კლუბის ასეთ წარმატებას. მერვედ-ფინალში ”შალკე” ესპანურ ”ვალენსიას” დაუპირისპირდა. გერმანელებმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:2 იმარჯვეს და მეოთხედ-ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]