შემთხვევები, როდესაც "ბარსა" თასიდან მესამელიგელმა გამოაგდო
ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშება უცნაურად მიმდინარეობს. სამი უმთავრესი ფავორიტიდან ორი პირველივე ეტაპიდან გავარდა, ერთი კი დღეს თამაშობს.
"რეალმა" მესამელიგელ, თანაც 10 კაციან "ალკოიანოსთან" გუშინ წააგო. თვის დასაწყისში ასევე მესამელიგელ "კორნელიასთან" დათმო შეხვედრა მეორე მადრიდულმა გრანდმა, "ატლეტიკომ". დღეს იგივე "კორნელია" თასიდან უკვე "ბარსელონას" გაგდებას შეეცდება.
ამ სტატიაში გავიხსენებთ იმ შემთხვევებს, როდესაც "ბარსა" თასიდან მესამელიგელ გუნდთან წაგების შემდეგ გამოვარდა. ასეთი შემთხვევა სულ 3 იყო და სამივე 21-ე საუკუნეში.
ბოლო ასეთი შემთხვევა 2004 წელს დაფიქსირდა. "ბლაუგრანა" "გრამენეტს" ეწვია. 1/32 ფინალური კატალონიური დაპირისპირების ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, 103 წუთზე კი მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შესულმა ოლიესმა ერთადერთი გოლი გაიტანა.
იმ შეხვედრაში "ბარსას" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: რუბენი, მარკესი, პუიოლი, ოლეგერი, ვან ბრონხორსტი, ნავარო, ჩავი, ინიესტა, მესი, ჟიული, ლარსონი. შეცვლაზე დამია, ვერდუ და ეტო'ო შევიდნენ.
წინა ორი შემთხვევა კი ერთმანეთის მიყოლებით დაფიქსირდა, 2001 და 2002 წლებში.
თასის 1/32 ფინალიდან ჯერ კატალონიურმა "ფიგერესმა" გამოგვაგდო. აქაც იგივე სცენარი განვითარდა - 90 წუთი უგოლოდ დასრულდა, დამატებით ტაიმში კი გოლი მასპინძელთა შესვლაზე შესულმა ფეხბურთელმა, კალი გარიდომ გაიტანა. "ბარსელონას" შემადგენლობა იმ მატჩში: რეინა, ანდერსონი, პუიოლი, ნავარო, ჟერარი, როშემბაკი, ჩავი, ოვერმარსი, ჯოვანი, ალფონსო, სავიოლა. შეცვლაზე მოტა, დანი და ტრაშორასი შევიდნენ.
ერთი წლის შემდეგ "ბარსელონა" "ნოველდამ" გამოაგდო. კატალონიელებმა 2 გოლი გაიტანეს (ჯოვანიმ და რიკელმემ), მაგრამ მასპინძელთა მხრიდან თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა ანტონიო მადრიგალმა და "ბლაუგრანამ" 2-3 წააგო. "ბარსას" სასტარტო შემადგენლობა: ენკე, რაიციგერი, დე ბური, ნავარო, რიკელმე, ჟერარი, მოტა, როშემბაკი, გაბრი, ჩავი, ჯოვანი. შეცვლაზე მენდიეტა და სავიოლა შევიდნენ.
როგორც ხედავთ, სამივე ეს შემთხვევა დროის მცირე მონაკვეთში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად ჩავის არ გაუმართლა, რომელმაც მონაწილეობა სამივე ამ მატჩში მიიღო.
ისტორია გვიჩვენებს, რომ "ბლაუგრანას" დღეს ფრთხილად ყოფნა მართებს. მესამელიგელი მეტოქე წარმატების გარანტია სულაც არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]