რონალდ კუმანი ვალენსიასთან მატჩის წინ
"ვალენსიასთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, პრესკონფერენცია გამართა.
რთულ მატჩს ველით. ბორდალასის გუნდი ყოველთვის იბრძვის და ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა. წინა თამაშებში გარკვეული პრობლემები გვქონდა, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. ბურთის კონტროლი და დაცვა მნიშვნელოვანი იქნება. სახლში თამაში უპირატესობას გვაძლევს.
ყოველთვის ვცდილობ, რომ მშვიდად ვიყო, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ახლა კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ გუნდი გამარჯვებებისთვის მოვამზადო, რადგან საბოლოოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს იქნება. სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჩემი აზრით, ლაპორტა მხარს მიჭერს, მაგრამ ვიცი, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად შესაბამისი შედეგების ჩვენება აუცილებელია.
აგუერომ წინა ოთხშაბათს 20-25 წუთით თამაში მოახერხა. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მას ტემპის აყოლისა და ფიზიკური მდგომარეობის მხრივ გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ ამას გამოასწორებს, ისევე როგორც ეს ანსუ ფატიმ გააკეთა. შესაძლოა, სერხიო ხვალ შემადგენლობაში იყოს.
დემბელე ბოლო დროს კარგად მუშაობს. მის სრულ გამოჯანმრთელებამდე დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი, ამ პერიოდში კი მან გარკვეული კომპონენტები უნდა გაიუმჯობესოს. დაბრუნების ზუსტ თარიღზე საუბარი ახლა რთულია. ამას ალბათ მომდევნო დღეებში გავიგებთ.
ვართ თუ არა კონცენტრირებულები ჩემპიონთა ლიგაზე? არა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ის მატჩია, რომლის ჩატარებაც ყველაზე მალე გიწევს. ლა ლიგის მომდევნო შეხვედრებს დიდი დატვირთვა აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი "დინამოსთან" აუცილებლად 6 ქულა უნდა ავიღოთ.
მიხარია, რომ პედრი რჩება. მინდა, გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები მყავდეს, პედრი კი სხვა ახალგაზრდებისთვის მაგალითია.
იქნება თუ არა ანსუ ფატი ძირითად შემადგენლობაში? ხვალ გადავწყვეტთ. ის ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება. ანსუს დიდხანს არ უთამაშია და სრული დატვირთვით დაბრუნებას ასე მოკლე დროში ვერ მოახერხებს. მომდევნო დღეების განმავლობაში 3 მატჩი გვაქვს და უნდა ავარჩიოთ, რომელში დაგვეხმარება ის, რადგან სამივეში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"კამპ ნოუზე" გულშემატკივრების დაბრუნება კარგი სიახლეა. სახლში ყოფნა და მხარდაჭერა მოედანზე ძალიან გვეხმარება.
რატომ არ თამაშობს ლანგლე ბოლო დროს? ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ის დისკომფორტს გრძნობს, რაც ვარჯიშის დროს სრულად დახარჯვაში ხელს უშლის. ამის მიუხედავად, ლანგლე ყველანაირად ცდილობს, რომ გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს და ამიტომ თავის შანსს აუცილებლად მიიღებს.
ბუსკეტსი ერთა ლიგაზე შესანიშნავი იყო. რატომ ითამაშა მან ნაკრებთან ერთად უკეთესად? "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებში თამაშის წნეხს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. დიდი განსხვავებაა. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, როგორც გუნდი და ბუსკეტსი თავს უკეთესად სწორედ მაშინ იგრძნობს.
გავიმ დაამტკიცა, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა, თამაში ძალიან კარგად გამოსდის. მან შესანიშნავად გამოიყენა შანსები, რომლებიც მე და ლუის ენრიკემ მივეცით. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდეს.
თანდათან ვიღებთ იმ შემადგენლობას, რომელიც გვინდა. ტრავმებმა ჩვენზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. როცა ყველა გამოჯანმრთლდება, შევძლებთ, რომ ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლოთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]