გვარდიოლა: "ახლა მხოლოდ "რეალზე" ვფიქრობთ"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა კომენტარი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა "ოსასუნას" უმასპინძლა (2:0). პეპი აცხადებს, რომ ახლა მთლიანად გადართულია "რეალთან" გასამართ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 27 აპრილს, როგორც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი.
"ჩვენ დღეს სუსტად ვითამაშეთ და ამის მიზეზი ყველასათვის ნაცნობია. წინ "რეალთან" გასამართი მატჩია და ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე ვართ გადართულები. ძალიან ვნერვიულობ ამდენი ტრავმის გამო. ყველაზე მეტად დაცვის ხაზი მაღელვებს, თუმცა რა ვქნათ, ამას ვერაფერს ვუზამთ. ვინც მზად იქნება ის ითამაშებს. მადრიდელები ამ დროისათვის ჩვენზე ძლიერები არიან და მათ პრაქტიკულად დანაკლისი არ აქვთ. ამის მიუხედავად "ბარსელონა" თამაშის სტილს არ შეცვლის. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან ფინალში გასვლის უდიდესი სურვილი გვაქვს." –განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში კატალონიელთა ორმა მცველმა, მაქსველმა და მილიტომ ტრავმა მიიღეს და სავარაუდოდ გამოტოვებენ 1/2 ფინალს. ყველამ იცის ერიკ აბიდალის შესახებ, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და როდის დაბრუნდება უცნობია. ასევე კარლეს პუიოლის მდგომარეობაც აღსანიშნავია, მაგრამ ამ ბოლო ხანებში გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტანი შეძლებს "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მიღებას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]