ინტერვიუ სერხიო ბუსკეტსთან
სერხიო ბუსკეტსის ინტერვიუ ყოველთვის საინტერესოა, რადგან მას ამ ამპლუაში იშვიათად ვხედავთ ხოლმე. RAC1-თან საუბრის დროს ვეტერანი ნახევარმცველი აცხადებს კიდეც, რომ ვინც ინტერვიუს ნაკლებად იძლევა, ის მეტად იჩაგრება.
- კარიერის "ბარსელონას" მიღმა გაგრძელების ვარიანტს განიხილავ?
- კი, მაგრამ არა ევროპულ გუნდში, რადგან ძალიან გამიჭირდება, ვითამაშო "ბარსელონას" გარდა სხვა გუნდში და ვიბრძოლო იმავე მიზნებისთვის, რისთვისაც "ბარსა" იბრძვის. ეს არ შემიძლია, მე კულე ვარ. სხვა კონტინენტზე ცხოვრების გამოცდილების მიღება შესაძლებელია.
- ფიზიკურად თავს კარგად გრძნობ?
- სწრაფი ფეხბურთელი არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვართ და ვერც ვერასდროს ვიქნები. მე ჩემი თვისებები მაქვს და ყველამ, ვისაც ფეხბურთი და ჩემი თამაში უნახავს, ეს იცის, უპირველესად კი თავად მე. თუ გუნდურად არ ვიმუშავებ, პრობლემები მექნება. იგივე პრობლემები ექნებათ უსაინ ბოლტსა და კანტესაც. ფიზიკური მომზადება? ყველაფრისთვის მზად ვარ, ტრავმას არასდროს ვიღებ. ამაზე უკეთ შეუძლებელია.
- გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან...
- და ეს კონკურენციისთვის კარგია. თუ ეს ფეხბურთელები ჩვენი აკადემიიდან მოდიან, კიდევ უკეთესია. ასეთ დროს კლუბი ტრანსფერებში ფულს ზოგავს და თუ ეს ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში მოჰყავს ფეხბურთელი სხვა კლუბიდან. შემადგენლობა რაც უფრო დიდია, მით უკეთესი. ფეხბურთი ვითარდება, ახლა მეტი თამაშია, ცვლილებების რაოდენობა კი ხუთამდე გაიზარდა.
- ლაპორტამ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონისთვის კლუბმა უკვე ორი ტრანსფერი განახორციელა, კრისტენსენი და კესიე. უფრო ფიზიკური ნახევარმცველის სტილი რამდენად შეგესაბამება?
- ის მწვრთნელს უნდა მოერგოს. სწორედ მან ნახა მისი თამაში და მან გადაწყვიტა მისი შეძენა. მე კი მოხარული ვარ იმით, რომ გუნდში განსხვავებული პროფილის ფეხბურთელი მოდის. კესიეს თამაში ნანახი მაქვს, ის ფიზიკურად ძლიერია, ბურთს იშვიათად კარგავს, კარგი აჩქარება აქვს და ბურთს კარგად იჭერს. დარწმუნებული ვარ, ის დაგვეხმარება.
- შენი შემცვლელი კი არ არსებობს...
- "ბარსელონაში" ჩემი პოზიცია ცოტათი რთული, განსხვავებულია. ასეთი პროფილის ფეხბურთელი ცოტაა, რადგან გუნდების უმეტესობა ამ პოზიციაზე ორ ფეხბურთელს ათამაშებს, ან ჰყავს ნახევარმცველი, რომელიც მოედნის მთელ ვერტიკალზე თამაშობს, მე კი ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ვაკონტროლო. უნდა იფიქრო და საჭირო ადგილზე იყო.
- ნიკო, დე იონგი... დღევანდელ შემადგენლობაში შენი შემცვლელები ეს ფეხბურთელები არიან?
- კი. უფრო ნიკო, ვიდრე ფრენკი, მაგრამ ფრენკის ამ პოზიციაზე უფრო მეტი აქვს ნათამაშები, ის უფრო გამოცდილია. თუმცა ისინი ძალიან არ მგვანან. ორივეს თავისი მახასიათებლები აქვს და ისინი ჩემგან ცოტათი განსხვავდებიან. თუმცა როდესაც ჩავი წყვეტს, ვინ უნდა ითამაშოს ამ პოზიციაზე, ის ფეხბურთელს უხსნის, თუ რას ელის მისგან.
- ჩავის მოსვლა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავდა...
- მან ბევრი რამ შეცვალა. მწვრთნელი თავისი იდეებით, თავისი სტაფით მოვიდა. პირველ ვარჯიშზე გაგვიჭირდა იმ ფილოსოფიის გამო, რომლის დანერგვაც მას უნდოდა. ეს ის იყო, რაც "ბარსას" გულშემატკივრებს უნდოდათ.
- პიკე, ალბა, ბუსკეტსი... ეს ფეხბურთელები ჩავის თავისი ფილოსოფიის დანერგვაში დაეხმარნენ?
- კი და არა მხოლოდ მისი იდეების განხორციელებაში, არამედ ყველაფერში. და არა მხოლოდ ჩავის მოსვლის შემდეგ, არამედ მანამდეც. ფეხბურთელებს, რომლებიც დიდი ხანია, აქ ვართ, გვინდა, რომ გუნდთან ადაპტაცია ყველამ სწრაფად გაიაროს და ჩვენ მათ ყველაფრით ვეხმარებით, რაც საჭიროა. ვეხმარებით ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც, რადგან ეს გზა თავად გვაქვს გამოვლილი. ჩავის მოსვლის შემდეგ ჩვენ გარკვეული უპირატესობა გვქონდა, რადგან რაღაც დეტალები უკვე ავტომატიზმის დონეზე გვაქვს.
- პიკესა და ალბას მიმართ დამოკიდებულება უსამართლო იყო?
- ძალიან უსამართლო. არსებობს საკითხები, რომლებიც ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ჩვენზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა იმის გამო, რომ აქ ყველაზე დიდი დრო გვაქვს გატარებული, ჩვენ გადავიტანეთ ჩემპიონთა ლიგიდან არაერთი გამოვარდნა... შესაძლოა, პიკემ ყველაზე ნაკლებად, მაგრამ ჟორდი, სერჟი რობერტო და ის ფეხბურთელები, რომლებიც ინტერვიუებს ხშირად არ იძლევიან და გუნდშიც დიდი დრო აქვთ გატარებული, ამ ყველაფრით ცოტათი დაიღალნენ. ეს ფეხბურთის ნაწილია, ჩვენ ამას ვეთანხმებით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
- როგორც ჩანს, სერჟი რობერტო გუნდში აღარ დარჩება... მას უსამართლოდ მოექცნენ?
- მისთვის ადვილი სიტუაცია არაა, განსაკუთრებით მძიმე ტრავმის გამო. კლუბმა სერჟის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა დრო კიდევ არის. თუ კლუბს, სერჟისა და ჩავის სურთ, ერთმანეთს ბოლო შანსს მისცემენ. რასაც ისინი ერთობლივად გადაწყვეტენ, ეს იქნება სწორი. სერჟის დიდ პატივს ვცემ, რადგან მასთან ერთად გასახდელს წლების განმავლობაში ვიყოფ. ვიცი, როგორი რთული პერიოდი ჰქონდა, ვიცი, როგორი ადამიანია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, აქ იქნება თუ სხვაგან.
- მის გამო წუხხართ?
- სერჟი კარგი, პოზიტიური ადამიანია. უნდა მას დარჩენა? რა თქმა უნდა. ვინაიდან მას სხვა კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, ეს შანსია, რადგან ის ბავშვობიდან "ბარსელონაში" თამაშობს.
- პედრი, გავი, ნიკო, არაუხო, გარსია... ყველაზე მეტად რომელმაც ახალგაზრდამ გაგაოცა?
- პედრიმ. დანარჩენებს ჩვენი აკადემია აქვთ გამოვლილი, პედრი კი სხვა გუნდიდან მოვიდა და ისე ჩანს, თითქოს მან ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია, იცის: ავტომატიზმი, იდეა, პოზიციური თამაში, ყველაფრის კონტროლი როგორც სივრცეში, ასევე მენტალურად. პედრი ასევე შესანიშნავი პიროვნებაცაა. ძალიან მშვიდია. მუშაობს, გისმენს, არასდროს წუწუნებს... ჰგავს ინიესტას? შედარებები არ მიყვარს. ისინი სხვადასხვა დროს თამაშობდნენ, განსხვავებული ფეხბურთელები არიან. პედრიმ საკუთარი გზა უნდა გაკვალოს და ვფიქრობ, ის ამას ძალიან კარგად აკეთებს.
- ბუსკეტსს ჩავისთან და ინიესტასთან თამაში ურჩევნია, თუ პედრისთან და დე იონგთან?
- ორივე ვარიანტს თავისი სტილი აქვს, თუმცა ჩავი და ინიესტა ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებდნენ, რადგან თავიდანვე ერთად თამაშობდნენ. ჩვენ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა.
- მესი გენატრება?
- კი. მოედანზეც და მის მიღმაც. მან ჩვენ ბევრი რამ მოგვცა. მისგან დიდი სიამოვნება მივიღეთ. რაც მან გააკეთა, ეს არცერთ სხვა სპორტში არ მომხდარა. ის ძალიან დიდ სხვაობას ქმნიდა. ნორმალურია, რომ ჩვენ ის გვენატრება. მასაც უნდა ვენატრებოდეთ. მისი წასვლა ჩვენთვისაც და მისთვისაც შოკი იყო. ვფიქრობ, ახლა ის შოკიდან გამოვიდა. ის ისევ საუკეთესოა. უკან დაბრუნება? ეს გამიხარდებოდა, მაგრამ მას სხვა კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ეს ძალიან რთული იქნება.
- რას ნიშნავს შენთვის კაპიტნის სამკლავურის ტარება?
- ეს დიდი პატივია. შესანიშნავი კაპიტნები მყოლია: ვიქტორი, პუი, ჩავი, ანდრესი, ლეო... ეს დიდ გამოცდილებას გაძლევს. საკუთარ თავს უნდა წარმოადგენდე, ბუნებრივი იყო. ეს პატივი წილად იმის გამო გხვდა, რომ თანაგუნდელებმა აგირჩიეს.
- კაპიტნის რანგში ჯერ ტიტული არ მოგიგია. რომელი უფრო მნიშვნელოვანი იქნება: ლა ლიგა, თუ ევროპა ლიგა?
- ევროპა ლიგაზე უკეთეს სიტუაციაში ვართ, ვიდრე ლა ლიგაში. ჩემპიონატში ლიდერს 12 ქულით ჩამოვრჩებით და სხვაობის 9 ქულამდე შემცირება შეგვიძლია, თუმცა ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არაა. ამ მიმართულებით სიტუაცია უფრო რთულია. თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედს იქამდე შევინარჩუნებთ, სანამ ჩემპიონობის მათემატიკური შანსი გვექნება. ჩვენი საქმეა, მოვიგოთ და კონკურენტის შედეგს დაველოდოთ.
- როგორი იყო "რეალთან" 4-0 მოგება?
- მეტოქეს ბევრად ვჯობდით, განსაკუთრებით მეოცედან 70-ე წუთამდე. კიდევ 3-4 გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. "რეალს" გაუმართლა და ჩვენ არ გაგვიმართლა, რომ ამ თამაშის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყო და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. საკლუბო ფეხბურთი რომ გაგრძელებულიყო, ეს ჩვენთვის პლუსი იქნებოდა, კონკურენტს კი პრობლემები შეექმნებოდა. ახლა ჩვენი ამოცანა ჩვენი თამაშების მოგებაა.
- "ბარსაში" რაღაც დიდი იქმნება?
- თუ ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, კარგ ტრანსფერებს განვახორციელებთ და კონკურენტუნარიანობას გავზრდით. გვაკლია ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში სხვაობას ქმნიან. ფეხბურთი გოლების გატანაა. იმ იდეით, რომელიც მწვრთნელს აქვს, სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ იქ ვიქნებით, სადაც კლუბი იმსახურებს და ყველაფრის მოგებას შევეცდებით.
- საკუთარ თავს მწვრთნელად ხედავ?
- კი, ამას ვცდი. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელის ლიცენზიას ავიღებ, თუმცა მანამდე წლებია დარჩენილი. ვფიქრობ, კარგად გამომივა. კარგი მწვრთნელები მყავდა და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]