ბარსელონა-ვალიადოლიდი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ვალიადოლიდი | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: კვირა, 28 აგვისტო, 21:30

დროა, ოფიციალურ მატჩში მოგების გემო "კამპ ნოუმაც" გაიხსენოს. "ბარსელონას" საშინაო არენაზე ოფიციალური თამაში 10 მაისის შემდეგ არ მოუგია. მას შემდეგ ბევრი შეხვედრაც არ ჩაუტარებია, მხოლოდ ორი, მაგრამ "ბარსას" დონის გუნდისთვის ესეც ბევრია. მით უმეტეს, რომ კატალონიელებს ამ ორ დაპირისპირებაში გოლი არ გაუტანიათ.

დღეს "სპოტიფაი კამპ ნოუზე" პირველ გოლსა და პირველ 3 ქულას ველით. მეტოქე ისეთი გვყავს, ამის მოლოდინი აშკარად უნდა გვქონდეს - ლა ლიგაში ახლახან დაბრუნებული "ვალიადოლიდი".

სათამაშო ფორმა

"ბარსელონამ" ლა ლიგა "რაიოსთან" საშინაო მატჩში ქულების დაკარგვით დაიწყო, მაგრამ ზოგადად ჩავის გუნდს კარგ ფორმაში მყოფი ეთქმის. 13 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ "ბლაუგრანამ" "სოსიედადი" სტუმრად 4-1 გაანადგურა, რასაც "კამპ ნოუზე" "მანჩესტერ სიტიზე" უკეთესი თამაშის ჩვენება მოაყოლა.

"ვალიადოლიდმა" სეზონი "ვილიარეალთან" საკუთარ მოედანზე 0-3 განადგურებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ პაკეტას გუნდმა "სევილიასთან" სტუმრად ქულა აიღო.

"ვალიადოლიდს" ლა ლიგაში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლო 6 დაპირისპირებიდან კასტილია დე ლეონელებმა 5 წააგეს. მეტოქის მოედანზე კი ამ გუნდმა ბოლოს 2021 წლის იანვარში, 600-ზე მეტი დღის წინ მოიგო.

ტრანსფერები

"ბარსელონაში" ერთი კარგი სიახლე გვაქვს. კატალონიურმა გუნდმა გუშინ ჟიულ კუნდე ლა ლიგაში დაარეგისტრირა და დღეს ფრანგ ცენტრალურ მცველს მოედანზე ველით, შესაძლოა, სასტარტოშიც.

ბოლო თამაშის შემდეგ "ბარსა" უმტიტიმ დატოვა, მაგრამ ამას სერიოზულ დანაკლისს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მთელ წინა სეზონში სამუელმა მონაწილეობა მხოლოდ ერთ ოფიციალურ თამაშში მიიღო.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ვალიადოლიდი" არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ გასულ სეზონში გუნდისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი მათგანი იყო - ვეტერანი მცველი ნაჩო მარტინესი.

ლა ლიგაში დაბრუნებულმა გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა. "სპორტინგიდან" ახალგაზრდა გარემარბი გონსალო პლატა, "ბარსა ბ-ს" ყოფილი კაპიტანი მონჩუ და გამოცდილი ესპანელი მეკარე სერხიო ასენხო.

დანაკლისი

"ბარსელონას" დისკვალიფიკაციამოხდილი კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი უბრუნდება. გუნდს უკვე შეუძლია, ჟიულ კუნდეც გამოიყენოს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავადაა ანდრეას კრისტენსენი და შესაძლოა, ჩავის ერთადერთი დანაკლისი დანიელი ცენტრალური მცველი იყოს. რა თქმა უნდა, მისივე თანამემამულე მარტინ ბრეითუეიტთან ერთად, რომელსაც მწვრთნელი ნდობას არ უცხადებს.

"ვალიადოლიდს" დისკვალიფიცირებული ელ იამიქი და ტრავმირებული ვაისმანი არ ეყოლება. ჯერ გარკვეული არაა მალსას, პლატასა და ასენხოს საკითხი.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან 96-ჯერ უთამაშიათ. "ბარსელონას" 64 მოგება, 16 ფრე და 16 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 222 გოლი და გაუშვეს 81.

21-ე საუკუნეში "ვალიადოლიდს" "ბარსელონასთან" მხოლოდ 2 მოგება აქვს. ბოლო 15 შეხვედრიდან კატალონიელებმა 14 მოიგეს და 1 დათმეს. უკანასკნელ 3 მატჩში კი "ბარსა" კარის მშრალად შენახვასაც ახერხებდა.

საკუთარ კედლებში ჩატარებული 48 დაპირისპირებიდან "ბლაუგრანამ" 40 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო. "ვალიადოლიდმა" "კამპ ნოუზე" ბოლოს 1997 წელს მოიგო, ქულა კი 2003 წელს აიღო. მას შემდეგ ამ გუნდებს შორის ბარსელონაში ჩატარებული 8 თამაშიდან ყველა მასპინძლებმა მოიგეს.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა იქნება.

ბენგოეჩეამ მსაჯობა 2009 წელს დაიწყო, 2 წლის შემდეგ ის სეგუნდა დივიზიონში, 2015 წელს კი პრიმერაში დააწინაურეს. 2018 წლიდან დე ბურგოსი FIFA-ს არბიტრია.

კარიერის განმავლობაში ბენგოეჩეა თამაშში საშუალოდ 25.6 ჯარიმასა და 0.27 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.7 ყვითელ და 0.15 წითელ ბარათს უჩვენებს.

დე ბურგოსს "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობა აქამდე 21-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 16 დაპირისპირება მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. ბენგოეჩეამ კატალონიელების სასარგებლოდ 5 წითელი ბარათი აჩვენა და 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მათ წინააღმდეგ კი 1 წითელი ბარათი და 0 თერთმეტმეტრიანი.

ამ არბიტრს "ვალიადოლიდის" შეხვედრაში 14-ჯერ უმსაჯია. კასტილია დე ლეონელებს 6 მოგება, 1 ფრე და 7 მარცხი აქვთ. დანიშნული 1 თერთმეტმეტრიანი "ვალიადოლიდის" სასარგებლოდ იყო, ისევე, როგორც ნაჩვენები ერთადერთი წითელი ბარათი.

საინტერესოა, რომ 2 გუნდი არსებობს, რომელთა მატჩშიც დე ბურგოსს მინიმუმ 10-ჯერ უმსაჯია და მათ კარში ჯერ თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს. ეს გუნდები სწორედ "ბარსა" და "ვალიადოლიდი" არიან.

სტატისტიკა

  • "ბარსელონამ" "ვალიადოლიდთან" გამართული ბოლო 15 თამაშიდან 14 მოიგო, მათ შორის უკანასკნელი 6;
  • "კამპ ნოუზე" ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 8 თამაში "ბარსელონამ" მოიგო;
  • "ვალიადოლიდს" ლა ლიგაში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
  • ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში "ბარსელონა" კარის მშრალად შენახვას ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონასა" და "ვალიადოლიდის" ბოლო 5 დაპირისპირებაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებაში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.14 ანიჭებენ, რაც მოგების 88%-იან შანსს უდრის, თუმცა "ბარსა" ასეთი თამაშების მხოლოდ 63%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ჩვენ პაკეტას ("ვალიადოლიდის" მწვრთნელი) ვაფასებთ. ის მამაცი და შემტევი სტილის მოყვარულია და ხვალ რთული თამაში გველის.

ტაქტიკის ცვლილებას გავაგრძელებ. ეს მეტოქეზეა, მატჩისწინა პირობებსა და ვარჯიშზე ფეხბურთელების პერფორმანსზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს, რაც მოწინააღმდეგეებისთვის ცუდი ამბავია.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, არაუხო, კუნდე, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე

ვალიადოლიდი (4-5-1): მასიპი, ლ. პერესი, ხ. სანჩესი, ფერნანდესი, ესკუდერო, მონჩუ, მესა, აგუადო, ანუარი, ი. სანჩესი, გვარდიოლა

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია

ვალიადოლიდი (4-3-3): მასიპი, ლ. ერესი, ხ. სანჩესი, ფერნანდესი, ესკუდერო, მესა, მონჩუ, აგუადო, ანუარი, გვარდიოლა, ი. სანჩესი

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, არაუხო, კუნდე, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია

ვალიადოლიდი (4-3-3): მასიპი, ლ. პერესი, ფერანდესი, ხ. სანჩესი, ესკუდერო, კ. პერესი, მესა, აგუადო, ი. სანჩესი, გვარდიოლა, ანუარი

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, არაუხო, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი

ვალიადოლიდი (4-3-3): მასიპი, ლ. პერესი, ფერნანდის, ხ. სანჩესი, ესკუდერო, მესა, აგუადო, კ. პერესი, ი. სანჩესი, გვარდიო,ა ანუარი

პროგნოზი

  • WhoScored: 3-1
  • Sportsmole: 3-1
  • Goal: 4-0
  • Sportskeeda: 4-1

ტრანსლაცია

თამაში 21:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 აგვისტო 2022 11:23
    0
    "სტატისტიკის" მიხედვით უნდა მოვიგოთ. ოღონდ დიდი ანგარიშით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 აგვისტო 2022 11:08
    1
    წესით უნდა გავაპოთ შუაზე
    --------------------
    THUGS