ბარსას ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერიდან 8 მილიონის მიღების შანსი აქვს
ფრანგი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო უკვე 2 წელზე მეტია, "ბარსელონაში" აღარ თამაშობს, მაგრამ კატალონიურ კლუბს 23 წლის უკანახაზელის დახმარებით თანხის გამომუშავების კარგი შანსი მაინც აქვს.
"ბარსელონამ" ტოდიბო 2019 წლის იანვარში "ტულუზიდან" 1 მილიონ ევროდ დაიმატა. 2021 წელს კატალონიელებმა ფეხბურთელი "ნიცას" 8.5 მილიონად მიჰყიდეს. გარიგება ბონუსების სახით კიდევ 7 მილიონის გადახდასა და მომდევნო ტრანსფერიდან 20%-ის "ბარსელონას" ბიუჯეტში მოხვედრასაც გულისხმობდა.
გასული 2 სეზონის განმავლობაში ჟან-კლერმა "ნიცაში" თავი კარგად წარმოაჩინა და არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო. L'equipe-ს ინფორმაციით ტოდიბოთი "ნიუკასლი", "ნაპოლი", "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი. ასეთი ინტერესი ფეხბურთელის ფასს ზრდის.
ამჟამად ტოდიბო Transfermarkt-ზე 30 მილიონ ევროდაა შეფასებული, "ნიცა" კი მის 40 მილიონად გაყიდვას იმედოვნებს. თუ ფრანგები მიზანს მიაღწევენ, მაშინ "ბარსელონას" ამ ტრანსფერიდან 8 მილიონი ევრო შეხვდება. რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით დაუგეგმავი 8 მილიონის მიღება "ბარსასთვის" ნამდვილად კარგი ამბავი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]