ბარსელონა ანსუ ფატის კიდევ ერთ შანსს მისცემს
"ბარსელონა" აპირებს, გუნდის ახალგაზრდა შემტევს, ანსუ ფატის კიდევ ერთი შანსი მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით კლუბმა ფატისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ფეხბურთელს ფიზიკური ფორმის აღდგენაში დაეხმარება. 21 წლის შემტევი გუნდს წინასასეზონო მზადებაზე გაჰყვება და ჰანსი ფლიკისთვის საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას შეეცდება.
Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ თუ ფატი რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს, ის ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს.
იმავე წყაროს ცნობით "ბლაუგრანა" ფეხბურთელს იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მინიმუმ 40-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს. თუმცა არაა გამორიცხული, კატალონიელები ანსუს იჯარით კიდევ ერთხელ გაშვებას დასთანხმდნენ.
ანსუ ფატი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2019 წელს დიდი იმედებით გამოჩნდა. "ბლაუგრანაში" ჩატარებულ 112 თამაშში მან 29 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა გამუდმებულმა ტრავმებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესი მნიშვნელოვნად შეაჩერა.
გასულ სეზონში ფატი "ბრაიტონში" იყო განათხოვრებული, სადაც მან 27 მატჩში თავი 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]