ესპანეთის ნაკრები - რატომ პაუ კუბარსი და არა ინიგო მარტინესი?
ესპანეთის ნაკრების განაცხადში ცვლილებებია. ტრავმირებული პაუ ტორესის ნაცვლად დე ლა ფუენტემ ეროვნულ გუნდში პაუ კუბარსი გამოიძახა. ეს მოულოდნელი იყო და ამ გამოძახებამ "ბარსელონას" უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან 17 წლის ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არაა და მას ნიღბით თამაში უწევს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან მარტინესი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ ამჯობინა "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პაუ კუბარსი ინიგო მარტინესს, რომელიც ასევე ძალიან კარგ ფორმაშია.
მარტინესის ცნობით დე ლა ფუენტესთვის დაცვის ცენტრში მთავარი წყვილი ლე ნორმანისა და ლაპორტისგან შედგება. მესამე ვარიანტი დანი ვივიანია. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მწვრთნელი ახალგაზრდა ცენტრალურ მცველებს აკვირდება და რა გასაკვირია, რომ მათ შორის მოხვდა პაუ კუბარსიც. სწორედ ასაკია ინიგო მარტინესის პრობლემა - მუნდიალის დროს ის 34 წლის იქნება.
მარტინესი დე ლა ფუენტეს სიაში 2023 წლის მარტში მოხვდა, მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში არ დაბრუნებულა. არაა გამორიცხული, გამოცდილი ბასკი "ფურია როხას" მაისურით კვლავ ვიხილოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არა, რადგან დე ლა ფუენტე ახლა მხოლოდ მომავალზე ფიქრობს.
იმავე წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, პაუ კუბარსი უბრალოდ ნაკრებთან ერთად იქნება და ის არ ითამაშებს, თუ ამის აუცილებლობა არ იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]