სესკი: "ძალიან რთულია ისე მარტივად თამაში, როგორც ამას "ბარსა" აკეთებს"

სესკი: "ძალიან რთულია ისე მარტივად თამაში, როგორც ამას "ბარსა" აკეთებს"

მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" რიგებში ჩაეწერა, სესკ ფაბრეგასმა უამრავი ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტებთან. ახლა გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მან elpais.com-ს მისცა.

 

- როდის მიხვდით, რომ თქვენი დრო "არსენალში" დასასრულს მიუახლოვდა?

- გასულ სეზონში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ოთხ ტურნირში : ლიგის თასში, ინგლისის თასში, ჩემპიონთა ლიგაში და პრემიერ ლიგაში. ლიგის თასში ფინალში გავედით და... არაფერი. ჩვენ ვერ მოვიგეთ ვერცერთი ხსენებული ტურნირი. და მე მომივიდა აზრი, იქნებ ღირს დაბრუნება. და სწორედ მაშინ "ბარსამ" ჩემს მიმართ ინტერესი გამოთქვა... სავსებით ცხადი იყო: მე ან მივდიოდი "ბარსელონაში", ან ვრჩებოდი "არსენალში". არასდროს მიფიქრია, არ დავბრუნებულიყავი სახლში შედარებით ნაკლები ხელფასის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. 18 წლიდან ყოველთვის მქონდა შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან.

 

- "რეალიდანაც"?

- დიახ. არ არის საჭირო ყველა მათგანის ჩამოთვლა. შემოთავაზებები იყო, ეს ფაქტია.

 

- ვენგერმა თქვენ მოგიტაცათ?

- მასზე არასწორი წარმოდგენა არსებობს. რომ არა ვენგერი, ახლა მე "ბარსას" ფეხბურთელი არ ვიქნებოდი, იმიტომ, რომ 16 წლის ასაკში არ მექნებოდა დებიუტი ჩემპიონატში, 18 წლის ასაკში არ ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 20 წლის ასაკში არ ვიქნებოდი გუნდის კაპიტანი... რომ არა ის, არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი. მან დაარწმუნა "არსენალის" მფლობელები, რომლებსაც არ სურდათ ჩემი გაშვება, რომ ფასი დაეკლოთ.

 

- "მეთოფეთა" წინაშე თავს დავალებულად გრძნობთ?

- არა, მე მათ საკუთარი თავი მივეცი. ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რომ ვერ მოვიპოვე ტიტულები. მე მაინც ვერ შევძელი პრემიერ ლიგის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ გვქონდა ჩემპიონობის შანსი. ამ მხრივ მსურდა, რომ რაიმე დამეტოვებია, თუმცა ვერ შევძელი.

 

- რა მიგაქვთ ლონდონიდან?

- ბევრი მოგონება. ლონდონი ყოველთვის იქნება ჩემი ქალაქი. რიგით მოსახლეობაში ბევრი მეგობარი არ მყავს, თუმცა კარგი მეგობრები მყავს გასახდელში. მაგალითად როსიცკი, კარლოს ბელა... და ვენგერი. მის გარეშე მე არაფერი არ ვიქნებოდი. მათ შორის, არც მსოფლიოს ჩემპიონი.

 

- რა უფრო რთული იყო, 8 წლის წინ "ბარსას" დატოვება, თუ ახლა "არსენალიდან" წასვლა?

- ვფიქრობ, მაშინ კარგად ვერ ვიაზრებდი, თუ რას ვაკეთებდი, როცა აქედან მივდიოდი. და კიდევ, არასდროს მიფიქრია, რომ პირველ გუნდში ვითამაშებდი. შეხედეთ ინიესტას: ის 23 წლის იყო და მაინც არ დააყენეს ძირითადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც პარიზში გაიმართა. მაშინ ვფიქრობდი: "ანდრესი თუ არ თამაშობს, აბა მე საერთოდ სად ვიქნებოდი?". ახლა კი, როცა ლონდონს ვტოვებდი, უფრო გამიჭირდა, ვიდრე მაშინ, როცა ბარსელონა დავტოვე.

 

- როგორი იყო ვენგერთან დამშვიდობება?

- ჩვენ ვისაუბრეთ. მისი სიტყვები მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ბოლო დღეს კი... უფფ! მე ლაპარაკი მიჭირდა. ძალიან ვღელავდი და ვერაფერს ვეუბნებოდი მას. და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მე მას დავურეკე და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის. მე მას 10 ბალზე შევაფასებდი. რა თქმა უნდა, მასაც აქვს ძლიერი და სუსტი მხარე, მაგრამ, რაც მან მომცა - უბრალოდ შეუფასებელია.

 

- რა გასწავლათ ინგლისმა?

- მოდით, ერთად წარმოვიდგინოთ. მე 16 წლის ვიყავი, ბავშვი. ეს ახლა ვარ ახალგაზრდა ბიჭი. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს სისულელეა, მაგრამ მე იქ ინგლისური ვისწავლე. ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანის ნათქვამს გავიგებდი. იქ მე სირთულეების გადალახვა ვისწავლე.

 

- როცა გაიგეთ, რომ უკვე "ბარსას" ფეხბურთელი იყავით, პირველ რიგში რა გააკეთეთ?

- დავურეკე ჩემს დას. მე მას ეს დავპირდი.

 

- "ბარსა ტვ"-სთან ინტერვიუში თქვენმა ბებიამ თქვა, რომ არასოდეს უნახიხართ ასეთი ბედნიერი. მაშინაც კი, როცა ლონდონში თქვენ ერთად ამზადებდით სუპს.

- წარმოგიდგენიათ?! მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ხანდახან ვცდილობ, დავმალო ეს. მრცხვენია კიდეც ასეთი ბედნიერი რომ ვარ.

 

- "ბარსასთან" შეთანხმებას 2 წლის წინ მიაღწიეთ?

- არა, არაფერზე მისაუბრია "ბარსასთან" მანამ, სანამ "არსენალს" არ მოველაპარაკე.

 

- ტიტო ვილანოვამ თქვა, რომ "ბარსამ" იყიდა არა სესკი, რომელიც 16 წლის იყო, არამედ "არსენალის" კაპიტანი.

- ტიტო ჩემი ბოლო მწვრთნელი იყო კლუბში. ჩვენ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. მიხარია, რომ გასახდელში კვლავ ლეოსთან, ჟერარდთან ერთად ვარ... ტიტო მართალია. მე უკვე ის ბიჭი აღარ ვარ, რომელიც "კადეტეში" თამაშობდა.

 

- საფეხბურთო თვალსაზრისით, რა მოგცათ პრემიერ ლიგაში გატარებულმა ექვსმა წელმა?

- ბევრი გაკვეთილი. მეტოქეობის სულისკვეთება. ინგლისში უფრო გიჟური ფეხბურთია, ვიდრე აქ. ესპანეთში უფრო დისციპლინირებული, ტაქტიკური თამაშია, ბევრ პასებზე დამყარებული. იქ კი არავინ ფიქრობს თავის პოზიციაზე. მაშინაც უტევენ, როცა ეს საჭირო არ არის. და იქ გულშემატკივრებმა როგორი ხარდაჭერა იციან! აქ უფრო პოზიციური ფეხბურთია. ინგლისში მსაჯები უფრო რბილები არიან, ბევრის უფლებას აძლევენ ფეხბურთელებს.

 

- იქ მკაფიოდ გამოთქვამდნენ "სესკს"?

- გაცილებით უფრო მკაფიოდ, ვიდრე აქ.

 

- ამიტომ დაიწერეთ მაისურზე "ფაბრეგასი"?

- არა, ინგლისში იმიტომ მეწერა, რომ სავალდებული იყო მაისურზე ყოფილიყო გვარი. გადავწყვიტე, "ბარსაშიც" ამ წესებით მემოქმედა.

 

- პირველ რიგში რა ისწავლეთ "ბარსაში"?

- ის, რომ ძალიან რთულია მარტივად თამაში. და პრესინგი, როგორც ამას "ბარსა" აკეთებს, ასევე ძალიან რთულია.

 

- მართალია ჩავის სიტყვები, რომ ყველაზე კარგი აქ ვარჯიშებია?

- დიახ, ეს ყველაზე ლამაზია, რაც ცხოვრებაში მინახავს. მხოლოდ ბურთზე მირტყმის ხმა მესმის - ტუკ, ტუკ, ტუკ, ტუკ... ყოველდღიური ვარჯიშები აქ გაცილებით კარგია, ვიდრე მატჩები. აქამდე ასეთი რამ არასდროს მენახა.

 

- აქ კარგი ატმოსფეროა?

- თუ ნათქვამია, რომ ვარჯიშზე უნდა გამოვცხადდეთ 10:00 საათზე, ყველანი მოვდივართ 9:30 საათზე. და რა თქმა უნდა, პიკე მოსიარულე ანეგდოტია. ის ყველას უყვარს.

 

- რა გითხრათ გვარდიოლამ?

- არაფერი განსაკუთრებული. მხოლოდ ის, რომ მე უნდა ვიმუშავო, რომ ძირითადში ადგილი დავიმკვიდრო.

 

- თქვენი პირველი მატჩი "რეალის" წინააღმდეგ...

- უფფ! გვეყოფა "რეალზე" საუბარი. ახლა ჩვენ სან-სებასტიანზე, "მილანზე", პამპლონაზე ვფიქრობთ. სულმოუთქმელად ველი მატჩებს, რომ სხვა სტადიონებზეც ვითამაშო. უკვე ორჯერ ვითამაშე "კამპ ნოუზე", ასევე ვიყავი "ბერნაბეუზე", "ელ მადრიგალეზე", "მესტალიაზე"... ძალიან მინდა "სან მამესზე" თამაში. იქ ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა.

 

- როცა პატარა იყავით, ვინ გინდოდათ რომ გამოსულიყავით?

- ის, ვინც ახლა ვარ. ჩემი ერთადერთი ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.