5 წელი ლეგენდარული ფინალიდან
დღეს, 13 მაისს, ზუსტად 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ", ესპანეთის თასის ფინალში, "ბილბაო" 4:1 დაამარცხა.
ვალენსიაში გამართული კატალონიურ-ბასკური დაპირისპირება "ბარსასთვის" ისტორიული იყო. ეს პეპ გვარდიოლას სუპერგუნდისთვის პირველი ტიტული გამოდგა, რომელსაც კატალონიელებმა, იმავე სეზონში 2, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 3 დაამატეს და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევის ავტორები გახდნენ.
2009 წლის მაისი "ბარსელონასთვის" შესანიშნავად დაიწყო. თვის დასაწყისში გვარდიოლას შეგირდებმა "რეალი" მადრიდში 6:2 გაანადგურეს. რამდენიმე დღეში, "ბარსამ" "სტემფორდ ბრიჯზე", ინიესტას გოლის წყალობით, 1:1 ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა. 13 მაისს კი, კატალონილებმა გვარდიოლას ეპოქის პირველი ტიტული მოიგეს.
"ბარსელონას" ტიტული 3 წლის განმავლობაში არ მოეგო, ხოლო "ბილბაოს" თასის ფინალში ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ ეთამაშა. შეხვედრას ინტრიგას ისიც მატებდა, რომ მოგების შემთხვევაში, "ბილბაო" "ბარსელონას" თასების რაოდენობით გაუთანაბრდებოდა.
შეხვედრის სტარტი "ბარსელონათვის" წარუმატებელი გამოდგა - მე-9 წუთზე, ტოკერომ თავით ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, ბასკური გუნდი თავს კარგად იცავდა და ანგარიშის გასათანაბრებლად ინდივიდუალური ოსტატობა გახდა საჭირო. 32-ე წუთზე, იაია ტურემ სოლორეიდს ძლიერი დარტყმა მოაყოლა და ანგარიში ლამაზი გოლით გათანაბრდა.
მე-2 ტაიმში "ბარსელონა" შეუჩერებელი იყო. მესიმ, ბოიანმა და ჩავიმ "ბილბაოს" კარი 3-ჯერ აიღეს და კატალონიელებმა ესპანეთის სამეფო თასი 25-ედ მოიგეს.
დღევანდელი "ბარსელონადან" იმ თამაშში მონაწილეობა პინტომ, დანი ალვესმა, პიკემ, პუიოლმა, ბუსკეტსმა, ჩავიმ, პედრომ და მესიმ მიიღეს. ტურე, სილვინიო, კეიტა, გლები და ეტოო გუნდში აღარ არიან, ხოლო ბოიანი "აიაქსშია" განათხოვრებული.
[media=http://www.youtube.com/watch?v=oESG12Eeb_A]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]