მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ქარი ქრის, მესი ქრის, ფატი ქრის..
ძლიერად წვიმდა და ქროდა ქარი, ბურთის კონტროლიც ჭირდა, ტაიმის მიწურულს ლანგლეც გაგვიგდეს და ათნი დაგვტოვეს, მიუხედავად ამისა "ბარსამ" ძალიან დამაჯერებლად მოიგო. ვიგოში 11 კაცით ვერ ვიგებდით ხოლმე, კუმანმა 10 კაცით მოიგო. თუმცა, მხოლოდ კუმანს ნუ გამოვყოფთ, კარგად ჩანს, რომ შროიდერი და ლარსონიც მშვენივრად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.
ლარსონს შემტევებთან მუშაობა მიაბარეს და ჩანს, რომ შეტევაში თამაში ბევრად გამოვასწორეთ, გუნდი მაღალ პრესინგს თამაშობს, გაცილებით სწრაფად გადაადგილდებიან, ბურთიც სწრაფად მოძრაობს და თამაშიც სანახაობრივი გამოდის. შროიდერს ანალიზი ევალება და ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს.
ამიტომ, გუშინდელი შეხვედრიდან, პირველ რიგში, სამწვრთნელო შტაბს გამოვყოფდი.
სულ რაღაც ორი ტური გავიდა, მაგრამ ჩანს, რომ "ბარსა" მენტალურად და ტაქტიკურად მოძლიერდა. კუმანს ყველა დეტალი გათვლილი აქვს და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მარათონული ჩემპიონატი, მინიმალური დანაკარგით უნდა განვვლოთ. იქნებ ვალვერდეს, მიღწევასაც წაეთამაშოს და წაუგებლად იაროს სეზონის ბოლომდე?! ან, გვარდიოლას მსგავსად მიაყოლოს მოგებების სერია..
ანსუ ფატი
ისევ შეაგდო. ამჯერად გამოცდილი ცხრიანივით შასრულა. მე პირადად ეტო’ო გამახსენა. მცველი მის მსგავსად ჩამოიტოვა, დიდი ნაბიჯით, ერთი მოძრაობით მოწყვიტა ადგილს და შეასრულა. ეს ბიჭი დაფრინავს და კუმანის მხრიდან საკმარისი ნდობა აქვს. გაცილებით მეტად ენდობა, ვიდრე დემბელეს და აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად ენდობა, ვიდრე გრიზმანს, რადგან ლანგლეს გაგდების მერე, სწორედ ფრანგმა დატოვა მოედანი.
საქმე მხოლოდ გოლში არ არის, აშკარა პროგრესი აქვს ბურთის კონტროლში და სწრაფად გადაწყვეტილების მიღებაში. ერთი-ორჯერ ინიესტას მსგავსი მოძრაობით ჩამოიტოვა მცველები, რაც საკმაოდ მაგარი სანახავი გამოდგა.
"ბარსამ" ისე დაიწყო, რომ დათვლაზე ვართ გადასულები, ვითვლით რამდენ შეხვედრას მოვიგებთ ზედიზედ, რამდენ შეხვედრაში შევინახავთ კარს მშრალად, რამდენ გოლს შევაგდებთ და უკვე ფატის გოლების დათვლაც დავიწყეთ.
გამოცდა ვიგოში ჩაბარებულია, როგორც კუმანის, ისე ფატის მხრიდან.
გრიზმანი
იმასაც ვითვლით, რამდენი მატჩი დასჭირდება გრიზმანს გოლის გასატანად. კიდევ ერთი უსახური შეხვედრა ჩაატარა, ყველაზე მეტად მისი ცუდი თამაში მაშინ გამოჩნდა, როცა მოედნიდან გავიდა, თითქოს არაფერი შეცვლილა, გინდ იყოს, გინდ არა. "ბარსას" შეტევებს სიმწვავე არ მოკლებია. მესიმ და ფატიმ მის გარეშეც ყველაფერს გაართვეს თავი.
ყველაზე ცუდი, რაც გრიზმანს სჭირს, ჩემი დაკვირვებით მისი ინსტიქტების დაკარგვაა. ყველგან, სადაც აქამდე უთამაშია, ამ ინსტიქტებს ავლენდა, მაგალითად, არ ჰქონდა მნიშვნელობა ბურთს მოედნის რომელ მონაკვეთში მიიღებდა, მისი მომდევნო მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, რომ შეტევა მეტოქის კართან დასრულებულიყო, თუ უკან პასს აკეთებდა, უმალ აჩქარებას იწყებდა, რომ საჯარიმოს სიახლოვეს მიეღო ბურთი, ხან გამოდიოდა, ხან არა, მაგრამ სწორედ ამისკენ იყო მომართული, თუ ფლანგზე გადაჰქონდა, ასევე საჯარიმოსთან ამთავრებდა შეტევას, ისევე როგორც მესი. რამდენჯერ გვინახავს, როცა მესის ცენტრიდან დაუწყია გრძელი პასით და თავადვე დაუსრულებია შეტევა?! ბევრჯერ.. ძალიან ბევრჯერ.
იგივე თვისებები აქვს გრიზმანსაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ავლენს. მისი პასი აღარ არის დამამთავრებელი შეტევის ნაწილი, პასს მხოლოდ პასისთვის აკეთებს, გაგრძელებას თითქოს ვეღარ ხედავს.
ეს ხდება მაშინ, როცა თანაგუნდელების კარგად არ გესმის. არ გესმის ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგალითად, სუარესს და მესის იდეალურად ესმოდათ ერთმანეთის, აი გრიზმანი ამისგან ძალიან შორს არის, დრო კი გადის..
საუკეთესო ფეხბურთელი
ვიღაცისთვის მესი იყო. ვიღაცისთვის კოუტინიო, ალბათ ფატის მომხრეებიც გამოჩნდებიან. მესი იმიტომ ვერ გახდა საუკეთესო, რომ პირველ ტაიმში ბევრი წუნი ჰქონდა და თითქოს ცოტა გათიშულიც იყო. მას შემდეგ, რაც კაცნაკლულნი დავრჩით, ლეო მაქსიმალურ სისწრაფეზე გადაერთო და გადამწყვეტი როლი შეასრულა მატჩის მოგებაში.
უცნაურია, რომ გოლი არ გაუტანია, მეორე და მესამე გოლები მან შექმნა, ერთი კი არ ჩაუთვალეს. თავი ჰქონდა "ოფსაიდში" დარჩენილი. ეს კი დიდი უაზრო წესია, შემტევს თავი ყოველთვის წინ ექნება, მცველთან შედარებით, რადგან სახით კარისკენ დგას, ამიტომ თამაშგარე მდგომარეობის ხაზი ყოველთვის ფეხთან უნდა გაივლოს და არა ცხვირთან, აბა იბრაჰიმოვიჩმა რაღა თქვას?! სულ ზღვარს იქით იქნება..
საუკეთესო გახდა კოუტინიო, მართლაც ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. მისი ფორმაში ყოფნა გვახარებს, გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ კი ტაქტიკურ სქემას შეეწირა, უფრო სწორად, ლანგლეს გაუფრთხილებელ თამაშს, რამაც ტაქტიკური ცვლილებები გამოიწვია.
სქემა
"ბარსამ" ჩვეული სქემით დაიწყო, კუმანმა ასე მიგვაჩვია და სეზონის ბოლომდე ასე იქნება. კითხვები მხოლოდ შემადგენლობის მხრივ ისმის, რამდენიმე კითხვის ნიშანია და თამაშის წინ ვიღებთ პასუხებს. მაგალითად, გუშინ მივიღეთ ბუსკეტსი და არა პიანიჩი. კონკურენცია როგორ წაადგა სერხიოს, ამას ვხედავთ, უმატებს და უმატებს. არაფერი დაეწუნებოდა.
მალე გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა, სერჟი რობერტო თუ სერჟინიო დესტი? რობერტომ გოლი შეაგდო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. აი დესტის ნახვა ყველას გვაინტერესებს, არა მგონია მომდევნო ტურში, პირდაპირ "სევილიასთან" დააწყებინოს, მაგრამ მისი დებიუტის დროც მალე მოვა.
ეჭვი მაქვს, მალე გრიზმანსაც დაესმება ერთი დიდი კითხვის ნიშანი.
სქემა კი შეიცვალა ორჯერ. ლანგლეს გაგდების მერე, "ბარსა" 4-2-1-2-ით თამაშობდა, ანუ ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ფატის და მესის, გრიზმანი აღარ ჰყავდათ გვერდით.
მეორე გოლის შემდეგ კი "ბარსა" 4-4-1 სისტემაზე გადავიდა, წინ მხოლოდ მესი დარჩა. უცნაური სქემა გამოდგა, მაგრამ ამ პირობებშიც კი ძალიან ორგანიზებულად ვუტევდით. ასე სწრაფად რომ გუნდს ხელს დაატყობ, ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრს მუშაობ და ალბათ ასეც გაგრძელდება.
აი, ამხელა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს.
დაცვის ცენტრზე რა უნდა ვთქვათ? სანამ სატრანსფერო ფანჯარა დახურულა, ერთი ცენტრი აუცილებლად მოსაყვანია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]