მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დე იონგი არ დადის, დე იონგი დაფრინავს!
"ბარსა" მეოთხედფინალშია და ტურნირის ფავორიტად ითვლება. კოპა დელ რეი ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგების რეალური შანსი არსებობს და კუმანმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
"ბარსა" ასეთ შეხვედრებს ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე უნდა იგებდეს, მაგრამ აღარ არის საქმე ისე, როგორც წლების წინ იყო. ეგ კი არა, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე გუნდი წამყვან ფეხბურთელებს თუ შეინარჩუნებს, ეს უკვე დიდი საქმე იქნება.
კონკრეტულად ეს შეხვედრა საინტერესო გამოდგა და მივყვეთ ეტაპობრივად.
დაცვა
ბოლო დროს დაცვის ხაზი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მარჯვენა ფლანგზე გვყავს ცენტრალური მცველი მინგესა, რომელმაც გუშინ ერთხელ სცადა ჩაწოდება და ბურთი მეზობელ კორპუსში შეაგდო. მიუხედავად ამისა, ყველაფრის გათვალისწინებით, ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, კუმანი ენდობა და მინგესაც ამართლებს ნდობას, უპირველეს ამოცანას, ანუ დაცვაში თამაშს მშვენივრად ართმევს თავს.
არაუხოს შესაფასებლად და მისი პროგრესის ხაზგასასმელად ეს მატჩი არ გამოგვადგება, არაუხო პსჟ-თან უნდა შევაფასოთ, რადგან მთელი დაწოლა მასზე წამოვა, სწორედ იქ გამოჩნდება რეალურად რა დონეზე შეუძლია თამაში. "რაიოსთან" კი ბევრი საქმე არ ჰქონია.
ლანგლე თამაშიდან თამაშამდე უფრო ცუდი სანახავია. არაუხოს ფონზე კიდევ უფრო მეტად ცუდი ჩანს. პიკეს შემხედვარე ვერ გაიმეტებდი, იმიტომ, რომ პიკეც ხშირად ცდებოდა, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ არაუხოს მეწყვილედ ვერ გამოდგება. კუმანმა ფრანგებთან შეხვედრისთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიოს. ფლეი ოფში ძირითადისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია, უმტიტი ფორმაში შედის და მისი და არაუხოს წყვილი ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.
ფირპოს რაც შეეხება, სამჯერ დატოვეს იმ პოზიციაზე, რა პოზიიციიდანაც ალბამ დე იონგს გაატანინა. ალბა გაცილებით კარგად გრძნობს მომენტს, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ბოლო მომენტში და უფრო ზუსტადაც აკეთებს ყველაფერს. უმოკლეს მონაკვეთში გამოჩნდა ის უდიდესი სხვაობა, რომელიც მათ შორის არის.
პედრი-პუჩი
ტრიო დაიშალა. არც პედრის აწყენს დასვენება და არც რიკის თამაში. მათ შორის მთავარი განსხვავებაც გამოჩნდა, რიკი ყველაფერს უფრო სწრაფად აკეთებს, ნახევარდაცვის ცენტრში ვერცხლის წყალივით მოძრაობს, მაგრამ მისი პასები შეტევის სწორად განვითარების პერსპექტივას არ იძლევა. უხეშად რომ ვთქვა, უმეტესად ერთჯერად პასს აკეთებს. პასი-პასისთვის. ეს კარგია მაშინ, როცა მეტოქე ღრმად არის უკან ჩამჯდარი და სწრაფი პასებით ზონებს შორის სივრცეების გახსნას ცდილობ, მაგრამ "რაიოსთან" არ ყოფილა ასეთი სურათი, მოედნის ცენტრში საკმარისი თავისუფლება იყო იმისათვის, რომ უფრო კრეატიული შეტევებისთვის ჩაეყარა საფუძველი.
აი პედრი უფრო ნელა მოძრაობს, მაგრამ უფრო სწრაფად აზროვნებს და რაც მთავარია, მისი პასები ყოველთვის რაღაც უფრო დიდის ნაწილია, ის ხედავს შეტევის მომდევნო საფეხურებს და მის განვითარებას. ეს კი ძალიან დიდი უპირატესობაა, ეს ის პლუსია, რომლითაც ჩავი და ინიესტა გამოირჩეოდნენ.
გარდა ამისა, პუჩი ბურთს ვერ გაუფრთხილდა ისე, როგორც ცენტრალური ნახევარმცველი უნდა უფრთხილდებოდეს. ამ ეტაპისთვის პედრი უფრო მაღლა დგას.
საუკეთესო
სანამ საუკეთესო ფეხბურთელზე გადავიდოდე, ბუსკეტსზე ვიტყვი, რომ ისევ სტაბილურად კარგი იყო. სეზონის წინ პიანიჩის მოსვლით აშინებდნენ, მაგრამ ბუსკეტსი შეუცვლელი ფეხბურთელია. მის გარეშე "ბარსას" თამაში ძალიან არეულ-დარეულია, განსაკუთრებით ბურთის ამოტანის დროს.
დე იონგს რაც შეეხება, ტემპს არ აგდებს, პირიქით, უმატებს და უმატებს, ფრანგებთან პიკში უნდა იყოს, რაც მთავარია, მისი კარგი თამაში სტატისტიკაზეც აისახება, არც გოლებს აკლებს და არც პასებს. გამათანაბრებელი გოლის დროს მთავარი პასი სწორედ მისი იყო, მეორე ეტაპზე ყველაფერი მარტივად გაკეთდა, ამას გოლიც მიაყოლა და თამაში მოვიგეთ.
პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა ბურთი ხარიხას მოარტყა და ასევე ვნახეთ მისი და მესის უკვე კარგად ნაცნობი და დამუშავებული კომბინაცია, რომელსაც გოლი მოჰყვა, მაგრამ თამაშგარეს გამო გაუქმდა.
სეზონის წინ კუმანის დანიშვნის მთავარ უპირატესობად ის მივიჩნიეთ, რომ ფრენკის აათამაშებდა, ჰოდა, აათამაშა.
თავდასხმა
ერთ მომენტს ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მათ შორის შეფასებისა და წარმოდგენის. ტრინკაუმ გადამწყვეტ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ვერ გაიტანა. როგორც წესი, გოლის დროს აღარავის აკრიტიკებენ, მაგრამ პასი რომ გაეკეთებინა, კრიტიკასაც გადაურჩებოდა, არ აქვს მნიშვნელობა, მის პასს შეირგებდნენ თუ ვერა. მთელი თამაში კარგად ჩაატარა, მცველებს მარტივად ჩაგრავდა, სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, ნაკლები წუნი ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტმა ყველაფერი გააფუჭა. იმდენად სურდა თავის გამოჩენა, რომ იდეალურ პოზიციაში მყოფი მესი მიაიგნორა, ასეთი საქციელი თავის დროზე, კრისტიან ტელიოს ძალიან ძვირად დაუჯდა, მე მგონი, რომ ტრინკაუც იგივე ბედს გაიზიარებს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი შანსი იყო, რომელიც ვერ გამოიყენა.
მესი
ლეო დაბრუნდა, გაიტანა, ხარიხა შეაზანზარა, ბოლოს მცველები მიყარ-მოყარა და წონასწორობა რომ არ დაეკარგა გაიტანდა კიდეც. გაშვებული გოლის მერე სულ სხვა სისწრაფეებზე გადავიდა და ჩვეული პასებიც ჩამოარიგა.
საერთო ჯამში, თამაშზე არ გადავირიეთ, მაგრამ მოგება კარგია.
სამ დღეში "ბილბაოს" ვუმასპინძლებთ და იმედია ფინალისთვის შურსაც ვიძიებთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]