მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჟოაუ მესის სტილში - სიმეონე ისევ აგებს
"ატლეტიკოს" ბოლო წუთებზე გაახსენდა რომ ფეხბურთის სათამაშოდ იყო ჩამოსული, სიმეონეს ამ დროს ახსენდება ხოლმე, თან მესი აღარ არის "ბარსაში" და თითქოს აღარ ეშინია, მაგრამ სისხლში აქვს უკვე ეს ყველაფერი და სხვაგვარად არ შეუძლია. ჰოდა, ისევ წააგო. ამჯერად ინიაკი პენიას გმირობას მიადევნა თვალყური და ჟოაუს გოლს, იმ კაცის გოლს, რომელიც თავად ვერაფრით შეირგო. ვერ შეირგო ზუსტად იმიტომ რომ ავიწყდება ხოლმე ფეხბურთის თამაში.
"ბარსას' ტოტალური უპირატესობა ჰქონდა, ბოლოს კი მაინც დაიძაბა თამაში, რატომ? იმიტომ, რომ ერთზე მეტი ვერც ამჯერად გაიტანეს, ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ხელის გულზე დევს, "ბარსას" გამტანი ფორვარდი სჭირდება, თანაც ისეთი, რომელიც წვეთოვანზე ჯერ არ არის შეერთებული.
მეტოქემ ყველაზე რეალური მომენტი სტანდარტულიდან შექმნა. ამჯერად "ბარსას" გაშვებულმა კაცმა შემოგვიტია, მაგრამ პენიამ ჩილავერტი გამახსენა. დიახ, უკვე ბებერმა ღმერთმა გაუშვა ბურთი პირდაპირ ცხრიანში! აუღებელი იყო, მაგრამ აიღო. თავად დიეგომ დაუკრა ტაში, გამახსენდა როცა ტერ შტეგენი გვაჩვენეს, დაუფასა შემცვლელს სეივი და ამაყიც იყო ალბათ ცოტათი.
აი, ჰგავდა ეს ორი სეივი რაღაცით.
სასტარტო
დაცვა კარგად იდგა. პენიას მსგავსად. ჩავის კანსელუ ძალიან მოეწონა მარცხენა ფლანგზე და ბალდეს მოუწია სკამზე გადაჯდომა. ასე უფრო ხშირად ურტყამს ხოლმე კარში, ჰოდა, გუნდი რომელსაც ერთი გოლიც ძლივს გააქვს, ეს მოცემულობაც გამოსაყენებელია.
მარჯვნივ კუნდე ვნახეთ, რამდენჯერმე კარგად ჩაერთო, რაც მთავარია, მძიმე შეცდომები არ დაუშვია, რაც სჩვევია ხოლმე. ცენტრში კი კრისტენსენი და კაპიტანი. მაგრად დადგნენ. მათი დამსახურებაა, რომ "ატლეტიკომ" მთავარი საფრთხე მხოლოდ საჯარიმო დარტყმიდან შექმნა.
თუმცა, ტოტალური კონტროლი მაინც ნახევარდაცვის სამეულის დამსახურებაა. კარგი სამეულია - ილქაი, ფრენკი და პედრი. საყრდენი არცერთი არ არის, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ილქაი და დე იონგი კარგად აზღვევდნენ ერთმანეთს. სხვაგვარად არ გამოვა, რომეუს ვეღარ ვენდობით.
იქნებ დარჩნენ ჯანმრთელად და შეთამაშდნენ, ეს არის ახლა მთავარი საზრუნავი.
საწყისი წუთები
გვითქვამს ბევრჯერ, ჩავი ცენტრალურ მატჩებში უკეთ ამზადებს გუნდს. ამჯერადაც ასე იყო, თავიდანვე მაგრად დაიწყეს და ბოლომდე ფლობდნენ უპირატესობას, უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს, ეს კი საერთოდ არ არის უბრალო ამბავი. ფეხბურთში მთავარი მაინც გოლია. ვერ გაიტან - გაგიტანენ. თუ ვერ გაგიტანენ, მინიმუმ მაგრად განერვიულებენ, ჩვენ კიდე ძალიან დიდი ხანია უკვე ვნერვიულობთ.
ჯერ რაფინიამ გაუშვა კარგი შანსი, მცველი მოტეხა და სადღაც აუტისკენ დაარტყა, მერე ლევანდოვსკის ჯერი მოვიდა, მარჯვენა ფლანგზე დაყენებული კუნდეს პასი სადღაც პოლონეთის საზღვართან გადააგდო. არადა, ჩვენ ვაფასებთ რობერტის სიზუსტეს. მეორე ტაიმში მცველი ისე მოატყუა როგორც უმაღლესი კლასის ფორვარდს ეკადრება, დარტყმა კი კატასტროფული იყო. ამ დროს სუარესი ყოველთვის ფეხის გარეთა ნაწილით ურტყამდა, ურთულესია, მაგრამ სუარესი ახერხებდა გადაწყობას, ლევანდოვსკის არსენალში ეს იარაღი არ მოიძებნება. პირიქით მოიქცა, შიდა ნაწილით აუჭრა და ბურთიც აცდა, რა თქმა უნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში რაფინიას ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ძელმა იხსნა "ატლეტიკო" და ბოლოს როგორღაც მოახერხეს და სასწაული კონტრშეტევები ჩააფლავეს. იამალს გამოცდილება და სიმშვიდე არ ეყო. ორივე ეპიზოდში ძალიან იჩქარა. იმის ნაცვლად რომ მცველი ორი-ერთზე გამოეჭირა პასი გააკეთა ნაადრევად, თითქოს შეეშინდა, ვაიდა ჩავიმ შენიშვნა არ მომცესო და ნაადრევად ჩავარდა, თანაც, ცუდი პასი იყო.
ჟოაუმ აღნიშნა
გოლი იყო მშვენიერი! ლიონელ მესის სტილში. მარცხენა ფეხით გადაავლო ობლაკს და გაახვია ბადეში. შეხტა მერე ბანერზე და ღრიალი არ დაუწყია გამოიღეთ მთელმა მადრიდმაო, მაგრამ საქციელით ეგ იგულისხმა. პირველ რიგში, იგულისხმა სიმეონე, პასუხი გასცა, შური იძია. როგორ განვითარდება მისი კარიერა კაცმა არ იცის, მაგრამ ეს პატარა პასუხი დაამახსოვრდება.
"პორტუსთან", "ატლეტიკოსთან".. როგორც იქნა გაიღვიძა. ახლა ლევანდოვსკის გამოღვიძებას შეგვიძლია დაველოდოთ.
შემდეგი მატჩი "ჟირონასთან" გვაქვს. ლიდერთან. მეზობელთან. მადრიდში მშვიდად მიადევნებენ თვალს, ჩვენ კი მათთან მიახლოების კარგი შანსი გვექნება, ჩამოგდებით ჯერ ვერ ჩამოვაგდებთ, სხვაობა ოთხი ქულაა, მაგრამ მათი ლიდერობა მაინც დროებითი მგონია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]