მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი გაიხსნა!
ახალი სეზონიც დაიწყო!
მომილოცავს.
სამწუხაროდ, გამარჯვებას ვერ მოგილოცავთ. ვერც კარგ და ლამაზ თამაშს. არც ერთი გამოვიდა, არც მეორე.
მოგება თითქოს ჯიბეში იდო, მაგრამ ამოგვაცალეს, VAR-იც ვერაფერს გახდება ესპანელ მსაჯებთან, ვერც შეეკამათები, ერთი რაკურსით გავიზე ხელს დაინახავ, მეორეთი მკერდს, მიდი და ედავე, რომელსაც უნდა იმას მოიტანს საბუთად.
მე კი მგონია, რომ გავიმ მკერდით ითამაშა, შესაბამისად ჯარიმა არ ყოფილა და მომდევნო ეპიზოდში პენალტიც იყო.
მსაჯებმა დიდი ამბავი აწიეს, სადავოც ბევრი რამ იყო, ჩავი მთელი ცხოვრებაა ამათ უყურებს და მაინც ვერ დაიჯერა, რომ ტრიბუნაზე გაუშვეს, ბოლო ეპიზოდსაც იქიდან მიადევნა თვალყური, წითელი კი ემოციების გამო მიიღო, ეზალზული წააქციეს და ითხოვდა დარღვევას, ავტომატურად წითელ ბარათსაც, მაგრამ რასაც ითხოვდა თავად მიიღო.
ბავშვობიდან მოყოლებული, რაც ესპანურ ფეხბურთს ვუყურებ ამ ლიგაში აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა, ხალხით დაწყებული, ტაბლოთი დამთავრებული, მაგრამ მსაჯებს არაფერი ეშველათ. ამ შემთხვევაში უსამართლობაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ, ძალიან დაბალი დონეა.
ახია შენზე
პირველ ტაიმში იყო მომენტი, როცა მეტოქე გაიქცა ერთი-ერთზე ჩვენს ახალ კაპიტანთან, კუნდემ მოქაჩა, ის არ წაიქცა, ჭკუა არ ეყო, საჭირო დროს წაქცევა და წითელი ერთი იქნებოდა, კუნდემაც ბოლოს გაუშვა ხელი და იმ კაი კაცმა ლეგენდარული დარტყმა შემოგვთავაზა. "ხეტაფეს" ფანებს არასდროს დაავიწყდებათ.
მსაჯების გადაწყვეტილება, რომელსაც კამათი არ გამოუწვევია რაფინიას ქაჯობას მოჰყვა, აბა რა დავარქვათ ამას?! სჩვევია ხოლმე ასეთები, ვერ შეიცვლება. მთავარი კონკურენტი გამოაკლდა, პარიზს მიაშურა. ბრაზილიელმა ალბათ ზედმეტი თავისუფლება იგრძნო და.. აჰა, გამოავლინა თავი. მინიმუმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ალალი იქნება.
მოედანს რომ ტოვებდა საინტერესო სურათიც ვიხილეთ, ხანდახან არის მომენტები ხელს მიარტყამენ ხოლმე მწვრთნელები, გასამხნევებლად, ჩავი კიდე მოსცილდა, ახლოს არ გაიკარა, როგორც ჩანს, ძალიან გაბრაზდა.
მეორე ტაიმში არაუხოს თავგანწირვამ შეგვაძლებინა ის, რომ რაოდენობა გათანაბრდა, მეტოქე აიძულა წესები დაერღვია და მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა. საერთოდ, აქტიური იყო, როგორც ყოველთვის. რადგან ასეთ მატჩშიც ფლანგზე ვიხილეთ, ესე იგი, მთელი სეზონი კუნდეს დაუთმობენ ცენტრს, არაუხო კი ფლანგზე ირბენს. უნდა ითქვას, რომ არაუხოს ჩართვები ბევრად სახიფათოა, თუმცა, კუნდე ცენტრშია სახიფათო, იმიტომ, რომ თითქმის ყველა მატჩში ცდება პირველი პასის დროს, რაც, დამღუპველია.
დებიუტანტებიც ვნახეთ
სეზონის ტრადიციული პროგნოზებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ჯერ ისევ ტრანსფერების მოლოდინში ვართ. ნეიმარი არაბეთში გაეშურა, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთვქათ, რომ თავისივე კარიერა ჩარეცხა. ძალიან ძალიან დიდხანს მოუწევს იმაზე ფიქრი, რა მოხდებოდა "ბარსელონაში" რომ დარჩენილიყო. ფაქტობრივად, მუდმივი ტანჯვა გამოიწერა.
საუბარია ისევ და ისევ "სიტის" ფეხბურთელებზე, პეპი იქ არის, ბეგირისტაინი იქ არის, სორიანო იქ არის, თუ ვინმესთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება სწორედ ეს ხალხია.
კანსელუ და ბერნარდუ გვსურს. პორტუგალიელები.
კანსელუ უნივერსალი მცველია, ორივე ფლანგზე თამაშობს, გვარდიოლასთან კი ვერ დალაგდა, წინა სეზონი ფანტასტიურად დაიწყო და მერე მათ შორის რაღაც აირია. ჰოდა, "ბარსა" თავის შანსს ელის, წინა წელსაც იყო სურვილი, მაგრამ ფული არ იყო და სავარაუდოდ არც ახლაა.
ბერნარდუს ხელში ჩაგდება კი გაცილებით რთული იქნება. არადა, ძალიან გვჭირდება. "ხეტაფესთან" მატჩშიც გამოჩნდა, რომ წყალივით გვჭირდება. თქვენ მთელი სეზონი რაფინიას ყურებას ეხუმრებით?!
იქნებ რამე გამოვიდეს, თორემ, ჩანს, რომ დიდი პრობლემებია.
ითამაშეს გიუნდოგანმა და რომეუმ. რავიცი.. ცუდი იყო-მეთქი ვერცერთზე ვერ ვიტყვი. ნათელია, რომ ადაპტირებაა საჭირო, განსაკუთრებით ილქაის ეხება ეს ამბავი, იმიტომ, რომ გაცილებით მეტს ველით. ისე კი, დიდი კონკურენციაა ნახევარდაცვაში, და ყველაფერი რომეუზეა დამოკიდებული, თუ გაქაჩავს მის წინ ატყდება ერთი ამბავი, თუ ვერა და ვნახავთ ხოლმე საყრდენზე დე იონგს და ილქაისაც.
თუმცა, ჩავიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ რვიანებს არ უყვართ ექვსიანზე თამაში.
როგორც წინა სეზონში
კარი მშრალია. კაპიტანმა გოლი არ გაუშვა. შეტევაში კი ისევ ძალიან გვაკლია კრეატივი. ვერც ბალდე იყო შეტევაში საკმარისად აქტიური. პედრი თუ თამაშობს, პირველ რიგში, ბალდეს აქვს მარცხენა ფლანგი ასათვისებელი, ამჯერად ვერ გამოვიდა კარგად. შემტევ ფაზაში ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ სათანადოდ ითამაშა. ისევ რაფინია აქტიურობდა, თუმცა, წყალში ჩაყარა ყველაფერი.
ლევანდოვსკი წინა სეზონის მიწურულს როგორიც დავტოვეთ ახლაც ისეთია, მაგრად დაღლილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ახალი სისხლია საჭირო, განსაკუთრებით შეტევაში. საუკეთესო ვარიანტი, რა თქმა უნდა, ბერნარდუ სილვაა. ჰოდა, დაველოდოთ, თუ არადა, ვუყუროთ მერე პატარა "ლამასიელებს".
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]