პედროს ინტერვიუ

პედროს ინტერვიუ

დიდი ხნის წინ არ იყო, როდესაც ახალგაზრდა პედრო როდრიგესი, იმ დროისთვის ცნობილი, როგორც "პედრიტო", გადმობარდგა "ბარსას" ახალგაზრული აკადემიიდან პირველ გუნდში. მან ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან მესი და ჩავი. პედრომ საფუძველი ჩაუყარა "ბარსას" რეკორდს, როდესაც "ლურფ-ბროწეულისფერებმა" 6 ტიტული მოიგეს 1 სეზონში. როდრიგესმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალში გოლები გაიტანა, ხოლო შემდეგ "ფურია როხასთან" ერთად აღმართა მსოფლიო ჩემპიონატის თასი. "ფიფას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი იყო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება იაპონიაში.

 

 - პედრო, თქვენი პირველი ღირსშესანიშნავი ტიტული იყო 2009 წელს მოგებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. როგორი მოგონებები გაკავშირებთ ამ ტურნირთან? 

 

 - ძალაინ ბედნიერი მოგონებები მაკავშირებს... ჩემთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ტურინირი იყო, რადგანაც გოლის გატანა მოვახერხე ნახევარფინალშიც და ფინალშიც. ამას გარდა, მე ყველა იმ ჩემპიონატში გავიტანე ბურთი, სადაც "ბარსელონამ" ისაპარეზა იმ წელს. ფანტასტიკური წელი იყო და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ.

 

 - "ბარსელონას" ძალიან გაუჭირდა "ესტუდიანტესთან" თამაში ფინალში...

 

 - ვიცოდით, რომ ეს გუნდი მოსაგებად ყველაფერს გააკეთებდა. ხალხი ზოგჯერ არ აფასებს ისეთ გუნდებს, რომლებიც პრესტიჟულ ტურნირებზე არ ასპარეზობენ, თუმცა ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მოხვედრა. კარგად მოვემზადეთ "ესტუდიანტესთან" გასამართი მატჩის წინ და მატჩის სადავეებს ხელიდან არ ვუშვებდით. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ვაგებდით, მოვახერხეთ და მატჩის ბედი ჩვენს სასიკეთოდ შევცვალეთ. ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ და თასი ჩვენთან აღმოჩნდა.

 

 - ამის შემდეგ თქვენი კარიერა პროგრესირებს. გეგონათ თუ არა, რომ ამდენს მიაღწევდით?

 

 - ყოველთვის ამბიციური ვიყავი, ყოველთვის მსურდა თამაში და ყოველთვის ვიცოდი, რომ ამის ნიჭი მქონდა. პატიოსნად რომ გითხრათ, ასეთ წარმატებას ნამდვილად არ მოველოდი. ბრწყინვალე წლები მაქვს გატარებული ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და მიხარია მათ გვერდით წარმატება.

 

 - მიუხედავად იმისა, რომ ეს ტიტული უკვე მოგებული გაქვთ, ხართ თუ არა ისევ ისეთი მონდომებული იაპონიაში გასამართი ჩემპიონატის წინ?

 

 - ურთულესია ამ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება და ვაპირებთ ყველაფერი გავიღოთ, რათა ამ ტიტულს კიდევ ერთხელ დავეუფლოთ. ვიცით, რომ მოგვიწევს ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც "სანტოსია". ისინი ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ. არც "მონტერეი" უნდა დავივიწყოთ. ვიცით, რომ მექსიკურ გუნდებს ბრწყინვალე კოლექტივი ჰყავთ დაცვაში და სახიფათონი არიან კონტრ-შეტევებზე. მართლია სხვა გუნდებზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ გვექნება დრო მათ შესასწავლად.

 

 - "სანტოსზე" ლაპარაკმა მოიტანა და რას გვეტყვით ნეიმარზე, რომელზეც საუბრობენ, რომ ესპანეთში აპირებს გადმობარგებას?

 

 - სამწუხაროდ, არასდროს მქონია იმის პატივი, რომ მოედანზე მასთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ვიცი მისი უზადო ტექნიკისა და სისწრაფის ამბავი. ბრწყინვალე დარტყმა აქვს და ორივე ფეხს მშვენივრად ხმარობს. მოკლედ რომ ვთქვათ, შესანიშნავი ფეხბურთელია და უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ მას.

 

 - ფიქრობთ, რომ "ბარსა" წელს გაუმჯობესდა?

 

 - გუნდს ყოველ წელს ემატებიან ტალანტები და შესანიშნავი კოლექტივი იკრიბება. ჩემი აზრით, სესკის, ალექსისისა და ტიაგოს პირველ გუნდში მოსვლამ უფრო კომპაქტურნი გაგვხადა. ახლა უფრო ძლიერები ვართ, ისინი ცვლიან თამაშის სურათს. მათ თავიანთი გამოცდილება შესძინეს გუნდს. ალექსისს შეუძლია ჩამოვიდეს საკუთარ ნახევარზე და აიტანოს ბურთი, სესკს შეუძლია დააბალანსოს გუნდი, ტიაგო კი ძალიან დინამიურია.

 

 - მათი გუნდში მოსვლით თქვენ სათამაშო დრო შეგიმცირდათ...

 

 - გუნდში ყოველთვის იყო კონკურენცია, ახლა კი უფრო მაღალი ხარისხია ამ მხრივ. ბევრად ძლიერები ვართ და მყარი სათადარიგო სკამი დიდ პრობლემებს შეუქმნის ოპონენტებს. არ ვარ როტაციის წინააღმდეგ, რადგანაც ყველას შეუძლია რაღაც ახლის შემოტანა. უამრავი ტიტულის მოგება გვსურს და მაღალი დონის ფეხბურთელები ამის საწინდარია.

 

 - თვლით, რომ "ბარსელონა" ფავორიტია ყველა იმ ტურნირზე, რომელშიც ასპარეზობს?

 

 - დიახ, ასე ვთვლი, რადგანაც ბრწყინვალე კოლექტივი ვართ, თუმცა უნდა გავითავისოთ, რომ არ არსებობს იოლი მეტოქე და ადვილად მოსაგები ჩემპიონატი. ყოველ წელს რთულდება ყველაფერი. წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, სადაც უმრავი აღმართი და დაღმართია, თუმცა მზად ვართ გამოწვევებისთვის.

 

 - ყველამ იცის, თუ რა სტილში ასპარეზობს "ბარსა" ამ დროისთვის. ეს თქვენ საქმეს გირთულებთ?

 

 - ცოტათი. ყველა ერთნაირად თამაშობს ჩვენს წინააღმდეგ. ოპონენტები მოედნის სიღმეში არიან და ელოდებიან ჩვენს შეცდომას, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის სიმშვიდის შენარჩუნება, რადგანაც ეს ერთადერთი გზაა დამღლელი სეზონის წარმატებით დასასრულებლად.

 

 - "ბარსელონამ" უამრავი ტიტული მოიგო. ნუთუ ისევ ისეთი დიდი მოტივაცია გაქვთ, როგორც ადრე?

 

 - აბსოლუტურად. უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები გვყავს და ისინი ყოველ წელს უფრო და უფრო მშივრები არიან და სურთ წარმატება. წარმოუდგენელია ითამაშო კარლეს პუიოლის გვერდით და მოტივაცია დაკარგო.

 

 - და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

 

 - უდიდეს დროს ვუთმობდი ფეხბურთს პატარაობაში, პირველად მეგობრებთან ერთად, ხოლო შემდეგ კლუბთან. მთავარი ჩემთვის მაინც ის იყო, რომ ბევრს ვშრომობდი. ცხადია, ბევრი რამ ვისწავლე "ბარსაში", რადგანაც ყოველთვის ბრწყინვალე მწვრთნელებთან მქონდა ურთიერთობა. ყოველთვის, როდესაც ახალი ფეხბურთელები ემატებიან გუნდს, ვუყურებ მათ და ვაკვირდები რას აკეთებენ. როდესაც ყოველ კვირა თამაშობ მსოფლიო კლასის ფეხბურთელებთან ერთად, როგორ არ უნდა ისწავლო ყველაფერი საუკეთესო? (იცინის).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.