"ლევანტე" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ
"ლევანტეს" გამანადგურებელი დამარცხების და ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტის განმეორების შემდეგ ტიტო ვილანოვამ ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდა: "ლა ლიგის ბედი გადაწყვეტილი არაა. წინ კიდევ 75 ქულაა გასათამაშებელი, ხოლო მადრიდის "ატლეტიკო" მხოლოდ 3 ქულით ჩამოგვრჩება. წინ კიდევ დიდი გზაა. მახსოვს, რომ მუშაობის პირველ სეზონში ჩვენ ასეთი უპირატესობა გვქონდა "რეალთან", თუმცა ბოლოს ტიტულის მოსაპოვებლად "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოსაგებად ჩასვლა დაგვჭირდა" – დაამატა მწვრთნელმა.
ვილანოვამ შეაქო მადრიდის "ატლეტიკო" და განაცხადა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია: "ამ გუნდს ძლიერად და სტაბილურად მივიჩნევ, რომელმაც უკვე კარგი სეზონი ჩაატარა. შემდეგ ტურში ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავამარცხოთ ბილბაოს "ატლეტიკი". ჩვენ ნეიტრალურად ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება მადრიდის "ატლეტიკოს" და მადრიდის "რეალის" თავს. ჩვენ მათზე ზეგავლენას ვერ მოვახდენთ".
ამაყია 11 კანტერანოს გამო
კვირას "სიუტატ ვალენსიაზე" კლუბის აკადემიაში აღზრდილი 11 მოთამაშე თამაშობდა ერთად: "ჩვენ ამით კმაყოფილები ვართ, რაც ლოგიკურიცაა, რადგან 7 თუ 8 მათგანი კატალონიაში დაბადებულია. ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ". ვილანოვამ იქვე დაამატა, რომ ასეთ სცენარზე არ ფიქრობდა: "ალვესმა დაზიანება მიიღო, ხოლო ადრიანო ახალი დაბრუნებულია, ამიტომაც ჩემი არჩევანი მარტინ მონტოიაზე შეჩერდა. ძირითად შემადგენლობაში 11 კანტერანოს დაყენებას არ ვაპირებდი".
პრეს–კონფერენციის ბოლოს მწვრთნელმა იმ მთავარ ფაქტორზე მიუთითა, თუ რატომ მოიპოვეს ასეთი გამარჯვება: "ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც სწრაფად იწყებს შეტევებს და კარგად მოქმედებს შეტევაში. ის ფაქტი, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფი გოლი გავიტანეთ ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემი გახდა, ხოლო მეტოქე ამან ძალიან დააბნია".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]