კატალონიური პრესა ამტკიცებს: "ბარსელონა" და "სანტოსი" შეთანხმდნენ
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" და "სანტოსი", ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ახლა, Sport-იც და El Mundo Deportivo-ც ამტკიცებენ, რომ მხარებმა შეთანხმებას მიაღწიეს და დასარეგულირებელი მცირე დეტალებიღა დარჩა.
პარასკევს დღისით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლეს. 3-საათიანი მოლაპარაკებების დროს, კატალონიურ პრესაში ოპტიმისტური ცნობები ჩნდებოდა. იწერებოდა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან. ივარაუდებოდა, რომ შეთანხმება პარასკევს ღამითვე შედგებოდა და თუ Sport-სა და El Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, ასეც მოხდა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" "სანტოსს", ბრაზილიური კლუბის საკუთრებაში არსებულ წილში, 25 მილიონ ევროს გადაუხდის. ამას ემატება 2 ამხანაგური მატჩის ჩატარების ვალდებულება. ერთის სან პაულუში და ერთის ბარსელონაში.
Sport-ის ცნობით, "სანტოსმა" ნეიმარს შეთანხმების მიღწევის შესახებ უკვე აცნობა. ახლა, მოლაპარაკებებს "ბარსელონა" და ფეხბურთელი გამართავენ. El Mundo Deportivo-ს ცნობით, ბრაზილიელი კატალონიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]