ალვესი დაბრუნდა - როტაციის პრობლემა ცოტათი მოგვარდა

ალვესი დაბრუნდა - როტაციის პრობლემა ცოტათი მოგვარდა

თითქოს ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელი დანი ალვესი 23 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში "ატლეტიკ ბილბაოს" წინააღმდეგ თამაშში მიღებული ტრავმის შემდეგ 4 კვირას იუქმებდა და მომდევნო ოთხშაბათს, ბალაიდოსში, "სელტას" წინააღმდეგ დაბრუნდებოდა.

მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კატალონიელთა ლაზარეთში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოთამაშემ გადაინაცვლა, ლუის ენრიკემ ალვესს უფრო მეტი დატვირთვით ვარჯიში, მეტი ძალისხმევა სთხოვა, რაც ფეხბურთელმა უსიტყვოდ შეასრულა და შედეგიც გამოიღო - იგი დღევანდელი მატჩის განაცხადში მოხვდა.
ლუის ენრიკეს მიერ არჩეული 18 მოთამაშიდან 17 პირველი გუნდიდანაა.

ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია გუშინ იყო და ძალიან გასაგებად ახსნა ალვესის მდგომარეობა, ასევე დაამატა - "ეს საუკეთესო სიახლეა, რაც ამ კვირაში გავიგეთ."

ოთხშაბათის მატჩში პიკეც დაბრუნდება. მიუხედავად "ბარსელონას" რამდენიმე ცდისა, საარბიტრაჟო სასამართლომ ესპანელ მცველს სუპერთასზე "ბილბაოსთან" მიღებული 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ შეუმცირა. რაც შეეხება ბრაზილიელს, ლუის ენრიკეს აზრით მარჯვენა მცველი მზადაა 90 წუთი სათამაშოდ, და დიდი ალბათობით მას დღეს სასტარტოში ვიხილავთ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ალვესის არყოფნისას სერხი რობერტო დაკისრებულ მოვალეობას საკმაოდ კარგად ართმევდა თავს. მიუხედავად ამისა, დასვენება ესაჭიროება ნახევარდაცვის ხაზს, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი შეუსვენებელი წუთი დაუგროვდა, დროა რობერტომ რომელიმე ნახევარმცველი - განსაკუთრებით კი ინიესტა - ჩაანაცვლოს, სანამ კიდევ ერთი ცუდი ამბავი არ გაგვიგია, მით უმეტეს რომ რობერტოს სათამაშო პოზიცია ეს გახლავთ.

ასევე მოსალოდნელია რომ ლუის ენრიკემ ალბა, ბუსკეტსი ან სუარესი მაინც, დაასვენოს, რამეთუ ეს ფეხბურთელებიც შეუსვენებლად თამაშობენ ამ სეზონში.

ასეთი როტაციები ორმაგად კარგია. პირველ რიგში, ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობა უჩნდებათ და ამასთან, ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ან ისეთებსაც, რომლებმაც ჯერ-ჯერობით ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს, შანსი ეძლევათ კიდევ ერთხელ დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები, ასეთი კი ბლაუგრანას რამდენიმე ჰყავს - ადრიანო, ბარტრა, მუნირი, სანდრო და ა.შ.

კალენდარს თუ გადავხედავთ, დღევანდელი მატჩში როტაციები აუცილებელია, რათა ფეხბურთელების "გადაწვა" თავიდან ავირიდოთ. ამის შემდეგ ასეთი შანსი ლა ლიგის მომდევნო ტურში, "კამპ ნოუზე" "ლას პალმასთან" გვექნება, ლუის ენრიკეს კი ამ ორი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება მართებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.