კამპანია, რომელსაც "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია უმკლავდება
Marca-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ლიონელ მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით შთამბეჭდავად მაშინ გამოიყურება, როცა მას Marca ჩვეულ სტილში, ემოციურად გადმოგვცემს:
"მესიმ ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ცოლთან ერთად მივლინებაში იმყოფებოდა და იბიცაზე განტვირთვას ცდილობდა.
არგენტინელს თავში რამდენიმე ვარიანტი უსასრულოდ უტრიალებდა, ბოლოს კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს: არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი და დაელოდოს მიმდინარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვას, რომ ყველაფერზე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს.
მან აზრები მამასა და კიდევ ერთ ადამიანს გაუზიარა, მათ კი ფეხბურთელის გადაწყვეტილება "ბარსელონას" პრეზიდენტ, ხოსეპ მარია ბართომეუს აცნობეს.
ბართომეუმ ფეხბურთელს კარგად დაფიქრება თხოვა.
"ვცდილობთ მესის ავუხსნათ, რომ ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს." - განაცხადა პრეზიდენტმა. მას შემდეგ, მხარეებს შორის ოფიციალური კონტაქტი აღარ ყოფილა."
გამოცემა Marca იტყობინება, რომ ლეომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა ცოლთან ერთად იბიცაზე ისვენებდა, მაგრამ მადრიდულმა გამოცემამ ამის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 14 ნოემბერს გაავრცელა. რაშია საქმე?
25 ოქტომბერს Marca-ს მიერ გამართულ დაჯილდოების ცერემონიას "ბარსელონას" არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. კლუბმა მოწვევა უარყო, რადგან "ფეარ პლეის" პრიზი ლა ლიგის პრეზიდენტ, ხავიერ ტებასს გადაეცა.
ესპანეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა, რომელიც საფეხბურთო კლუბების მიერაა არჩეული და რომლის უპირველესი ამოცანაც კლუბებისა და ფეხბურთელების ინტერესების დაცვაა, "ბარსას" მოთამაშეები ღიად გააკტირიკა და მათ სიმულიანტები უწოდა. შედეგად, "ბარსელონამ" ტებასის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მას უნდობლობა გამოუცხადა.
მესი და სუარესი Marca-ს ლაურეატები გახდნენ, კლუბმა ამის შესახებ გალა-კონცერტის დაწყებამდე იცოდა, მაგრამ მისგან თავი შორს დაიჭირა.
"ბარსელონამ" ასეთი გადაწყვეტილებით ცეცხლზე ნავთი დაასხა, ამან კი ლიონელ მესისა და ზოგადად კატალონიური კლუბის წინააღმდეგ განწყობილი კამპანიის ამოქმედება გამოიწვია.
მადრიდული გამოცემა ცდილობს ლიონელ მესის რეპუტაციის შერყევასა და არგენტინელი ფორვარდის ირგვლივ სიტუაციის დაძაბვას.
ამ კამპანიის მიზანია "ბარსელონას" საათივით აწყობილი სისტემის დესტაბილიზაცია. საბედნიეროდ, ასეთი მანიპულაციები არგენტინელ ფორვარდსა და მსოფლიოს საუკეთესო კლუბზე უკვე დიდი ხანია აღარ მოქმედებენ.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ: "გრიზმანი "ატლეტიკოს" ტოვებს." - ამ თრილერის ავტორებმა მეორე ნაწილი გამოუშვეს სახელად: "მესი "ბარსელონადან" მიდის". რატომ წერს Marca ასეთ სიახლეებს დერბისა და "კლასიკოს" წინ? ნუთუ ეს დამთხვევაა?
საუბარი ხომ Marca-ზეა. "კლასიკომდე" სამი კვირით ადრე მადრიდი მზად არის მეტოქის მწყობრიდან გამოსაყვანად ყველაფერი გააკეთოს - ლიონელ მესის კონტრაქტის თაობაზე კარგი ჭორის გამოგონების ჩათვლით.
საქმე ისაა, რომ "ბარსელონას" გავრცელებული ინფორმაციის ახლავე უარყოფა არ შეუძლია, რადგან მესი არგენტინის ნაკრების განკარგულებაშია და ფეხბურთელთან დროებით ახლო კავშირი არ აქვს.
ლეოს კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი რომ არ ჰქონოდა, ამის შესახებ "ბარსელონას" ოფიციალურ საიტზე გავიგებდით და არა მადრიდული გამოცემის გვერდზე, კლასიკომდე 1 თვით ადრე.
როგორ აღიქვამს განვითარებულ მოვლენებს SPORT?
Sport კომპრომისზე არ მიდის და იტყობინება, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი მზადაა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ მხოლოდ ახალი წლის შემდეგ.
მესის ამგვარად სურს დარწმუნდეს, რომ "ბარსელონა" სათანადოდ ექცევა წამყვან ფეხბურთელებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლიდერის კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.
რაში მდგომარეობს რეალური პრობლემა?
AS იტყობინება, რომ "ბარსელონას", ფინანსური ფეარ-პლეის გამო, ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე პრობლემები აქვს.
წყაროს ინფორმაციით, მესის ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კლუბს, შესაძლოა, ფინანსური ფეარ-პლეის წესების შესაბამისად პრობლემები შეექმნას. უეფას პარამეტრებით, სახელფასო პროგრამის თანაფარდობა კლუბის საერთო შემოსავლის 65%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
2015 წელს, "ბარსელონას" სახელფასო პროგრამა შემოსავლებიდან 63%-ს შეადგენდა.
"ჩვენ უფრო ეკონომიურები უნდა გავხდეთ. ამ მომენტისთვის ციფრი 65%-მდე გავზარდეთ. უნდა გავაფორმოთ ახალი კონტრაქტები ჩვენს ფეხბურთელებთან იმ პირობებით, რომლებიც "ბარსელონას" საშუალებას მისცემს, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს." - განაცხადა "ბარსას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ.
კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა, ან მეორეხარისხოვანი მოთამაშეების ანაზღაურების შემცირება მოუწევს. ნაკლები შანსია იმისა, რომ მეორე ვარიანტს "ბარსელონას" რომელიმე წევრი დათანხმდეს.
რაც ყველაზე მთავარია "ბარსელონა" ეტაპობრივად ცდილობს ლიდერთა შენარჩუნებას. სუსანა მონხემ (კლუბის ეკონომიკური ვიცე-პრეზიდენტი) განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" ეკონომიკა ამჟამად ისტორიაში საუკეთესო წერტილზე დგას.
შესაბამისად, ფინანსური ფეარ-პლეის დაცვით "ბარსელონა" მესის დამსახურებულ პირობებს შეუქმნის. ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ბართომეუზე იმედები დავამყაროთ და დაველოდოთ, თუ როდის იპოვის "ბლაუგრანას" პრეზიდენტი გამოსავალს ამ სიტუაციიდან.
ერთი რამ ნათელია. ყველა პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს და რეალურად სიტუაცია ისეთი საგანგაშო არ არის, როგორც ამას Marca აღწერს.
სპეციალურად Barcamania.ge-სთვის...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]