ატლეტიკო-ბარსელონა - მსაჯების ვინაობა ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრების მსაჯების ვინაობა გაამხილა.
ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს "ატლეტიკო" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან, ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.
37 წლის არბიტრს "ბარსელონას" შეხვედრაში 12-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებს 11 მოგება და 1 ფრე აქვთ. მუნუერამ "ბარსას" ფეხბურთელები 20-ჯერ გააფრთხილა და ერთხელ მოედნიდან გააძევა (ანსუ ფატი). "ბლაუგრანას" კარში მას თერთმეტმეტრიანი არასდროს დაუნიშნავს. მეტოქე გუნდების ანგარიშზეც 20 ყვითელი და 1 წითელი ბარათია, "ბარსას" სასარგებლოდ კი მუნუერამ 3 პენალტი დანიშნა. სწორედ მის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა ხავიერ მასკერანომ "ბარსას" მაისურით ერთადერთი გოლი.
"ატლეტიკოს" მატჩში მუნუერას 7-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებმა 5-ჯერ მოიგეს და 2-ჯერ წააგეს. ამ 7 მატჩში მუნუერამ ერთი წითელი ბარათი აჩვენა და ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ორივე შემთხვევაში მან "ატლეტიკოს" საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო თვეებში ესპანურ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან დიდი როლი ენიჭება იმას, თუ ვინაა ვიდეორეფერი. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ეს მისია რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას დაეკისრა. "ბარსელონას" მისი მონაწილეობით ჩატარებულ 17 თამაშში 13 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა 38 ყვითელი ბარათი მიიღეს. მათ არც წითელი ბარათი მიუღიათ და ბენგოეჩეას "ბარსას" კარში არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს. საპირისპიროდ, ამ არბიტრმა "ბარსას" მეტოქეების 4 ფეხბურთელი გააძევა (ერთხელ თამაშში 2), ხოლო "ბლაუგრანას" სასარგებლოდ 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელთაგანაც კატალონიელებმა მხოლოდ 3 გამოიყენეს. სწორედ ბენგოეჩეამ მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წელს გამართულ "ელ კლასიკოში" კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან სიმულაციის გამო გაეძევებინა.
ბურგოს ბენგოეჩეას მსაჯობით "ატლეტიკოს", 15 თამაშში, 10 მოგება, 4 ფრედ და 1 წაგება აქვს. 34 წლის არბიტრმა მადრიდელთა კარში 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო მეტოქეს 2 ფეხბურთელი გაუძევა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]