რამ შეუშალა ხელი ბარსას ვილიალიბრეს გაფორმებაში
როგორც ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელი, ასიერ ვილიალიბრე, რომელმაც გუშინ „ბარსასთან“ ანგარიში გაათანაბრა და რომელისთვის იდაყვის ჩარტყმის გამოც ლეო მესი მოედნიდან გააძევეს, კატალონიურ გრანდში გადასვლასთან ახლოს იყო.
23 წლის ფეხბურთელმა 2017-2018 წლების სეზონი იჯარით „ვალიადოლიდში“ გაატარა, შემდეგ კი „ლორკაში“ გაანათხოვრეს. ამ დროის განმავლობაში, მან 29 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი მიითვალა. თუმცა, ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ბასკმა „ბარსელონას“ ყურადღება მაინც მიიქცია. ბუნებრივია, ასიერი სარეზერვო გუნდისთვის განიხილებოდა. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ პირველ გუნდამდეც მოეღწია და დღეს სწორედ მესის თანაგუნდელი ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ „ბლაუგრანა“ ვილიალიბრეს ტრანსფერის განხორციელებას ბოლო მომენტამდე ცდილობდა, შეთანხმება არ შედგა, რაშიც გარკვეული წვლილი „ბილბაოს“ დირექტორ რაფა ალკორტას მიუძღვის, რომელმაც ახალგაზრდა მოთამაშე ქვედა დივიზიონში საასპარეზოდ ვერ გაიმეტა და არ გაყიდა.
საბოლოოდ, ასიერის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, „ლურჯ-ბროწულსიფერებმა“ “ალბასეტედან“ ალბანელი რეი მანაი დაიმატეს.
რაც შეეხება ვილიალიბრეს, ის „ატლეტიკში“ დააწინაურეს, თუმცა ბასკთა ყოფილი მწვრთნელის, გაისკა გარიტანოს თავკაცობით დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]