ელ კლასიკოს შესაძლო დებიუტანტები
საფეხბურთო სამყარო მნიშვნელოვანი დაპირისპირების მოლოდინშია. დღეს "ბარსელონა" და "რეალს" შორის, დიდი ალბათობით, ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მატჩი გაიმართება.
ორივე გუნდის რიგებში ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც "ელ კლასიკოს" იმ შემართებით ხვდებიან, რომ მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივ საფეხბურთო დაპირისპირებაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ. "ბარსას" მხრიდან საუბარი გვაქვს რონალდ არაუხოზე, ოსკარ მინგესაზე, ჟუნიორ ფირპოზე, მირალემ პიანიჩზე, რიკი პუჩსა და ილაიშ მორიბაზე, "რეალიდან" კი - ედერ მილიტაოსა და ალვარო ოდრიოსოლაზე.
ამ ფეხბურთელებიდან "კლასიკოს" სასტარტო შემადგენლობაში დაწყების ყველაზე დიდი შანსი აქვთ არაუხოსა და მინგესას, რომლებიც მიმდინარე სეზონში "ბარსას" დაცვას რეგურალურად ამაგრებენ და მილიტაოს, რომლის ხილვაც სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის არყოფნის გამო სავარაუდოა.
მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ მოთამაშეებს "ელ კლასიკოში" მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ, პიანიჩსა და ფირპოს წარსულში "რეალთან" უკვე უთამაშიათ, ხოლო ოდრიოსოლას - "ბარსასთან", როდესაც იგი "სოსიედადში" გამოდიოდა.
პიანიჩს "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშია. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ბოსნიელი ნახევარმცველის "ლიონში" ყოფნის დროს ჩემპიონთა ლიგის 2009/10 წლების სეზონის 1/8-ფინალურ დაპირისპირების განმეორებით მატჩში "თეთრების" წინააღმდეგ გატანილი გოლი, რომლის წყალობითაც ფრანგებმა მადრიდული გუნდი ტურნირიდან გამოთიშეს.
რაც შეეხება ფირპოს, გაესპანელებულ დომენიკელ მარცხენა მცველს "რეალთან" 2 შეხვედრა ჩაუტარებია, როდესაც "ბეტისში" თამაშობდა. აქედან გამოსარჩევია "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი, რომელიც ჟუნიორის გუნდმა მოიგო, თავად მან კი ასისტი მიითვალა.
საინტერესოა, მისცემენ თუ არა რონალდ კუმანი და ზინედინ ზიდანი ამ ფეხბურთელებს სათამაშო დროს "ელ კლასიკოში", რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]