ალბერტ ფერერი: რაც კუმანმა ამ სეზონში გააკეთა, ტიტულებზე მნიშვნელოვანია
ალბერტ "ჩაპი" ფერერი ის ფეხბურთელია, რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს "ელ კლასიკოში" თამაში. ის ასევე კარგად იცნობს რონალდ კუმანს, რადგან სწორედ მასთან ერთად თამაშობდა კრუიფის "ოცნების გუნდში". The Sun-თან ინტერვიუში ფერერი "ბარსელონაში" ჰოლანდიელი მწვრთნელის მიერ ჩატარებულ სამუშაოს აფასებს და აღნიშნავს, რომ კუმანის პროექტმა გაამართლა. ეს კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ლა ლიგა ან რომელიმე ტიტული.
"არ ვიცი, "ბარსელონა" ამ სეზონში შეძლებს თუ არა ტიტულების მოგებას, მაგრამ რასაც კუმანმა მიაღწია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მისცა, მათთან მუშაობა დაიწყო და შუა სეზონზე ახალი პროექტი შექმნა", - განაცხადა ფერერმა.
ესპანელი მცველი ლიონელ მესის ფაქტორსაც შეეხო. მისი თქმით, მესი ახლა დარწმუნებულია იმაში, რასაც გუნდი და კუმანი აკეთებს.
"მჯერა, რომ მესი თავს ახლა კომფორტულად გრძნობს. 14 წლის განმავლობაში მის მხრებზე იყო კლუბის წარმატება და დადგა კრიტიკული მომენტი, როდესაც მას დახმარება სჭირდებოდა, კუმანი კი სწორედ ამ დროს მოვიდა. ახლა გუნდში გაცილებით მეტი ფეხბურთელია, რომელთაც მესი ეყრდნობა. არგენტინელი ნიჭიერი ახალგაზრდებითაა გარშემორტყმული, არსებული პროექტი კი მას დარჩენაში დაარწმუნებს", - ციტირებს ფერერის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]