მესიმ რონალდუს გადაასწრო
"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ "იუვენტუსის" პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლების რაოდენობით უკან ჩამოიტოვა.
გუშინ არგენტინასა და ჩილეს შორის გამართულ მატჩში მესიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსას" კაპიტნისთვის კარიერაში ეს 57-ე ჯარიმა აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საჯარიმოდან უკვე რონალდუზე (56) მეტი გოლი დაუგროვდა.
MD-ს ცნობით, მესი ასევე გახდა მოქმედი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა აქვს.
ლეოს 57 ჯარიმიდან 50 "ბარსელონაზე" მოდის, 7 კი - არგენტინაზე. რაც შეეხება კრიშტიანუს, მან 56 ჯარიმიდან 13 "მანჩესტერ იუნაიტედში" გაიტანა, 32 - "რეალში", 10 - პორტუგალიის ნაკრებში, 1 კი - "იუვენტუსში".
ცნობისთვის, სულ რაღაც 4 წლის წინ რონალდუს ანგარიშზე 49 გატანილი ჯარიმა იყო, მესის აქტივში კი - 31. ლეოს მიღწევა კიდევ უფრო აშკარა რომ გახდეს, აქვე დავძენთ, რომ 2011 წლისთვის პორტუგალიელი 30 ჯარიმას მოითვლიდა, არგენტინელი კი - მხოლოდ 4-ს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]